ავტორი:

"თბილისში არ დარჩენილა არც ერთი თეატრის სცენა, სადაც ჩვენ არ გვითამაშია" - გაიცანით, სოხუმის თეატრის მსახიობი, რომელიც ხელოვნების საოცარ ნიმუშებს ქმნის

"თბილისში არ დარჩენილა არც ერთი თეატრის სცენა, სადაც ჩვენ არ გვითამაშია" - გაიცანით, სოხუმის თეატრის მსახიობი, რომელიც ხელოვნების საოცარ ნიმუშებს ქმნის

ლელა შარაბიძე მსახიობია, თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სოხუმის დრამატულ თეატრში რეჟიორ გოგი ქავთარაძის მიწვევით მოხვდა... უზომოდ უყვარს თავისი თეატრი და პროფესია, თუმცა ბოლო დროს ხელოვნების სხვა დარგებისკენაც გადაიხარა - მეთოჯინეობა დაიწყო და შესანიშნავ ნახატებს ქმნის... ბავშვობაში ბალერინობაზე ოცნებობდა, საბავშვო წარმოდგენებსაც დგამდა - როგორც ჩანს, ხელოვნება პატარობიდანვე იზიდავდა...

„დიახ, ბავშვობაში ბალეტით ვიყავი „მოწამლული“, საათობით შემეძლო, მაია პლისეცკაიას „ბოლეროსთვის“ მეყურებინა. დღესაც მიმაჩნია, რომ ბალეტი ყველაზე რაფინირებული ხელოვნებაა. მართალია, ამ ხაზით არ განვითარდა ჩემი კარიერა, მაგრამ მომავალი პროფესია მაინც სცენას დავუკავშირე. ბავშვური ოცნება კი „თეატრალურში“ კლასიკური ცეკვის სწავლით შემოიფარგლა და ძელთან ნამდვილი ბალერინასავით ვიდექი,“ - გვიყვება ქალბატონი ლელა.

- საბოლოოდ რამ გადაგაწყვეტინათ მსახიობობა და რამდენად კმაყოფილი ხართ წლების შემდეგ საკუთარი გადაწყვეტილებით?

- 80-იან წლებში, როცა „თეატრალურში“ ჩავაბარე მსახიობის პროფესია ძალიან პოპულარული იყო და კონკურენციაც - შესაბამისი, ამიტომ, ნაკლები იმედი მქონდა. პირველ გამოცდაზე რომ მივდიოდი, დედამ სახლიდან გასვლისას მითხრა: „წადი, მაინც ჩაიჭრები“-ო. ასე იხუმრა. 5-იანით რომ დავბრუნდი, მერე უკვე რიტუალად გვექცა და ყოველ ჯერზე ამ სიტყვებით მაცილებდა. 5-იანებით დავიწყე და თეატრალური ინსტიტუტი ბოლოს „წითელ დიპლომზე“ დავამთავრე.

- ვინ იყო თქვენი პედაგოგი და რა მოგყვებათ იქიდან დღემდე ცხოვრებაში?

- მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები, თითოეულმა თავისი პროფესიონალიზმით ღრმა კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში. არ შემიძლია, არ ვახსენო ქალბატონი რუსიკო ფარემუზაშვილი - გამართული მეტყველება ყველაზე მნიშვნელოვანია მსახიობისთვის... მართალია, მიშა თუმანიშვილი არ მასწავლიდა, მაგრამ მის ლექციებს ხშირად ვესწრებოდი. მახსოვს მისი არაერთი რჩევა: „დააკვირდით, როგორ თამაშობენ ბავშვები სახლობანას, როგორი გულწრფელები არიან, როგორ სჯერათ... აი, ასეთი დამაჯერებლები უნდა იყოთ სცენაზე“.

- რა ადგილი აქვს სოხუმს და სოხუმის თეატრს თქვენს ცხოვრებაში?

- ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მე და ჩემი მეუღლე და ჯგუფელი - კახა შარაბიძე სოხუმის დრამატულ თეატრში წავედით. იმხანად თეატრს ბატონი გოგი ქავთარაძე ხელმძღვანელობდა, ახალი დანიშნული იყო და თავის გარშემო ახალ დასს აყალიბებდა - სწორედ მისი მიწვევით მოვხვდით სოხუმის თეატრში. მახსენდება სოხუმში ორი ჩასვლა: ომამდე და ომის შემდეგ. პირველი შთაბეჭდილება იყო სრულიად გამაოგნებელი. დავყარეთ ჩანთები სასტუმროში და გავვარდით იქაურობის „დასალაშქრად“. მთელ სანაპიროზე ყავის სურნელი იდგა, იქვე ხალავდნენ და სილაში ხარშავდნენ. სოხუმური ყავა სულ სხვა ფენომენია, იყო „ниже среднего” და „выше среднего“ ანუ ტკბილი და ნაკლებად ტკბილი. ყავას სვამ, შენს თავზე უამრავი თოლია დაფრინავს, მზის სხივები კი ათასფერად ათამაშებს ფირუზისფერ ზღვას. ისედაც სიამოვნებისგან თავბრუ გეხვევა, აქ კი მიმოზები, მაგნოლიები, ბზები, ციტრუსები ისეთ სურნელს აფრქვევენ, თავი სიზმარში გგონია... მეორედ უკვე ომის შემდეგ - ისევ მე და კახა ჩავედით, როგორც აღმოჩნდა, ეს დროებითი მშვიდობა იყო... ჩვენი ჩასვლისთანავე ჩაირთო განგაშის სირენა... ასე აღმოვჩნდით სრულიად დაბნეულები იმ გაგანია ომში. მე ვფიქრობ, ომში ყველა ქალაქი ერთმანეთს ჰგავს, მე ვნახე სრულიად ნაცრისფერი სოხუმი...

- დღესაც ამ თეატრის მსახიობი ხართ... დევნილობაში მყოფი თეატრისთვის თბილისში ამდენი წელია, ჭერის გამონახვა გაჭირდა. ახლა მისი მოწყობისა და ტექნიკური აღჭურვის საკითხია პრობლემა. რატომ ვერ მიხედეს თეატრს ამ დრომდე?

- ასე იქცა ერთ დროს ყველაზე წარმატებული და აღიარებული თეატრი დევნილ თეატრად. პირველად კარი რუსთაველის თეატრმა გაგვიღო და მცირე სცენა დაგვითმეს. მადლობა მათ მზრუნველობისთვის და ქველმოქმედებისთვის. შემდეგ თვითონ გავიდნენ რემონტზე და ჩვენ დავრჩით ისევ „უსახლკაროდ“. თბილისში არ დარჩენილა არც ერთი თეატრის სცენა, სადაც ჩვენ არ გვითამაშია. ეს ურთულესი პროცესია, დავდიოდით საკუთარი რეკვიზიტებით, კოსტიუმებით, დეკორაციით ერთი ადგილიდან მეორეზე. ბოლოს ბატონი დიმა ჯაიანის დიდი მცდელობით, 2016 წელს თეატრს გადაეცა საკუთარი სცენა, სარეპეტიციო და ადმინისტრაციული ფართი. ამჟამად თეატრს ხელმძღვანელობს რეჟისორი დავით საყვარელიძე. მიუხედავად პანდემიისა, თეატრი აქტიური ცხოვრებით ცხოვრობს, მივიღეთ მონაწილეობა სხვადასხვა თეატრალურ ფესტივალში და სოლიდური პრიზებითაც დავბრუნდით. მაისის ბოლოს დაგეგმილია პრემიერა...

- მეუღლე კახა შარაბიძე ახსენეთ... სამწუხაროდ, ის ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა, რამაც დიდი ტკივილი მოგანიჭათ. გავიხსენოთ ეს ადამიანი...

- გული ძალიან მწყდება, რომ ჩემმა მეუღლემ შარშან ზამთარში სამუდამოდ დაგვტოვა... ჩვენ ძალიან პატარებმა შევქმენით ოჯახი და თითქმის ერთად გავიზარდეთ, ამიტომ ერთმანეთისთვის უფრო მეტი ვიყვით, ვიდრე უბრალოდ ცოლ-ქმარი. მყავს ქალიშვილი მაკა შარაბიძე, რომელიც თითქმის კულისებში გაიზარდა, მაგრამ მსახიობობა არ აირჩია და ის დღეს გრაფიკული დიზაინერია. მყავს შვილიშვილი - 9 წლის ალექსანდრე სამხარაძე, რომელიც ძალიან გავს კახა ბაბუს, ჩემი დიდი მეგობარი და იმედია. ბაბუა-შვილიშვილის სიყვარულზე ლეგენდები დადიოდა, ამიტომ ვცდილობ, კახას მაგივრადაც მოვეფერო.

- ხელოვნებასთან თქვენი კავშირი მხოლოდ თეატრალური სცენით არ შემოიფარგლა. ბოლო წლებში მეთოჯინეობა დაიწყეთ. როგორ შემოიჭრა ეს საქმე თქვენს ცხოვრებაში?

- მოგეხსენებათ, ჩვენი პროფესია დამოკიდებული პროფესიაა, მსახიობები გამიგებენ, რა ძნელია, როდესაც ბევრი თავისუფალი დრო გაქვს და არ იცი, რით დაკავდე, ეს „შიმშილი“ რით დაიკმაყოფილო... სოციალური ქსელის საშუალებით გავიცანი ქალბატონი ნანა ყაულაშვილი და მასთან შევისწავლე თიხის თოჯინების ტექნოლოგია. მახსოვს ჩემი მეგობრების შოკირებული რეაქციები, როდესაც „ფეისბუქზე“ პირველად დავდე ჩემი ნამუშევრები. პოლიმერული თიხისგან ვძერწავდი ჩემთვის საინტერესო გმირებს, სადაც რეჟისორიც მე ვიყავი, მხატვარიც და პრიმამსახიობიც. ყოველი ახალი თოჯინა ახალი როლი იყო ჩემთვის, ჯერ ვთხზავდი ისტორიას, ასე ვთქვათ, დრამატურგიას და შემდეგ ვძერწავდი. როდესაც საკმარისი რაოდენობის თოჯინა დამიგროვდა, ჩემი მეუღლის სურვილით და მხარდაჭერით ჩატარდა პირველი პერსონალური გამოფენა „არტ გალერეაში“. შემდეგ იყო ჯგუფური გამოფენები, საერთაშორისო გამოფენა „MOMA“-ში. ასევე გასულ წელს გახლდით ისრაელის საერთაშორისო გამოფენაზე.

- ბოლო დროს ხატვაც გადაწყვიტეთ და საინტერესო ნამუშევრებს ქმნით. რა მასალას იყენებთ და რა ჟანრს მიაკუთვნებთ თქვენს ნახატებს? ამ ყველაფრისთვის მუზა გჭირდებათ თუ უბრალოდ განწყობა?

- პანდემიის პერიოდში ახალი გამოწვევის წინაშე დავდექი. მთელი სერიოზულობით დავიწყე ხატვა და მივხვდი, რომ ადამიანის შესაძლებლობები სრულიად განუსაზღვრელია. აფხაზეთის კულტურის სამინისტროს დახმარებით, საშუალება მომეცა, ჩემი ნახატები გამოფენისთვის მომემზადებინა და ჩარჩოებში ჩამესვა.

- უახლოეს მომავალში გაოფენას ხომ არ აპირებთ?

- მაისის ბოლოს Week of art-ის პროექტში - ''200 მხატვარი ქალის ვირტუაურ გამოფენა'' მივიღებ მონაწილეობას. დაიგეგმა ასევე გამოფენა ხელოვნების მუზეუმში, ბატონ გიორგი კალანდიასთან, მაგრამ არაპროგნოზირებადი მდგომარეობის გამო, ჯერჯერობით გაჩერებული ვარ. იმედია, მალე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, მე ამის დიდი სურვილი მაქვს!

ანა ჩანგიანი - A პუნქტიდან B პუნქტამდე

"ვინც სოფლიდან არის ჩამოსული, მე მათ მიმართ მაქვს პრეტენზია, ყველას ხომ ვერ გამოკვებავს თბილისი" - ქეთი დოლიძე

"ბებია, სიკვდილი და მსხვერპლშეწირვა: მოსკოვში საოცარი ახალი ქართული ფილმი აჩვენეს“ - ქართულ-ბრიტანული პროექტის წარმატებული დებიუტი როტერდამსა და მოსკოვში