ავტორი:

"ნოდარ ფილია შვილს მუდმივად ხელს აფარებდა..." - რას წერენ აფხაზი მაღალჩინოსნის ვაჟზე, რომელიც ქემალ არძიბნას მკვლელობის საქმეზე დააკავეს

"ნოდარ ფილია შვილს მუდმივად ხელს აფარებდა..." - რას წერენ აფხაზი მაღალჩინოსნის ვაჟზე, რომელიც ქემალ არძიბნას მკვლელობის საქმეზე დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პირველი პრეზიდენტის ძმისშვილის, კრიმინალური ავტორიტეტის, ქემალ არძინბას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ე.წ. თავდაცვის მინისტრის მოადგილის ნოდარ ფილიას ვაჟი, სოხუმში მცხოვრები 29 წლის ბათალ ფილია დააკავეს.

ე.წ შს სამინისტროს ცნობით, ეს არის პირველი პირი, ვისი მონაწილეობაც საქმის გარშემო მოძიებული მასალების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა.

"18 მაისს, სოხუმში, იმალ შამიმის ქუჩაზე, ორი დაუდგენელი პირი მრავალსართულიანი კორპუსის მე-9 სართულზე ავიდა, საიდანაც კარგად მოჩანს ქემალ არძინბას სახლის ღია აივანი. სწორედ იქიდან განხორციელდა სამი გასროლა პრეზიდენტის ძმისშვილის მისამართით, რომელიც სოხუმის რესპუბლიკის საავადმყოფოში მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. დანაშაულის ადგილას აღმოჩენილია Toyota-ს მარკის ავტომანქანა, სადაც მას მესამე თანამონაწილე ელოდებოდა. იმავე დღეს სამართალდამცავებმა ავტომანქანა სოხუმის რაიონის სოფელ იაშტუხაში დამწვარი იპოვეს..." - წერს უწყება, რომლის ცნობითაც, დანარჩენი თანამზრახველების ვინაობა ეტაპობრივად დგინდება.

ბათალ ფილია

ადგილობრივები კარგად იცნობენ ე.წ. მაღალჩინოსნის შვილის ცხოვრების წესს, თუმცა მაინც არ სჯერათ, რომ 29 წლის ფილია ასეთი მაღალ დონეზე შესრულებული მკვლელობის ავტორია.

ნაწილი მიიჩნევს, რომ კორპუსში შესული პირები ბევრად მაღლები იყვნენ, ვიდრე თუნდაც ბათალ ფილიაა, მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ მდიდარი კრიმინალური წარსული აქვს და არაერთგზის ნასამართლევია.

"მამამისის გავლენებით, ის აქამდე მივიდა, ამას წინათ, ერთ-ერთი დანაშაულის შემდეგ, რომელიც ციხეს ითვალისწინებდა, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მამები თავად უწყობენ ხელს, რომ შვილებმა ცუდი გზა აირჩიონ. ასე მოუვიდა ნოდარ ფილიასაც. ხელს აფარებდა შვილს წლების განმავლობაში და ამასობაში რეციდივისტად ჩამოყალიბდა..." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი ამარატ ხურცია.

2019 წლის აპრილში ის ბზიფის საგზაო მილიციამ იარაღის უკანონო ტარებისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკების ქონის გამო დააკავა. ფილია სხვა დროსაც არაერთხელ დაუკავებიათ სხვადასხვა დანაშაულისთვის, თუმცა ადგილობრივების ნაწილს მაინც არ სჯერა, რომ ფილია ამ საქმის ჩამდენია და მიაჩნიათ, რომ ე.წ. მილიციამ ვითარების დასამშვიდებლად, ბათალ ფილიას მონაწილეობით საქმე შეკერა.

"სოხუმი პატარაა და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ. შესაძლოა, ის კრიმინალია, მაგრამ დანაშაულის ასეთ მაღალ დონეზე შესრულებას ვერ შეძლებდა. ვინც მას იცნობს ყველა მიხვდება. რას გვეუბნება მილიცია, რომ ნარკომანსა და ბუნტისთანავთან ერთად, სნაიპერიც იყო?.. ეს ხომ ზღაპარია..." - წერს ადგილობრივი მართა სიჭინავა, რომლის ცნობითაც, რეგიონში უდანაშაულობის პრეზუმფცია არ არსებობს.

"ფილიას პისტოლეტი იპოვეს დამწვარი "ტოიტას" ახლოს. არადა, სრულიად შესაძლებელია ის განზრახ დაეგდოთ იქ, რათა გუდაუთელების საქმესთან დაეკავშირებინათ. ვიღაც ცდილობს, ქემალის მკვლელობით ორი კლანი ერთმანეთს გადაკიდოს" - წერს აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ფეისბუქ-გვერდზე ინტერნეტმომხმარებელი Apsny New Sukhum.

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას

რუსი სამხედროები აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს გეგმავენ - "სწავლებათა დიდი ნაწილი მთიან პირობებში, ღამის საათებში გაიმართება"

მამაკაცი, რომელიც 24 მაისს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას, ცხენით ხრამში გადაიჩეხა, გარდაიცვალა