ავტორი:

"მისი სიკვდილით ჩემთვის რაღაც დაიხურა... იყო პერიოდი, როცა აღარაფერი მაინტერესებდა" - ტრაგედია, რომელმაც ცნობილი კომპოზიტორი მუსიკას ჩამოაშორა

"მისი სიკვდილით ჩემთვის რაღაც დაიხურა... იყო პერიოდი, როცა აღარაფერი მაინტერესებდა" - ტრაგედია, რომელმაც ცნობილი კომპოზიტორი მუსიკას ჩამოაშორა

ყველასთვის ცნობილი კომპოზიტორი ნატო გელაშვილი წლებია მუსიკას ჩამოშორდა. ამის მიზეზი მის ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიაა, რომელიც ძმას უკავშირდება.

"მთავარი არხის" გადაცემაში "მხოლოდ ლელასთან" ნატო გელაშვილი მისი ცხოვრების ყველაზე ძვირფას ადამიანზე და მასთან დაკავშირებულ უმძიმეს პერიოდზე პირველად საუბრობს.

"რამდენჯერმე მომინდა შეხება ამ თემასთან და მივხვდი რომ არ შემეძლო... ამ თემას მუსიკითაც არ უნდა შევხებოდი. ამიტომ ძირითადად პოეზიაში გადავიტანე. ფურცელთან დავიწყე მეგობრობა, ბევრი ვწერე და იქ დავიცალე. ეს არის შემთხვევა, როცა მუსიკა გაიყინა. ეს რეალობაა და ახლაღა ვუბრუნდები მუსიკას.

ამის მიზეზი არის ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანი, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა. სულ ვამბობ, არ შეიძლება, ასე ძალიან გიყვარდეს. ეს იყო ჩემი ძმა. ბევრი ტრაგიკული რამ ხდება ცხოვრებაში, მაგრამ ჩემთვის ამ ერთ ადამიანში იყო მოცული ყველაფერი. ყველაზე დიდი გულშემატკივარი იყო. ადამიანი, რომელსაც ყველაზე ძალიან უყვარდა ნატო.

მამუკას რომ დაჭირდებოდა, მე შემეძლო ორივე შვილი დამეტოვა... ვიცოდი რომ ბავშვებს მიხედავდა ვინმე, მაგრამ მე მას ვჭირდებოდი. მე ყოველდღე ჩავდიოდი ბორჯომში მასთან. ეს იყო ზე-დედმამიშვილობა. იმის მერე მეშინია სულ ზე-სიყვარულის. ასე მეგონა, რომ ის იყო სამყარო ჩემი. მიუხედავად იმისა რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, მალევე წავიდა დედა და მამა, მე უბრალოდ ისინი გავაცილე. მე მათ მამუკა რომ მოკვდა, მაშინვე დავემშვიდობე. ვიცოდი, რომ ეს ის ოჯახი იყო, რომელიც დიდხანს ვერ გასტანდა.

2013 წელს მოხდა ეს ტრაგედია. ჩემთვის რაღაც დაიხურა. ის ყველაზე მეტად ელოდებოდა ჩემგან. ის იყო საოცარი შემფასებელი და სტიმულატორი. მშიშარა ვიყავი და სულ მეუბნეოდა, მიდი შენ შეძლებ, გამოგივაო. ვერ ძღებოდა მისი დით. ჩემთვისაც ის იყო სამყარო.

ამ 8 წელს დავარქმევდი მდუმარე ნატოს, დაკარგულ 8 წელს. იყო პერიოდი, როცა ნატოც დავკარგე, რადგან არაფერი მაინტერესებდა, თუმცა ჩემი შვილები იმხელა მადლია, რომ ყველა ძალა გამოვიყეენე, რომ მათ გამო ფეხზე დავმდგარიყავი. პირველი, რამაც ამაყენა იყო ის, რომ ვიცოდი, მას ასეთი არ მოვეწონებოდი. ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ნატო დაბრუნდა. ნატო დაბრუნდა სრულად. ახლა როდის რას დავწერ, ეს ჯერ არ ვიცი. წამომივა ემოციები და... რაღაცას ვიპოვი რომ დავწერო" - ამბობს ნატო გელაშვილი.

დათო ხუჯაძის ქორწილის ამსახველი კადრები - როგორი ქორწილი გადაიხადა მომღერალმა ჩაქვში

ეკოპროექტი "გამოღვიძება" - "ბლექ სი არენა“ და "მუსიკოსთა პარკი“ ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლების ინოვაციურ პროექტს ახორციელებს

განსხვავებული საფესტივალო სივრცე და საქართველოში აღიარებული არტისტები Festival “Haerze”