ავტორი:

"იმედია, არ აპირებენ სოხუმის აეროპორტი ბაშადის რომელიმე ბიზნესმენს ჩააბარონ..." - რას ემსახურება ბჟანიას სირიაში ვიზიტი?

"იმედია, არ აპირებენ სოხუმის აეროპორტი ბაშადის რომელიმე ბიზნესმენს ჩააბარონ..." - რას ემსახურება ბჟანიას სირიაში ვიზიტი?

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ე.წ. ოფიციალური ვიზიტით სირიაში იმყოფება. ასლან ბჟანიას ე.წ. პრესსამსახურის თანახმად, "დელეგაციის" შემადგენლობაში ე.წ. პარლამენტისა და მთავრობის წევრებიც არიან. შეხვედრები დღეიდან დაიწყება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ასლან ბჟანიას შეხვედრა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადისთან. ასევე, "აფხაზეთ-სირიის მთავრობათაშორისი კომისიის პირველი სხდომა“. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტ-გამოცემა Апсадгьыл-инфо ავრცელებს.

მისივე ცნობით, სირიის არაბულ რესპუბლიკაში ჩასული "აფხაზური დელეგაცია" და მათი მეთაური ასლან ბჟანია სირიის ტრანსპორტის მინისტრს, ზუხეირ ჰაზიმს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს აიმან სუსანსაც შეხვდება. აფხაზური მხრიდან სირიაში იმყოფებიან "პარლამენტის სახალხო კრების" ლიდერი ვალერი კვარჩია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალხას კვიცინია, "პირველი ვიცე-პრემიერი", ე.წ. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბესლან ჯოპუა, "დეპუტატი" ლევონ გალუსტიანი და სხვები...

ცნობილია, რომ რუსეთის მოკავშირე სირიის რეჟიმმა აფხაზეთის "დამოუკიდებლობა“ 2018 წლის მაისში აღიარა. 2020 წლის ოქტომბერში, სირიაში აფხაზეთის ე.წ. საელჩო გაიხსნა, დაინიშნა "ელჩი" ბაგრატ ხუტაბა.

მაშინ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ აღნიშნა, რომ „აფხაზეთის რესპუბლიკა სირიის არაბთა რესპუბლიკისთვის ხიდს წარმოადგენს, რომელიც სხვა სახელმწიფოებთან თანამშრომლობის პერსპექტივებს ხსნის“.

მაშინ მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს გახსნას იმ უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელება უწოდა, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად მიიღო 2018 წელს, რითიც კვლავაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. ეს აფხაზეთის პირველი ლიდერი არ არის, ვინც დამასკოს ე.წ. ოფიციალური ვიზიტით ეწვია - რუსეთის ეგიდით სირიაში ასევე იმყოფებოდა რაულ ხაჯიმბა. მისი "ხელმძღვანელობაში" ყოფნის დროს, სირიიდან აფხაზური ფესვების მქონე სირიელების რეპატრიაციის საკითხი აქტუალური იყო, პროექტი წარმატებულად არასდროს მიიჩნეოდა.

სირიაში ასლან ბჟანიას ვიზიტს, აფხაზეთის ადგილობრივი მოსახლეობა ეხმაურება. მათ სირიასთან დაკავშირებით, მხოლოდ აფხაზური ფესვების მქონე სირიელების რეპატრიაცია ახსენდებათ, რომელიც ე.წ. სახელისუფლებო მედიის აზრისგან განსხვავებით, არც ისე წარმატებულ პროექტად მიიჩნევა. მათი მოსაზრებით, რადიკალურად განსხვავებული მენტალობის, ასევე, ენობრივი ბარიერის გამო, სირიელების ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტეგრაცია ვერასდროს მოხდება. ასევე, იყო შემთხვევა, როდესაც სირიელმა ლტოლვილმა, რომელსაც აფხაზეთში დაბრუნებისას სხვა მოლოდინი ჰქონდა, სტრესს ვერ გაუძლო და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.

  • როგორ ეხმაურებიან აფხაზები ბჟანიას სირიულ ვიზიტს?

"არ მგონია, ბჟანიას ვიზიტი რეპატრიაციის პროცესს უკავშირდებოდეს. აფხაზეთი არ არის ის ქვეყანა, სადაც სირიელი ომგამოვლილი და დასტრესილი ადამიანები თავს ისე იგრძნობენ, როგორც ევროპის რომელიმე ქვეყანაში. დიდი ალბათობით, ეს ბიზნესის მოზიდვას ემსახურება. იმედია, არ აპირებენ სოხუმის აეროპორტი ბაშადის რომელიმე ბიზნესმენს ჩააბარონ..."- წერს ადგილობრივი დალი ხიშბა.

"გულრიფშში, სოხუმსა და გუდაუთაში უკვე 500-ზე მეტი სირიელი ჩასახლდა. კარგი იქნებოდა, ვინმეს ეკითხა, ჩვენ რამდენად ვიყავით მზად მათ მისაღებად. გასაგებია, რომ ამ ადამიანების წინაპრები, რუსეთის იმპერიამ ჯერ თურქეთში, შემდეგ კი სირიაში გაასახლა, მაგრამ ახლა სხვა რეალობა აქვს აფხაზეთს, უმძიმესი სოციალური ფონია და დამატებითი თავის ტკივილი ნამდვილად არ გვინდა. ვინც დაბრუნდნენ, ისინიც ვერ გრძნობენ თავს ლაღად და ბედნიერად... სათოფეზე არ გვეკარებიან და ისე ცხოვრობენ, როგორც კუნძულზე. ენა არ იციან, არც ჩვენ გვესმის არაბული. ჩვენს მთავრობას არ აქვს რესურსი, მათთვის ენის შემსწავლელი პროექტი გააკეთოს...

ეს იმიტომ ვახსენე, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, რა ინტერესი უნდა გვქონდეს სირიასთან, ეს არ არის განვითარებული და სტაბილური ქვეყანა და მისგან რა უნდა ვისწავლოთ. რა პროექტი უნდა გააკეთოს მასთან ერთად?.. ტურისტები იქიდან არ ჩამოვლენ, არ აქვთ ინტერესი. ღმერთმა უწყის, რა დაავალეს ბჟანიას მოსკოვში..." - წერს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი.

"რატომ სირია?.. იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოება კი არა, ბანდა ვართ!.. გასაგებია, რომ სირია დიდი ქვეყანაა, მაგრამ კარგს რას მოგვიტანს მასთან ასეთი ახლო კავშირები? ოდესმე გვეღირსება ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის საკეთილდღეოდ სწორ ნაბიჯებს გადადგამს?.. ამბობენ, რომ სოხუმის სანაპიროზე ტურიზმის განვითარებისთვის ბიზნესმენების ჩამოყვანა იგეგმება, რათა ადგილობრივ სირიელ რეპატრიანტებსაც ჰქონდეთ დასაქმების შესაძლებლობა...", - მიაჩნია კიდევ ერთ ადგილობრივს ალან კვეკვესკირს.

ცნობისთვის, აფხაზეთში ჩასახლებულ სირიის მოქალაქეებს "აფხაზეთის მოქალაქეობა“ ავტომატურად ენიჭებათ. "რეპატრიაციის ფონდის“ ინფორმაციით, მხოლოდ 2013 წლის აპრილის მონაცემებით, სირიიდან რეპატრიაციის პროცესზე 45 მილიონ რუსულ რუბლზე მეტი, ანუ 1 მილიონზე მეტი დოლარი დაიხარჯა. ამ თანხაში შედის - აფხაზეთამდე გზის ხარჯები, საცხოვრებელი ფართების შეძენისა და რემონტის ფული; ასევე კეთილმოწყობის ხარჯები. მუდმივი საცხოვრებლის გამოყოფამდე ბინის ქირა, ერთჯერადი შემწეობა; ასევე ფინანსდება აფხაზური ენის შესწავლა. თუმცა, აფხაზური ენის მცოდნე სირიელზე ადგილობრივებს არაფერი სმენიათ.

"ქართული მხრიდან დევნილთა დაბრუნების საკითხი ოდესღაც იდგა, ახლა ეს საკითხი დახურულია" - ასლან ბჟანია

გალელი მამაკაცი, რომელიც შემოვლითი გზით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობდა, 150 მ სიმაღლიდან ხრამში გადაიჩეხა

"ნოდარ ფილია შვილს მუდმივად ხელს აფარებდა..." - რას წერენ აფხაზი მაღალჩინოსნის ვაჟზე, რომელიც ქემალ არძიბნას მკვლელობის საქმეზე დააკავეს