ავტორი:

"დარწმუნებული ვარ,  ასეთ დასასრულს არ ელოდა..."- ბუბა ხოტივარის უკანასკნელი დღეები და საუბარი შვილთან

"დარწმუნებული ვარ,  ასეთ დასასრულს არ ელოდა..."- ბუბა ხოტივარის უკანასკნელი დღეები და საუბარი შვილთან

ცოტა ხნის წინ კორონავირუსმა ყველასთვის საყვარელი კინორეჟისორი, ბუბა ხოტივარი იმსხვერპლა. ბუბა მარხვის დასრულებას ელოდა, რომ აცრილიყო, მაგრამ ბოლოს მდგომარეობა დაუმძიმდა... მის უკანასკნელ დღეებს შვილი, ლევან ხოტივარი AMBEBI.GE-სთან იხსენებს:

- მამაჩემი, დედა და ჩემი ძმა კორონავირუსით ერთდროულად დაინფიცირდნენ, მერე მე და ჩემი მეუღლეც დავინფიცირდით. თავიდან ვირუსი მამასთან გართულების გარეშე მიმდინარეობდა, მაგრამ იმისთვის, რომ მისთვის უფრო მეტი ყურადღება მიგვექცია, გადავწყვიტეთ კლინიკაში დაგვეწვინა. თავიდან ორი კვირა კარგად იყო, გადაიტანა კოვიდი და მკურნალობას აგრძელებდა, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში დამძიმდა, ფილტვები დაუზიანდა, ბოლოს გული გაუჩერდა და გარდაიცვალა...

- თანმხლები დაავადებები აწუხებდა?

- არანაირი თანმხლები დაავადება არ ჰქონდა. მოხუცი არასდროს ყოფილა, ძალიან აქტიური და სიცოცხლით სავსე კაცი იყო. ძაღლის სეირნობით შეეძლო, რომ ქალაქი მოევლო. მე დილით ყავას რომ ვსვამდი, მამა სადილს მიირთმევდა. სულ ენერგიაზე იყო, სიგარეტს არ ეწეოდა, დაღლილი არ მინახავს, არ გამიგია ეთქვას, რომ ცუდად ვარ. მამასთვის წამალი არასდროს მიმიტანია, რადგან არასდროს დასჭირვებია. ექიმთანაც კი არ წაგვიყვანია, სულ კარგად იყო. ვაქცინის გაკეთებას აპირებდა. ეკლესიურად ცხოვრობდა, მარხულობდა და ამბობდა, მარხვამ გაიაროს და ავიცრებიო.

- როგორი მამა იყო, მკაცრი თუ უფრო მეგობრული?

- საუკეთესო მამა იყო. სულ ჩვენს გვერდით იდგა, სულ გვპატრონობდა და გვეფერებოდა. ოთხი შვილი ჰყავს და ყურადღებას არცერთს არ გვაკლებდა. ყველასთან თავისი ურთიერთობა ჰქონდა და ყველასთან ისე იქცეოდა, როგორც სხვასთან არავისთან. გვანებივრებდა, შვილიშვილებისთვის ბავშვობის საუკეთესო მოგონება არის ბაბუა, იმიტომ რომ ყველას ათამამებდა. ყველანაირ ოჯახურ საქმეში აქტიურად იყო ჩართული.

- მამის პროფესიას გაყევით რომელიმე შვილი?

- ჩემი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია, უფროსი და გერმნაული ენის, ძმა პროგრამისტია, მე მუსიკოსი. არ სწყინდა, რომ რეჟისორები არ გავხდით. გვეუბნებოდა: რაც გინდათ, ის უნდა აკეთოთო.

- როგორც მუსიკოსსა და რეჟისორს, თუ გითანამშრომლიათ?

- ერთხელ ჩემთან თანამშრომლობის იდეა ჰქონდა, უნდოდა მუსიკალური ტრეკი გამეკეთებინა. გავაკეთე, მივუტანე და მითხრა, - კარგია, ცოტა რაღაცებს შევცვლიდიო. ქება არ უყვარდა, მით უმეტეს, შვილების. ხუმრობით ამბობდა ხოლმე, შტერები არიანო.

- ლევან, რამდენად ჰგავხარ მამას?

- ხმის ტემბრით ვგავარ, ფაქტობრივად, ვერ გვარჩევდნენ, მე ვსაუბრობდი თუ მამა. გონებრივად ძალიან მინდა მამას დავემსგავსო. მამასთან პროფესიითაც ახლოს ვარ, რადგან ორივე ხელოვნებაში ვართ. ძალიან დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა. თუ არ იცნობდი, თავიდან ვერ მიხვდებოდი, რომ გეხუმრება, ხანდახან უხერხული სიტუაციებიც ბევრჯერ იქმნებოდა ამის გამო. სულ გახალისებდა და ხუმრობდა, საიდან ჰქონდა ამის განწყობა, არ ვიცი.

- მამისგან განსაკუთრებულად რა დაგამახსოვრდა?

- ერთხელ ინტერვიუზე გავყევი და ბოლოს ასეთი კითხვა დაუსვეს - თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდ წარმატებად რას თვლითო, მამამ უპასუხა - შვილები და შვილიშვილებიო. ეს მომენტი განსაკუთრებულად მახსოვს და გულში მაქვს ჩარჩენილი ...

- ყველაზე მეტად მისი რა თვისება მოგწონდა?

- მამა ძალიან უანგარო იყო, მატერიალურს, ისეთსაც კი, რაც ოჯახურ პრობლემებს ეხებოდა, მნიშვნელობას არ ანიჭებდა. შეეძლო სულ სიცილ-ხარხარში გადაეტანა ასეთი რაღაცები. არავისთვის არაფერი ენანებოდა და სულ განწყობაზე იყო, რომ იუმორით ესაუბრა. რამდენი წიგნიც წაკითხული აქვს, მაგდენი, ალბათ, გადაშლილიც არ მაქვს ცხოვრებაში.

- როგორი იყო თქვენი ბოლო საუბარი?

- არასდროს ტრაურში არ მინახავს მამა, მით უმეტეს, ბოლო პერიოდში. საავადმყოფოში ტელეფონზე რომ ვესაუბრებოდით, სულ შემართებით და მოწოდების სიმაღლეზე იყო, ხმაზე ეტყობოდა, რომ არ იყო კარგად, მაგრამ შევაგულიანე, მამა გელოდებით, მალე მოდი-მეთქი. დარწმუნებული ვარ, ასეთ დასასრულს არ ელოდა. არც ჩვენ ველოდით, იმდენად არ აღვიქვამდი სერიოზულად, რომ მეუბნებოდნენ სიტუაცია დამძიმდაო, ვერ ვაანალიზებდი, ვფიქრობდი, რომ მალე დაბრუნდებოდა სახლში... ბევრი გეგმა და სცენარი ჰქონდა. სავსეა კომპიუტერი მასალებით და უნდა გადავარჩიოთ.

- მამის რჩევა, რომელიც სულ გახსოვს?

სულ გვეუბნებოდა - სიკეთეს მოეჭიდეთ ადამიანებში, ყველაში მხოლოდ კარგი ვიპოვოთ, ის კარგი გვახსოვდეს და ამის გამო ვიკონტაქტოთ ადამიანებთან, ცუდი არასდროს არ ვეძებოთო - ეს იყო ბუბას ცხოვრებისეული დევიზი...

ავტორი: ხათუნა კორთხონჯია

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები