ავტორი:

"კახასთვის ყველაზე დიდი საფიქრალი მისი ვაჟი სანდრო იყო... პირადზე არასდროს საუბრობდა" - როგორ იხსენებენ ცნობილ რეჟისორს, რომელმაც დაუვიწყარი სპექტაკლები შექმნა

"კახასთვის ყველაზე დიდი საფიქრალი მისი ვაჟი სანდრო იყო... პირადზე არასდროს საუბრობდა" - როგორ იხსენებენ ცნობილ რეჟისორს, რომელმაც დაუვიწყარი სპექტაკლები შექმნა

ალბათ ჩვენში არ არსებობს ადამიანი, ერთხელ მაინც არ ჰქონდეს ნანახი უკვდავი სატელევიზიო სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს", რომელშიც გენიალური არტისტები - ვასო გოძიაშვილი, ზაზა ლებანიძე, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია და მათთან ერთად, იმ დროისათვის დამწყები ახალგაზრდა მსახიობები თამაშობენ.

სპექტაკლის რჟისორი გიორგი (კახა) კახაბრიშვილია, რომელის სამწუხაროდ, გუშინ 74 წლის ასაკში გარდაიცვალა... ბატონმა კახამ მისი წასვლით ბევრ ადამიანს დასწყვიტა გული. სატელევიზიო თეატრის რეჟისორის კარიერა ამ სპექტაკლით 22 წლის ასაკში წარმატებულად დაიწყო. ის დიდი ქართველი რეჟისორის მიხეილ თუმანიშვილის მოწაფე გახლდათ. დამთავრებული ჰქონდა თეატრალური ინსტიტუტი. იყო დრამის რეჟისორი, თუმცა თეატრში არც ერთი დღე არ უმუშავია, რადგანაც ისე აეწყო მისი შემოქმედებითი საქმინობა, რომ თეატრალური ინსტიტუტიდან პირდაპირ ტელევიზიაში მოხვდა და სამი ათეული წლის განმავლობაში საქართველოს "პირველ არხზე" მოღვაწეობდა.

საქმიანობა თავიდან ტელეგადაცემების რეჟისორობით დაიწყო და შენდეგ უკვე სატელევიზიო ტელეთეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. თავისი დამსახურების გამო ქართული სატელევიზიო თეატრის პატრიარქსაც უწოდებენ.

"როდესაც სპექტალი ("ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს") საქართველოს ტელევიზიით გავიდა, პირველი, ვინც დამირეკა, ეს ჩემს სიცოცხლეში არ დამავიწყდება, სესილია თაყაიშვილი იყო, - უკვე მიყვარხარ, ასეთი კარგი საქმე რომ გააკეთე (ის და ვასო გოძიაშვილი უკვე დაცილებულები იყვნენ)... ბატონი ვასო ჩემთვის უდიდესი პროფესიონალიზმის გაკვეთილი იყო. ის ყოველ რეპეტიციაზე მოსვლის წინ საკუთარ იდეებს მითანხმებდა,“ - ასე ყვებოდა ბატონი კახა წლების წინ ჩვენთან ინტერვიუში.

მისი შემდეგი წარმატებული ნამუშევარი "უჩინმაჩინის ქუდი“ იყო, სადაც ბატონი ეროსი მანჯგალაძე მონაწილეობდა. ამის შემდეგ ეროსი მანჯგალაძისა და რეჟისორის შემოქმედებითი საქმიანობა ერთმანეთს ისე დაუკავშირდა, რომ 6 სპექტაკლზე იმუშავეს - "გვადი ბიგვა", "საბა ტაბიძის ორშაბათები", "ვაზის ყვავილობა", "ხორუმი ქართული ცეკვაა", "მტრედის მოტანილი ბარათები" და კიდევ არაერთი სპექტაკლი...

"ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" - შემოქმედებითი ჯგუფი. 1975 წელი

ნიკოლოზ წულუკიძე, თეატრმცოდნე:

"გული დამწყდა, რომ ქართულ თეატრალურ საზოგადოებას ასეთი კაცი, სატელევიზიო თეატრის ყველაზე აქტიური მოღვაწე გამოაკლდა. რაც გაკეთებული აქვს, თითქმის ყველაფერი გენიალურ არტისტს ეროსი მანჯგალაძეს უკავშირდება. შარშან ეროსის 95 წლის იუბილე რომ აღვნიშნე, ბატონი კახა ეროსის სახელობის ჯილდოთი დავაჯილდოვეთ. ალბათ ეს იყო მისი ერთ-ერთი ბოლო ჯილდო და გახარება. შეუძლოდ იყო, თუმცა გაჭირვებით მაინც მოვიდა, სცენაზე ვერ ამოვიდა, ამიტომ, ჯილდო პარტერში ჩავუტანეთ. ეროსის თეატრის სცენაზე პაუზა რომ ჰქონდა, ის პერიოდი მასთან სატელევიზიო სპექტაკლებში მუშაობამ გადაატანინა. მიხარია, რომ მისი ავტორობით ასეთი საინტერესო სპექტაკლები დარჩა და მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებულია - „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, სადაც ვასო გიძიაშვილისა და ზაზა ლებანიძის გენიალური დუეტი შედგა. ვუთანაგრძნობ ქართულ თეატრს ამ დანაკლისს. ის პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, ჰყავდა მოსწავლეები და იყო გამორჩეულად მოკრძალებული ადამიანი".

კადრი სპექტაკლიდან - "გვადი ბიგვა" - გასული საუკუნის 80-იანი წლები

კახა კახაბრიშვილს სხვადასხვა წელს ეკავა საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილის, ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელისა და გაერთიანება "თეატრონის“ ხელმძღვანელის პოსტი. მისი ინიციატივით დაიწყო საქართველოს ტელევიზიაში ტელესერიალების ქართულად გახმოვანება.

ჟურნალისტმა ნატო ონიანმა კახა კახაბრიშვილი ტელევიზიაში მუშაობისას გაიცნო, ისინი ერთად საქმიანობდნენ შემდეგ ტელევიზიის ინსტიტუტშიც:

"ბოლოს სულ ცოტა ხნის წინ ველაპარაკე, აღდგომა მომილოცა, მძიმედ ვიყავიო, მითხრა, მაგრამ ექიმს ემადლიერებოდა, გამოვძვერი სიტუაციიდანო. გამიხარდა ასე რომ დამთავრდა ყველაფერი. მის გარდაცვალებას არაფრით ველოდი. არც კი მჯერა, რომ ეს სიმართლეა. ვიდრე კახას გავიცნობდი, მთელი საქართველო ალბათ აღფრთოვანებული იყო მისი სპექტაკლით "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს". ასევე წარმატებული სპექტაკლი იყო მისი "უჩინმაჩინის ქუდი", "გვადი ბიგვა"... ეს ყველაფერი ვიცოდი და ტელევიზიაში რომ გამაცნეს, მისი გვარი და სახელი მითხეს, პირველი ასოციაცია, რაც წამოვიდა, იყო „მაშიკო!, სულიკოო!“ - თავი ვერ შევიკავე და ასე მივმართე. ამაზე ბევრი იცინა. განსხვავებული ბუნების ადამიანი იყო, იმ სულის, რომლებიც სამწუხაროდ ამ ქალაქს ნელ-ნელა ტოვებენ. ნამდვილი თბილისელი გახლდათ, თავისი აღზრდით, ხასიათით, რომელსაც ჰქონდა მკაცრად განსაზღვრული ზნეობრივი კოდექსი, თავისი ქცევის წესები.

"უჩინმაჩინის ქუდი"... 1978 წელი

სულ მიყვებოდა მისი ბავშვობის შესახებ ამბებს და ეს იყო რაღაცნაირად რეჟისორის თვალით დანახული მისი სამყარო. მაგალითად, მახსოვს ყვებოდა, როგორ ყიდულობდა ნოქარისგან (უყვარდა ასეთი სიტყვების გამოყენება) ერთ კილო შაქარს, როცა ქვეყანაში დიდი გაჭირვება იყო და არაფერი იშოვებოდა. ნოქარი კი ცოტა ზედმეტს მიყრიდაო. იმისთვის, რომ ბავშვს გზაში შაქრის ნატეხები მეჭამა, დედასთვის ზუსტი წონა მიმეტანა სახლში, რომ მშობელს არ ეფიქრა, ბავშვს ნოქარმა წონაში მოატყუა და შაქარი დააკლოო.

წარმოგიდგენია, როგორი ხალხი იყო? - იტყოდა ხოლმე. "ჭრელ აბანოში" მექისე ჰყავდა, რომელსაც ერთხელ მისთვის დიდი სუფრა გაუშლია. გამიკვირდა, რომ სუფრაზე დამპატიჟაო. მე და ჩემს ოჯახს სახლი და კარი რომ გვაქვს, შენი და შენნაირი ხალხის ბრალიაო, მამაშენიც ჩვენი კლიენტი იყოო, არ ვიცოდი, რომ აღარ არის და ეს სუფრა მის პატივსაცემადაც არისო. არ შემრცხვება თუ ვიტყვით, რომ მისთვის ეს სამყარო ასეთი ამბებით იყო ნაქსოვი. სულ ცდილობდა ეს ამბები მოეყოლა, ის ადამიანად ამ ადამიანების წყალობით ჩამოყალიბდა. ძალიან უყვარდა ისინი და ეს მის სპექტაკლებში ჩანს კიდეც.

მადლიერი ადამიანი იყო თავისი ბუნებით. მოყოლილი აქვს, როდესაც სპექტაკლზე მუშაობდა, როგორ დაეხმარა მას ცნობილი პოეტი, სასიმღერო ტექსტების ავტორი პეტრე გრუზინსკი, როგორ სთხოვა დახმარება გოგი ცაბაძეს და მათ საოცარი ნამუშევრები შეუქმნეს. ეს სულ ახსოვდა. საოცარი ბედი ჰქონდა ამ ადამიანს, სულ პატარა ბიჭი იყო, როდესაც ამ გენიალური სპექტაკლის დადგმა შეძლო და იქ სცენის კორიფეები ათამაშა. ამის გამო პედაგოგის მიშა თუმანიშვილის მადლიერიც იყო. ამხელა წარმატება მოვიდა მის ცხოვრებაში და არაფერს შეუცვლია... მას დიდი წვლილი მიუძღვის ასევე უცხოური ფილმების ქართულად გახმოვანებაში. სტუდია "თეატრონი“ შექმნა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო, სადაც არაერთი ცნობილი მსახიობი იყო დასაქმებული. დიდი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი იყო ყველას მიმართ და რასაც აკეთებდა - ხარისხიანად. უღალატო მეგობარი გახლდათ, ყოველთვის ვგრძნობდი მის გვერდში დგომას, ყოველთვის თბილად მომიკითხავდა. ყველაზე დიდი საფიქრალი ადამიანი მისთვის მისი ვაჟი სანდრო კახაბრიშვილი იყო. მისი წარმატება უხაროდა და რომ ძალიან სერიოზული ადამიანი დადგა. პატარა რომ იყო, სტუდენტი მაშინ ვიცნობდი და მაშინ უკვე შემდგარი იყო. უხაროდა მისი წარმატება. თვლიდა, რომ გაუმართლა ცხოვრებაში, რომ ასეთი კარგი შვილი ჰყავდა.

- თუმცა პირად ცხოვრებაში დიდად არ გაუმართლა. მისი მეუღლე, ანუ სანდროს დედა ცნობილი მომღერალი თამარ გვერდწითელი იყო...

- ამაზე არასოდეს გვისაუბრია, რადგანაც არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, ამაზე გვესაუბრა, ვფიქრობდი, რომ ეს მისთვის ყოველთვის მტკივნეული საკითხი იყო.

კახა კახაბრიშვილი თამარ გვერდწითელთან ერთად... გასული საუკუნის 80-იანი წლები

- "ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი, რადგანაც ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში ცნობილი ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი იყო... გვყავს შესანიშნავი შვილი სანდრო, ის ჩემთვისაც და დედამისისთვისაც ძვირფასია" - ეს მას ჩემთან ინტერვიუში აქვს ნათქვამი...

- ხომ ვამბობ, ჩვენ ამაზე არ გვისაუბრია... ვთანამშრომლობდით ასევე ტელევიზიის ინსტიტუტში, კახა იქ რექტორი იყო... ხომ ვამბობ, ახლო მეგობრების ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა, ყველასთვის სითბოსა და ყურადღების განაწილებას ახერხებდა. გული მწყდება, რომ მალე დასვეს სახლში და თავისი შემოქმედებითი პოტენციალის ბოლომდე გამოყენებას ვეღარ ახერხებდა. არადა, ამხელა ენერგიის და შესაძლებლობის მქონე ადამიანი იყო... მოკლედ, ძალიან რთული გასააზრებელი ამბავია, რომ აღარ არის. მგონია, რომ სხვაზე ვლაპარაკობ“...

AMBEBI.GE მწუარებას გამოთქვამს გიორგი (კახა) კახაბრიშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახს და ახლობლებს.

"ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს, გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას" - რა გეგმა აქვთ "ნახავანჰესის" მოწინააღმდეგეებს

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - LIVE

საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია უახლოესი დღეების პროგნოზი