ავტორი:

მუკორმიკოზი: ინდოეთში კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ზოგიერთი პაციენტი იშვიათი ინფექციით დაავადდა - "25 წლის ქალი თვალის გარეშე დარჩა"

მუკორმიკოზი: ინდოეთში კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ზოგიერთი პაციენტი იშვიათი ინფექციით დაავადდა - "25 წლის ქალი თვალის გარეშე დარჩა"

კორონავირუსის მეორე ტალღამ ინდოეთზე უმძიმესი გავლენა მოახდინა. ქვეყანაში ყოველდღიურად ინფიცირებულთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. თუმცა სირთულე, ცხადია, მხოლოდ ეს არ არის. როგორც BBC წერს, პოსტ კოვიდურ პერიოდში იმატა აქამდე უიშვიათესმა სოკოვანმა დაავადებამ, მუკორმიკოზმა, რომელსაც "შავ სოკოსაც" უწოდებენ.

გამოცემა მუმბაიში მცხოვრებ და მომუშავე თვალის ქირურგზე, ექიმ ექში ნაირზე დაყრდნობით გვიყვება, რომ 25 წლის ქალს, რომელმაც სამი კვირის წინ კორონავირუსი დაამარცხა, მუკორმიკოზი განუვითარდა. აღნიშნულის გამო კი ქალს გასულ შაბათს ოპერაცია ჩაუტარდა და თვალი დაკარგა.

ოპერაციის შედეგად უნდა გაესუფთავებინათ ქსოვილი სოკოვანი ინფექციის გამო დაზიანებული ნაწილისგან. ექიმის თქმით, ეს აგრესიული ინფექცია გავლენას ახდენს ცხვირზე, თვალებზე და ხანდახან ტვინზე.

3-საათიანი ოპერაციის შემდეგ, პაციენტი თვალის გარეშე დარჩა. "ეს უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე გადამერჩინა. სამწუხაროდ, ეს დაავადება ასეთია", - ამბობს ექიმი.

  • რა არის მუკორმიკოზი?

მუკორმიკოზი არის ძალიან იშვიათი ინფექცია, სოკოვანი დაავადება, რომელიც დაბალი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში იჩენს თავს. სიცოცხლისთვის შესაძლოა საშიში იყოს, რადგანაც გავლენას ახდენს სასუნთქ გზებსა და ტვინზე. სიცოცხლისთვის საშიშია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ შეხვდებათ დიაბეტით დაავადებულებს, აივ ინფიცირებულებს, ან ადამიანებს, რომლებიც სიმსივნეს ებრძვიან.

ექიმი ექში ნაირი, რომელიც მუმბაიში სამ კლინიკაში მუშაობს, ამბობს, რომ აპრილში მან 40 პაციენტი აღწერა ამ დაავადებით და ყველა მათგანს ინფექცია კორონავირუსის გადატანის შემდეგ განუვითარდა. ექიმის თქმით, უმეტეს მათგანს ჰქონდა დიაბეტი და კორონავირუსისგან სახლის პირობებში გამოჯანმრთელდა. 40-დან 11-მა აღნიშნული ინფექციის გამო თვალი დაკარგა.

როგორც BBC წერს, დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდში, ინდოეთის 5 ქალაქში, გამოვლენილია მუკორმიკოზის 58 მსგავსი შემთხვევა.

ექიმები ამბობენ, რომ გაკვირვებულნი არიან მეორე ტალღის დროს ამ სოკოვანი ინფექციის სიმძიმითა და სიხშირით. ექიმი ნაირი BBC-სთან ამბობს, რომ მუმბაიში, გასული ორი წლის განმავლობაში მუკორმიკოზის 10-ზე მეტი შემთხვევა არ გამოვლენილა. "ეს წელი რაღაც განსხვავებულია“, - აღნიშნავს ის.

  • პაციენტებს, რომლებსაც აღნიშნული სოკოვანი ინფექცია აქვთ, აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები - ცხვირიდან სისხლდენა, თვალების შეშუპება და ტკივილი, ქუთუთოების ჩამოშვება, ჯერ მხედველობის გაუარესება, ხოლო შემდეგ დაკარგვა, ასევე შესაძლოა, ცხვირის გარშემო გაჩნდეს შავი ლაქები.

ექიმების განმარტებით, პაციენტები მათ გვიან მიმართავენ, მაშინ, როცა მხედველობა უკვე დაკარგული აქვთ, ამიტომაც, ასეთ დროს საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რათა ინფექცია უფრო მეტად არ გავრცელდეს, ტვინი არ დაზიანდეს და ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდეს. ოპერაციის შედეგად, ხშირ შემთხვევაში პაციენტი თვალის გარეშე რჩება.

წყარო: BBC.com

საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს "ფაიზერის“ ვაქცინის 2 მილიარდ დოზას მიაწვდიან - რას ამბობს "ფაიზერის" ხელმძღვანელი

ომის დასრულებით გამოწვეული სიხარული და ბედნიერი ბავშვები - რა ხდებოდა ღაზის ქუჩებში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ (ფოტოები)

ინდოეთში შესაძლოა, "შავი სოკოს" ეპიდემია გამოცხადდეს - დეტალები დაავადებაზე, რომელიც ადამიანებს კორონავირუსის გადატანის შემდეგ განუვითარდათ