ავტორი:

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამ საკითხზე სერიოზული განხეთქილებაა" - რას ამბობს სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობასა" და ოპოზიციაში შექმნილ ვითარებაზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" ამ საკითხზე სერიოზული განხეთქილებაა" - რას ამბობს სალომე სამადაშვილი "ნაცმოძრაობასა" და ოპოზიციაში შექმნილ ვითარებაზე

ორთვენახევრიანი პატიმრობის შემდეგ, 10 მაისს, ევროკავშირის ეგიდით გადახდილი გირაოს საფუძველზე, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია გათავისუფლდა. როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ სულისჩამდგმელმა სააკაშვილმა განაცხადა, "მელიას გათავისუფლებით ქვეყანაში ბრძოლის მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება“. ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება საკითხი - დანარჩენი ოპოზიციის მსგავსად, მოაწერენ თუ არა შეთანხმების დოკუმენტს ხელს ნიკა მელია და მისი პარტია, რითაც პარლამენტში შესვლასაც გააფორმებენ. სწორედ მიშელის დოკუმენტი იყო ის, რამაც ოპოზიციაში ბზარი გააჩინა - ოპოზიცია ხელმომწერებად და "ნაციონალებად" დაყო. იმასაც ამბობენ, რომ თავად "ნაციონალურ მოძრაობაშია“ განხეთქილება და აზრთა სხვადასხვაობა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. მანამდე პარტიის ნების წინააღმდეგ მისი ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი წავიდა, რომელიც გუნდს გაემიჯნა, მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა და თანაპარტიელების რისხვაც დაიმსახურა. როგორც კულუარებში ამბობდნენ, სამადაშვილი, მედიაციის პროცესშივე, ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც "ნაციონალებიდან" პარლამენტში შესვლის იდეას (საუბარია "ნაციონალების" სიის ბიზნესმენ წევრებზე) ემხრობოდა, ხელმოწერამდე კი თავისი გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს გააცნო. წყაროს ინფორმაციით, სალომე სამადაშვილი შესაძლოა მალე "ლელოს“ საპარლამენტო ფრაქციაშიც ვიხილოთ.

ambebi.ge პარლამენტარსა და“ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრს სალომე სამადაშვილს ესაუბრა.

- ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, რა პოლიტიკური პროცესები წავა ქვეყანაში, "ბრუნდება დინამიკა“, როგორც ექსპერტმა გია ხუხაშვილმა თქვა?

- მე მგონი, გასაგებია, რომ ამ ეტაპზე შემდეგი პოლიტიკური ბრძოლა ადგილობრივ არჩევნებზე გაიმართება, რომელიც ძალიან მალე იქნება. რეალურად, ალბათ დაგვიანებულიც კია ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების დაწყება იმიტომ, რომ ვფიქრობ, ყოველ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ როდესაც "ნაციონალურმა მოძრაობამ“ უარი თქვა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერაზე, თავდასხმა დაიწყო, შეიძლება ითქვას, ცეცხლი გაიხსნა ხელმომწერების მისამართით, რამაც ბზარი გააჩინა ოპოზიციაში. არ ვიცი ახლა, როგორ მოხდება ამ ყველაფრის გადალაგება. ფაქტია, ხელმოწერამდე ოპოზიცია უფრო ერთიანი იყო, ვიდრე მას შემდეგ. ვერ გეტყვით, რა იქნება, გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები და ვნახოთ, როგორ ჩამოყალიბდება ოპოზიცია და როგორ დალაგდება პოლიტიკურ პროცესებში შემდგომი ეტაპი ადგილობრივი არჩევნების მოსამზადებლად..

- მართლაც არის ბზარი ოპოზიციაში და როგორ ფიქრობთ, ოპოზიციის ერთიანობა არის თუ არა მთავარი პირობა საბოლოო მიზნის - ვადამდელი არჩევნების მისაღწევად? ახლად გათავისუფლებულმა მელიამაც თქვა, ერთიანობაზე მეტად პარტიათა შორის კოორდინაცია უფრო აუცილებელია, რადგან საერთო მაჟორიტარების გამოკვეთის გარეშე, თბილისის ათივე ოლქს "ქართული ოცნება“ მოიგებსო...

- ვფიქრობ, ფორმულა ის არის, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა "ქართულმა ოცნებამ“ ვერ აიღოს ხმების ის რაოდენობა, რომელიც მას მისცემს შესაძლებლობას, რომ 2022-ში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ოპოზიციის სტარატეგია უნდა იყოს მიმართული ამ მთავარი მიზნისკენ და მეორე, ასევე მნიშვნელოვანი სტრატეგიული ამოცანაა, თბილისში და დიდ ქალაქებში მერების არჩევნების მოგება. უნდა დავსხდეთ და ყველამ კარგად შევისწავლოთ დღევანდელი მოცემულობის, არჩევნების ის შედეგები, რომლებიც იყო და შესაბამისი სტრატეგია დაიგეგმოს. ყველა რომ ვერ გაერთიანდება, ეს გასაგებია იმიტომ, რომ პოლიტიკურმა პროცესებმა მათ შორის სერიოზული განსხვავებები წარმოაჩინა, მაგალითად, "ნაციონალებსა" და დანარჩენ ხელმომწერ მხარეებს შორის. შესაბამისად, მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი შეიქმნა და ჩემი აზრით, ახალი ოპოზიციური ფლანგი გამოიკვეთა. საბოლოო მიზნის მისაღწევად კოორდინაცია უფრო აუცილებელია, ვინაიდან არსებობს სერიოზული განსხვავებები პოლიტიკურ ხედვებში, ღირებულებებში და ა.შ. ამიტომ ერთიანობა ვერ შედგება, გამორიცხულია.

- მანამდე, ჯერ ალბათ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელი უნდა მოაწეროს მიშელის შეთანხმების დოკუმენტს. თქვენი აზრით, შევა პარლამენტში ეს ოპოზიციური ფლანგი და არის თუ არა პარტიის შესვლა გირაოს პირობა? როცა მელიას შეხვდით, ამ საკითხზე თუ გქონდათ საუბარი?

- არ მგონია, რომ პარტიის პარლამენტში შესვლა-არშესვლის თემა გირაოსთან იყოს დაკავშირებული. ვერ გეტყვით, როგორ და რაზე ჩამოყალიბდება "ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ, რომ თვითონ პარტიის რიგებში ამ საკითხზე სერიოზული განხეთქილებაა.

- თქვენს გეგმებზე რას გვეტყვით? კულუარულად ვრცელდება ინფორმაცია თქვენი პარტია“ლელოში“ გაწევრებაზე, თუ მასთან მხოლოდ ფრაქციაში გაერთიანებით შემოიფარგლებით?

- შემიძლია ამ ეტაპზე მხოლოდ ის გითხრათ, რომ მისი ღირებულებებიდან გამომდინარე, "ლელო“ არის ძალიან საინტერესო პოლიტიკური მომავლის მქონე მოთამაშე. მიმაჩნია, რომ ხელმომწერი პარტიები უნდა იყვნენ პარტნიორები, ერთიანი ფრონტი უნდა იყოს ხელმომწერებს შორის კოორდინაციის თვალსაზრისით. თანამშრომლობის როგორ სტრუქტურას ვალაგებთ, ვფიქრობ, ეს არის მომავლის საკითხი, რომელზეც ჩვენ ჩამოვყალიბდებით. მიმაჩნია, რომ ვინც მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, ალბათ ყველა პარტია თანამოაზრეა.

- როგორც ვარაუდობენ, პოლიტიკურ არენაზე ახალი ძალების გამოსვლა ამინდს შეცვლის - გახარიაც და ვასაძეც "ოცნების“ პროცენტებს წაიღებს... ეს ზრდის იმის ალბათობას, რომ ვადამდელი არჩევნები უცილობლად იქნება?

- ვფიქრობ, რაც უფრო დანაწევრდება "ქართული ოცნების“ ხმები, ვადამდელი არჩევნების ალბათობა გაიზრდება. "ქართულ ოცნებას“ ყველა შემთხვევაში გაუჭირდება 43%-იანი ბარიერის გადალახვა, მაგრამ თუ ამ ველზე სხვა მოთამაშეები იქნებიან, ვინც მათ ხმებს წაიღებს, ცხადია, უფრო გართულდება ყველაფერი.

- მიხეილ სააკაშვილმა "დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მას "გასაგიჟებელი მხარდაჭერა“ აქვს, მოემზადება მის ძალასთან ერთად და აუცილებლად შეცვლის ხელისუფლებას...

- სააკაშვილს აქვს მხარდაჭერა, რაც დასტურდება "ნაციონალების" რეიტინგით. მთავარი ფაქტორი ამ მხარდაჭერისა არის მიშა. 9 წელია, რაც ის პოლიტიკური დევნილია და მიუხედავად ამისა, პარტია გავლენიანია და აქვს დიდი მხარდაჭერა, რაც სერიოზული მიღწევაა. პრობლემა კი ისაა, რომ მისი მხარდამჭერების რიცხვი არ იზრდება.

- ოფიციალურად როდის ტოვებთ "ნაციონალურ მოძრაობას“? აპირებთ შეხვდეთ ნიკა მელიას და მას შემდეგ გააფორმოთ წასვლა, როგორც ადრე თქვით?

- მე ეს მყარად მაქვს გადაწყვეტილი და გადაწყვეტილება არ გადაიხედება.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"კამათი იყო ერთადერთ ნაწილზე..." - რას ამბობს იაგო ხვიჩია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ

"ბევრ რამეზე შევთანხმდით..." - სალომე სამადაშვილი საარჩევნო რეფორმაზე