ავტორი:

ამაოებაა ამაოებათა ის, რაზეც ახლა გულს იხეთქავ, რის გამოც ასე დაზაფრულა შენი გონება, რამაც დაგამძიმა და აგაფორიაქა...

ამაოებაა ამაოებათა ის, რაზეც ახლა გულს იხეთქავ, რის გამოც ასე დაზაფრულა შენი გონება, რამაც დაგამძიმა და აგაფორიაქა...

17 მაისს „ბიბლიის განმარტებების“ 22-ე ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ უკვე ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

***

სარკმლიდან შორს, სიმყუდროვეში გასაოცრად გალობს ჩიტი... სამყაროს ყველა ხმიანობაზე უფრო მშვიდი გალობით... თუ ყველა ფიქრს გადადებ გვერდზე და მიუყურადებ, აუცილებლად გეტყვის, რომ ამაოებაა ამაოებათა ის, რაზეც ახლა გულს იხეთქავ, რის გამოც ასე დაზაფრულა შენი გონება, რამაც დაგამძიმა და აგაფორიაქა...

გეტყვის იმასაც, რომ მე, ერთი ჩიტიც კი არ დავვარდები უფლის ნების გარეშე და შენ რამ შეგაშინაო, ადამიანო...

ახლა რომ გამოსავალი ვერ გიპოვია, განა არ იცი, რომ უფლისთვის შეუძლებელი არაფერიაო?

მაშ, მოდი და ერთად ვადიდოთ ღმერთი სიყვარულით და ყველაფერი კარგად იქნებაო...

აი, ამდენ რამეებს გეტყვის ის პატარა ჩიტი... თუკი მოუსმენ... ოღონდ მოსმენა უნდა შეძლო...

ნურაფრის ნუ გეშინიათ.

***

სად ვცდებით იცი? შენ რომ ჩემი დაცემა დაინახე და ამის გამო განმიკითხე, ის ხომ არ დაგინახავს, ჩემს გულში როგორი სინანულია? ღმერთი კი... ღმერთი სულ სხვა მხრიდან გვხედავს - სინანულია ის, რის გამოც უფალი ადამიანს აცხონებს და არა ჩვენი მართალი ცხოვრება.

ჰოდა სხვისი საქმეების გამოძიების ნაცვლად, საკუთარი სინანული რომ ვეძებოთ ჩვენსავე გულებში, ეს იქნებოდა საუკეთესო მდგომარეობა ჩემი, შენი, სხვისი ცხონებისათვის...

ახლა კი რითია დაკავებული ჩვენი გონება? ნახე, ამან რა გააკეთა, იმან რა თქვა, ეს რა დაცემული ყოფილა... და ჩვენ? ჩვენ რა მდგომარეობაში ვართ?

განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვა ძმათა ჩვენთა - მოგვმადლე უფალო. ეფრემ ასურის ლოცვის კითხვა ხვალ დილას დასრულდება.

შეგვეწიოს წმინდა მამა, რომ სინანულით გავლიოთ დღეები...

***

მოგვეშველე, ყოვლადწმინდა დედაო, უტკბილესო და უსათნოესო... მოგვეშველე, გევედრები... ბოღმის, ბრაზის, უიმედობის, უნდობლობის მორევში ვიხრჩობით... სიცრუის ტყვეობაში ავიხლართეთ... შიშმა შეგვიპყრო... რწმენა არცა გვქონია და რას დავკარგავდით... მარტო იმას ვხვდებით ყველანი, რომ ძალიან დავიღალეთ... მეტი ვერაფერი შევძელით... ან რა უნდა შეგვძლებოდა უღმერთოებს... მოგვეშველე, რომ აგვეხილოს ეს დაბრმავებული თვალები და გაგვეხსნას ეს დახშული გულისკარი... რომ სიცოცხლის წყარომ აავსოს ჩვენი უიმედობა... შენ ხომ მთელი კაცობრიობის მეოხი ხარ უფლის წინაშე... მოგვეშველე და გამოგვაღვიძე ამ არყოფნიდან ყოფნაში... გაგვიძეხი უფლისკენ, ჩემო დედა ღვთისმშობელო, გთხოვ, შეგვეწიე...

***

ზოგჯერ ხდება, რომ რაღაც დიდი ტკივილი გაქვს, სულიერი ან ფიზიკური, იხარშები ამ შენს ტკივილში და გრძნობ, რომ მოთმინების ზღვარს მიაღწიე... არა, მეტი ნამდვილად არ შეგიძლია... ისიც არ იცი, რა გააკეთო, თორემ რამის შეცვლა რომ შეგეძლოს, ხომ შეცვლიდი... ჰოდა სწორედ ამ დროს სხვა ადამიანი მოგმართავს ზუსტად იგივე ტკივილით და დახმარებას გთხოვს... უსმენ გულისყურით და თითქოს შენს საკუთარ განცდებზე გესაუბრება - შენც მთელი გულწრფელობით ანუგეშებ, როგორც შეგიძლია, დაეხმარები... წავა ის შენგან ნუგეშცემული, დარჩები და ფიქრობ, რატომ გამოგზავნა ღმერთმა მაინცდამაინც შენთან, მაინცდამაინც ახლა? იმიტომ, რომ მოყვასის ნუგეშისცემით შენ განუგეშა... შენ გითხრა, რომ უნდა გაძლიერდე, მყარად უნდა იდგე... რომ დათმენის ზღვარი არ არსებობს ისევე, როგორც უსასრულოა სიყვარული... რომ შენი სულის სამჭედლოა ყველა განსაცდელი და ეს შენი გადარჩენისთვის არის საჭირო... რომ ნუ გეშინია ნურაფრის! რომ უნდა მადლობდე ღმერთს ყველაფრისთვის!

***

ბიბლიის განმარტებების 22-ე ტომში შესულია მოციქულთა კათოლიკე ეპისტოლეები (პირველი პეტრესი, მეორე პეტრესი, პირველი იოანესი, მეორე იოანესი, მესამე იოანესი, იუდასი) და წმინდა პავლე მოციქულის ეპისტოლე რომაელთა მიმართ.

17 მაისიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, 22-ე ტომი! არ გამოგრჩეთ!

ბიბლუსი 13 წლისაა - რა სიურპრიზებს სთავაზობს ყველაზე დიდი წიგნების მაღაზია თავის მომხმარებლებს?

5 შთამბეჭდავი და შთამაგონებელი რამ, რასაც მიშელ ობამაზე გაიგებთ მისი წიგნიდან „როგორ გავხდი ის, რაც ვარ“

იცით, ვინ იყვნენ სინამდვილეში გეიშები?  - 13 მაისიდან პირველად ქართულ ენაზე "გეიშას მემუარები"