ავტორი:

"რა გამოდის, მე არ მჭირდება ცხოვრება და არსებობა?!" - რას ჰყვება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე

"რა გამოდის, მე არ მჭირდება ცხოვრება და არსებობა?!" - რას ჰყვება ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ქართველი პანდემიის დროს შექმნილ პრობლემებზე

ჩვენი რესპონდენტი ახალგაზრდა ქალია თბილისიდან, რომელმაც 22 წლის წინ, გალის რაიონში მცხოვრებ ქართველ მამაკაცთან შექმნა ოჯახი. მათი ცხოვრება, მსგავსად ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები სხვა ქართველებისა, არასოდეს ყოფილა მარტივი, თუმცა პანდემიამ კიდევ უფრო დააზარალათ.

ინტერვიუს დროს სახელისა და გვარის გამხელა არ ისურვა, რადგან ეშინია. ვერ ვწერთ გალის რაიონის იმ სოფლის სახელსაც, სადაც ახლა მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს.

- პანდემიის გამოცხადების შემდეგ, ისედაც გაუსაძლისი მდგომარეობა უფრო გართულდა. მოიმატა ფასებმა პროდუქტზე, ქიმიურ საშუალებებზე, წამლებზე და საერთოდ ყველაფერზე. მოგეხსენებათ, სოფელია და არ არის აქ ხალხი ინფორმირებული ისე კარგად, როგორც ქალაქებში. მაგალითად, დღეს მომიწია გალში გასვლა და მხოლოდ მე მეკეთა პირბადე. შემრცხვა, ყველა რაღაცნაირად მიყურებდა, თუ მე მეგონა ასე... და მოვიხსენი პირბადე.

რაც შეეხება მედიცინას, კი, გვყავს ძალიან კარგი ექიმები, მაგრამ ცარიელი ხელებით, ვერაფერს გვეხმარებიან. მაგალითად, მე მყავს ფსიქიკურად დაავადებული მეუღლე, რომელსაც სჭირდება წამლები, რომლებიც აქ არ იშოვება. არც ექიმია (ნევროპათოლოგი ვერ უშველის) ზუგდიდშია აღრიცხვაზე და ამიტომ კურიერის მეშვეობით სამმაგ ფასში ვყიდულობ წამლებს.

ხალხი იღუპება იმის გამო, რომ შესაბამისი აპარატურა არ არის აქ და ვერ ახერხებენ "საზღვარზე" გადასვლას ექიმთან...

- რა სიტუაციაა ახლა კორონავირუსის მხრივ, ბევრია ინფიცირებული, ტესტირება თუ კეთდება?

- დაავადებულებს მკურნალობენ, როგორც შეუძლიათ ისე. ტესტირება ადრე უფრო მასობრივი იყო და ახლაც არის. მე პირადად არ დამჭირვებია, ეს ყველაფერი ხალხისგან ვიცი.

- საქართველოს მთავრობისგან თუ იღებთ რაიმე სახის დახმარებას, რაც პანდემია დაიწყო, თუ ახერხებთ საზღვრის გადმოლახვას და თბილისში ჩამოსვლას…

- საქართველოს მთავრობისგან არანაირი დახმარება არ გვაქს, არც პანდემიის პერიოდში და არც მანამდე არ გვქონია. "საზღვრის" გადმოლახვას ვერ ვახერხებთ, დადის ხმები, რომ 3000 რუბლად გადადის ხალხი. მე არ მაქვს იმდენი თანხა რომ გადავიხადო. მეც მჭირდება სამედიცინო დახმარება და ვერ გადავდივარ საზღვარზე. ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უნდა იყო, ან პენსიონერი, ანაც მრავალშვილიანი, აქედან არც ერთს არ მივეკუთვნები. რა გამოდის, მე არ მჭირდება ცხოვრება და არსებობა?! - არ ვიცი ასე თუ გაგრძელდა, ძალიან ცუდი დღეები გველის.

- ქართველებს რა შეზღუდვები გაქვთ ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის მხრიდან?

- შეზღუდვები არაფერში არ გვაქვს, მხოლოდ ქართული ენაა აკრძალული და "საზღვარს" ვერ გადავდივართ.

- ვიცი, რომ თქვენი შვილები სკოლაში მანდ სწავლობენ, ქართულად თუ საუბრობენ, სკოლებში რა მდგომარეობაა?

- კი, ჩემი შვილები აქ სწავლობენ, თუმცა ქართული ენა არ ისწავლება. ჩემი შვილები ძალიან კარგად საუბრობენ ქართულად, ემზადებიან რეპეტიტორთან და ამიტომ, არ უჭირთ საუბარი.

- პანდემიის პერიოდში სწავლა თქვენთანაც დისტანციურად მიდიოდა, თუ აგრძელებდნენ სკოლაში სიარულს ბავშვები, ამ კუთხით რა სირთულეები შეგხვდათ?

- პანდემიის პერიოდში ვერ ხერხდებოდა ონლაინ სწავლება, რადგან ინტერნეტი აქ სულ რამდენიმე ოჯახს გვაქვს. ვერც სკოლაში დადიოდნენ ბავშვები. მოვითხოვეთ დახმარება ინტერნეტი რომ მაინც შეეყვანათ ბავშვებისთვის, მაგრამ არაფერიც არ გააკეთეს.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულმა მთავრობამ რუსული ვაქცინის, სპუტნიკის, გარკვეული დოზა შემოიტანა თქვენთან, რა ხდება ამ კუთხით, გთავაზობენ აცრას, ხალხი თუ არის თანახმა?

- ჩვენთვის ჩვენს სოფელში არავის შემოუთავაზებია აცრები და მე ამის შესახებ ინფორმირებული არ ვარ, არც მოსახლეობისგან გამიგია მსგავსი რამ.

- რაიმე სახის დახმარებას თუ იღებთ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან?

- ძალიან გაგვიჭირდა პანდემიის მერე. აქაური მთავრობისგან არანაირი დახმარება არ გვაქვს და არც არავის შემოუთავაზებია რამე. გაუსაძლისი მდგომარეობაა, ვერ ვიღებთ საქართველოდან ჩვენს კუთვნილ დახმარებებს, ჩემს შვილს პირადობაზე ვადა გაუვიდა და ამის გამო, უკვე წელიწადნახევარია დახმარებას ვერ ვიღებთ. საზღვარს ვერ გადალახავს რომ აღადგინოს პირადობა.

- რას ეტყოდით საქართველოს ხელისუფლებას?

- მოთხოვნები ბევრიც არ გვაქვს და არც ისეთი, რომ ვერ შეძლონ მოგვარება და შესრულება. მთავარია მონდომება, გახსნან ""საზღვარი"" და შევძლოთ აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა ვიაროთ უპრობლემოდ. რატომ უფინანსდებათ აფხაზებს საქართველოში სამედიცინო მომსახურება და არ გვიფინანსდება ჩვენ, აქ მცხოვრებ ქართველ მოსახლეობას. მადლობას ვუხდით იმის გამო, რომ დაგვიფინანსეს ბავშვების სწავლა და უნივერსიტეტში უპრობლემოდ რიცხავენ. ერთადერთი მოთხოვნაა, ""საზღვარი"" გაგვიხსნან და შევძლოთ ექიმთან მისვლა და ჩვენი ახლობლების ნახვა... სხვა ბევრი პრობლემები და მოთხოვნებიც გვაქვს მაგრამ ყველაფერს გავუმკლავდებით ოღონდ ეს "საზღვართან" დაკავშირებული პრობლემები მოგვიხსნან.

სად გადაჰყავთ ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვები და რა ეტაპზეა პროცესი - ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი

დღეიდან "კურიერს" გიორგი სანაიას ვაჟი, სანდრო სანაია წაიყვანს - "იმედია, მეც მოვიპოვებ იმ ნდობას, რომელიც არსებობდა გიორგის მიმართ"

ათეროსკლეროზი და მისი მკურნალობის მეთოდები - რჩევები თოდუას სამედიცინო ცენტრისგან