ავტორი:

"ქვეყანა თავისი ეგონა... ხალხს წიხლით უნგრევდა კარებს, წილი მომეცითო" - რა ვერსიებია ქემალ არძინბას მკვლელობაზე, რამაც აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

"ქვეყანა თავისი ეგონა... ხალხს წიხლით უნგრევდა კარებს, წილი მომეცითო" - რა ვერსიებია ქემალ არძინბას მკვლელობაზე, რამაც აფხაზეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

სოხუმში საკუთარ სახლთან ჩაცხრილული აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ძმისშვილის გარშემო დაწყებული აჟიოტაჟი არ ცხრება. ქემალ არძინბას სნაიპერმა, საკუთარ სახლთან, მხრის მიდამოებში, ხელსა და საზარდულთან სამი ტყვია ესროლა. ის მიღებული ჭრილობებით სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქემალ არძინბამ ის მიიღო, რაც დაიმსახურა. სხვების თქმით, ეს მკვლელობა არის იმის დასტური, რომ რეგიონში არსებული განუკითხაობის ამ ეპიზოდს გაგრძელება ექნება არაერთი მსხვერპლით, რადგან ყოველი ტურისტული სეზონის წინ გავლენებისთვის ბრძოლა ახალი ძალით იფეთქებს ხოლმე...

"იმამ შამილის ქუჩაზე ცხოვრობდა, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი საქმეები მახსენდება მისგან, მაგრამ სოხუმის ეს ქუჩა მის მიერ კოტროლდებოდა. ცხადია, ეს ხდებოდა გარკვეული წილებისა და მისი ქვეშევრდომების ტერიტორიების მისაკუთრების სანაცვლოდ. ზოგჯერ მგონია, კრიმინალურ მეხიკოში ვცხოვრობ, სადაც ნარკოკარტელების შეტაკებას მუდმივი სახე აქვს... ხაჯიმბას პრეზიდენტობის დროს, ხან ერთი დაჯგუფება უნგრევდა მას კარებს, ჩემი რეკომენდაციით დანიშნე გენერალური პროკურორიო და ხან მეორე..." - წერენ არძინბას ქუჩის მცხოვრებლები.

ადგილობრივების ცნობით, 46 წლის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობის საქმის გარშემო მის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის იმდენად დაძაბული სიტუაციაა, რომ თითქმის ყველა ინტერნეტგამოცემა არძინბას მკვლელობის საქმეზე დადებულ ნიუსს კომენტარებს უთიშავს.

ამასთან, ამ საქმის გარშემო არსებული აჟიოტაჟით, შესაძლოა, იხეიროს დონბასელმა სახალხო გმირმა ახრა ავიძბამ, რომელიც ადგილობრივმა "ხელმძღვანელობამ" რამდენიმე თვის წინ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის უკანონო შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავა, სინამდვილეში კი, მისი პოლიტიკური აქტიურობა სახიფათო ხასიათს იძენდა. ანქვაბი-ბჟანიას გუნდისგან იმედგაცრუებული ავიძბა აგრესიულად მოქმედებდა და მათ წინააღმდეგ ახალი გუნდის შექმნას იწყებდა.

"ახლა ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის გასანეიტრალებლად თუ ავიძბა გამოუშვეს, ეს ბევრად უარესი პროცესების დასაწყისი იქნება. ამის ნიშნები ჩანს, მისი მხარდამჭერები ისე აქტიურობენ. შესაძლოა, "მოწმის" არყოლის გამო ასეც მოიქცნენ, რომ ხალხის ყურადღება ცოტა ხნით სხვა თემაზე გადაიტანონ... ვისაც ავიძბას პოლიტიკოსობის სჯერა, ვუსურვებდი, მუდამ ასეთ სიტუაციაში ეცხოვროს, სადაც თავს უსაფრთხოდ საკუთარი სახლის კედლებს მიღმაც ვერ გრძნობ..." - წერს სოციალურ ქსელში ინტერნეტმომხმარებელი "აძიუბა ტყვარჩელსკი".

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მთავარი ინსპექტორი მილანა ნარმანია ekhokavkaza.com-თან საუბარში აცხადებს, რომ "ეს საქმე პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი მინისტრ დმიტრი დბარს და დამნაშავის დასაკავებლად ყველა ღონისძიება ტარდება.

"მაჭარას", პრიმორსკისა და ბამბორას პოსტებზე კონტროლი გაძლიერებულია, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ დამნაშავემ ქვეყანა არ დატოვოს..." - აცხადებს ნარმანია.

ადგილობრივები კი მას პასუხობენ, რომ "შსს" მათ თვალებში ნაცარს აყრის და დამნაშავე, დიდი ალბათობით, ე.წ. კანონიერი ქურდის რაულ ბარცბას გარემოცვიდანაა და მის მფარველობაში თავს ძალზე დაცულად გრძნობს. შესაბამისად, მას სულაც არ სჭირდება აფხაზეთის დატოვება, ჯერჯერობით მაინც.

"პატარა აფხაზეთის დიდ კრიმინალურ ფრთას ერთით ნაკლები კრიმინალი ეყოლება. გავლენიანი ოჯახის შვილი იყო და თავში აუვარდა. ქვეყანა თავისი ეგონა, მიდიოდა და ხალხს წიხლით უნგრევდა კარებს, წილი მომეცით, დავიმსახურეო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალით ართმევდა. ჩამოიარეთ სოხუმში, რამდენი ფართია მის საკუთრებაში, ქალაქში 12 ბინა ჰქონდა. არ გამიკვირდება, ამ მკვლელობის უკან ბარცბა კი არა, ვიღაც მორიგი გამწარებული ადამიანი იდგეს... 2004 წელსაც მოინდომეს მისი მოკვლა, მაშინ ხელში დაიჭრა, მაგრამ გადარჩა" - წერს იანა სუხუმსკი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აფხაზების ე.წ. ეროვნული გმირის ოჯახის წევრს დაქირავებული ქილერის დახმარებით იშორებენ. 2017 წელს, თავის მძღოლთან დმიტრი ხაგბასთან ერთად, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს ბიზნესმენი პაველ არძინბა, რომელიც აფხაზეთში ასევე დიდი გავლენით სარგებლობდა, თუმცა, ბევრი მას სახეზეც არ იცნობდა.

გამომძიებელი ჟურნალისტი ინალ ხაშიგი თავის სტატიაში წერდა, რომ "90-იანი წლების ომის დროს, მან აფხაზი მეომრების შესამოსად დიდი ფული დახარჯა, მათ ფორმები და იარაღი უყიდა, რადგან ომამდეც მდიდარ ადამიანად ითვლებოდა. ომის შემდეგ კი, მისი გავლენა ბევრად გაიზარდა. პოლიტიკოსი ჩრდილში უკანონო ცხოვრებას ეწეოდა, მაგრამ გავლენას ყოველთვის ინარჩუნებდა. შესაბამისად, ბევრი მტერი ჰყავდა. მას ბრალი ედებოდა მაშინდელ ე.წ. პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის მცდელობა".

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას

რუსი სამხედროები აფხაზეთში სამხედრო წვრთნებს გეგმავენ - "სწავლებათა დიდი ნაწილი მთიან პირობებში, ღამის საათებში გაიმართება"

მამაკაცი, რომელიც 24 მაისს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას, ცხენით ხრამში გადაიჩეხა, გარდაიცვალა