ავტორი:

"ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება... - რა მოთხოვნები აქვთ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ხელისუფლებას ვადას ხვალამდე აძლევენ

"ენკამ" დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება... - რა მოთხოვნები აქვთ "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებს, რომლებიც ხელისუფლებას ვადას ხვალამდე აძლევენ

„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა დღევანდელ აქციაზე რამდენიმე მოთხოვნა წამოაყენეს, მათ შორის არის „ენკას“ მიერ რიონის ხეობის დატოვება და კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა მორატორიუმის გამოცხადებაა.

„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ხელისუფლებასთან ყველანაირი დიალოგი ამოწურულია. დღეს დასრულდა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენ დავმსხდარიყავით მათთან და ეს მოჩვენებითი თითქოს დიალოგები გაგვემართა ან გავმართოთ. ამიტომ, დღეს ჩვენი მოთხოვნები არის მკაფიო:

კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ის ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც კომპანიასთან დადებულია, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მთლიანად კერძო საკუთრებაში გაცემას.

ზოგადად, გაუქმდეს ყველა სახის დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან დღემდე არის გაცემული.

ასევე, მოვითხოვთ, მორატორიუმის გამოცხადებას, პაუზის აღებას ამ სექტორში, რომ ის აზრი, რომელიც თქვენ გაქვთ, გათვალისწინებული იყოს.

ენერგოსექტორში რა მიმართულებით მივდივართ, როგორ ვვითარდებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი და ამაში უნდა იყოს ჩვენი, ყველას ჩართულობა იმიტომ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია და ეს თითოეულ ჩვენთაგანს გვეხება. ამისთვის საჭიროა სწორედ პაუზა, გვჭირდება დრო იმისთვის, რომ გავითვალისწინოთ მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა და ზოგად, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომ აღარ იყოს მომავალში მსგავსი პროტესტი“, - განაცხადა გოლეთიანმა.

როგორც მან განაცხადა, აქციის მონაწილეები მზად იყვნენ ხელისუფლებასთან დიალოგისთვის, თუმცა, ეკონომიკის მინისტრი „შეხვედრიდან გაიპარა“.

„ხშირად გვდებენ ბრალს, რომ ჩვენ ვლობირებთ რუსული კილოვატსაათების გაყიდვას ქვეყანაში, ვართ დესტრუქციული ძალა, უბრალოდ, არ გვინდა, რომ ჰესი აშენდეს და ვართ კამპანია „არა ჰესებს“. ეს ასე არ არის მეგობრებო, ჩვენ ამისთვის გვჭირდება პაუზა და იმ ენერგოპოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც დღეს ქვეყანას არ აქვს და ასე ქაოტურად ხდება ამ პროცესის წარმართვა ყველა ხეობის დაბეტონება, რისთვის და ვისთვის, ეს არის გაუგებარი. ის, რომ აქ კონკრეტულად ვიწრო ინტერესები იკვეთება ამა თუ იმ პერსონალის და ჩინოვნიკების, ჩვენ ამას უკვე 209 დღეა ვამბობთ. ამავდროულად ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომლიც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში. თქვენ იცით, რომ ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან ქუთაისში, მუნიციპალიტეტის შენობაში გააკეთა. ჩვენ გვაბრალებენ, რომ თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით ამ დიალოგზე 8 ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან, ეს ყველამ კარგად ვნახეთ. ამიტომ, ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო, ჩვენ შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა, დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში. აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, არა მარტო ნათია თურნავასთან დაკავშირებით, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებით“,-განაცხადა გოლეთიანმა.

მან ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც კომპანია “ენკასთან“ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

„უნდა მოხდეს აღიარება, რომ დასასჯელი არიან მთელი რიგი პერსონები. იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ საკითხის პოლიტიზირება, თუნდაც ვიცით, რომ ბატონი გახარიას ხელმოწერაც არის რიონის ხეობის გადაცემასთან დაკავშირებით, ვიცით, რომ 121 ლარად გაყიდეს მთელი ხეობა სრულიად დაუსაბუთებლად. ამიტომ, ხშირად აპელირებენ, თქოს რაღაც პოლიტიკური ინტერესი გვაქვს და ამიტომ ვაყენებთ თუნდაც მისი პასუხისმგებლობის საკითხს. არა მეგობრებო, ასე არ არის. ვინც კი დამნაშავეა, ვისაც ხელი აქვს მოწერილი, მან ამ ნიშნით უნდა აგოს სწორედ პასუხი. ამიტომ ვერ შევიკავებთ თავს, თუ დღეს ვინმეს პარტიული ძალის ჩამოყალიბება უნდა ამ ქვეყანაში. ბოდიში მასთან, თუ რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი და არ ვთქვათ, რომ ხელი არ შეეშალოს თავისი პარტიული მიზნების განხორციელებაში. ამიტომ, ვერ გავიზიარებთ მოსაზებას, რომ ჩვენ ამ პროცესს ხელს ვუშლით. პირიქით, წინგადადგმული ნაბიჯია, როცა იქნება იმის პრეცედენტი, რომ ამ ქვეყანაში დამნაშავეები ბოლოს და ბოლოდ დაისჯებიან“, - განაცხადა გოლეთიანმა.

მისი თქმით, ხელისუფლების მხრიდან ნების გამოხატვას ისინი 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან და არ აპირებენ უკან დაიხიონ ამ ბრძოლაში.

„დღეს ეს მოედანი დაიფარება კარვებით, აქ ვრჩებით... 24 მაისის 12:00 საათამდე ველოდებით პასუხს - ნების გამოხატვას ხელისუფლების მხრიდან, რომ სრულდება ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დავაყენეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრძოლა იზრდება, ვითარდება, ჩვენი ერთობა იკრებს კიდევ უფრო დიდ ძალას და ჩვენი ეს მშვიდობიანი, სამართლიანი, არგუმენტირებული ბრძოლა მოარყევს ხელისუფლებას. მას აღარ დარჩება სივრცე იმისა, რომ სხვაზე გადაიტანოს პასუხისმგებლობა, რომ რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ აიძულა ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ, რა არის ჩვენი მოთხოვნები და თუ არ გაითვალისწინებს ხელისუფლება, ნათელი იქნება, რომ პასუხისმგებლობას სწორედ ის იღებს ამ პროცესებზე“, - განაცხადა გოლეთიანმა.

საქართველო სახმელეთო საზღვრებს 1-ელი ივნისიდან გახსნის - რა დოკუმენტაციის წარდგენა იქნება საჭირო საზღვრის კვეთისას

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

ძვირადღირებული საათები, სამკაულები და ნაკლებად ცნობილი პირადი ცხოვრება - ვინ არის მარიამ ქვრივიშვილის მეორე ნახევარი?