ავტორი:

"ჩემი ვაჟი აიძულეს... მას სცემენ და აწამებენ" - რას აცხადებენ დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგონას მშობლები?

"ჩემი ვაჟი აიძულეს... მას სცემენ და აწამებენ" - რას აცხადებენ დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგონას მშობლები?

ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავების ამბავმა დასავლური სამყარო კიდევ ერთხელ შეაშფოთა. როგორც ზოგიერთი ექსპერტი ფაქტის შეფასებისას ამბობს, ევროპის უკანასკნელმა დიქტატორმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ თვითმფრინავი ჟურნალისტის დაკავების მიზნით "გაიტაცა."

მოგეხსენებათ, პროტასევიჩი ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა. ოფიციალური ინფორმაციით, შევიდა შეტყობინება, რომ ბორტზე ბომბი იყო, რის გამოც, თვითმფრინავი მინსკში ავარიულად დასვეს. ბომბი არ აღმოჩნდა, თუმცა ჟურნალისტი დააკავეს. მოგვიანებით, ბელარუსულმა მედიამ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც დაკავებული ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი აცხადებს, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ აქვს. ის ასევე აღნიშნავს, რომ სამართალდამცავები მას "მაქსიმალურად კორექტულად და კანონიერად“ ექცევიან. ჟურნალისტის განცხადებითვე, ის თანამშრომლობს გამოძიებასთან და აძლევს აღიარებით ჩვენებას მინსკში მასობრივი არეულობების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

ამ ჩანაწერის თაობაზე, დაკავებული ჟურნალისტის მამა დიმიტრი პროტასევიჩი აცხადებს, რომ არ შეიძლებოდა რომანს მასობრივი არეულობების მოწყობა ეღიარებინა, ვინაიდან მას მსგავსი რამ არ ჩაუდენია. მისი თქმით, ის, რაც მის შვილთან დაკავშირებით ხდება, "სრული სიგიჟეა".

"ეს არ არის მისი სიტყვები, ეს არ არის მისი მეტყველების ინტონაცია. ის ძალიან თავშეკავებულად მოქმედებს და ხედავთ, რომ ნერვიულობს. ვფიქრობ, ის აიძულეს", - განაცხადა დიმიტრი პროტასევიჩმა.

მისი თქმით, მის შვილს, სავარაუდოდ, ცხვირი გატეხილი აქვს და სახე პუდრით აქვს დაფარული.

"ვამაყობთ ჩვენი ვაჟით. ვიმედოვნებთ, რომ ის გაუძლებს ყველაფერს და შეინარჩუნებს საკუთარ პიროვნებას. მას ძლიერი ხასიათი აქვს, მაგრამ ამასთანავე, ძალიან მგრძნობიარეა. ძალიან გვეშინია ამის თქმის, მაგრამ მას სცემენ და აწამებენ. ამ ყველაფრის გამო ძალიან ვნერვიულობთ. ვფიქრობ, რომ მომხდარი იყო შურისძიების აქტი, სხვების დასამოძღვრად: ნახეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. რაც ხდება სრული სიგიჟეა", - განაცხადა დაკავებულის მამამ.

მოგეხსენებათ, ბელარუსში ასევე დააკავეს ჟურნალისტის მეგობარი გოგონა სოფია საპეგა, როგორც მისმა დედამ ანნა აუდიჩმა განაცხადა, მან ჯერ კიდევ არ იცის, რა ბრალდებას წაუყენებენ მის ქალიშვილს.

"ჩემმა ერთადერთმა გოგონამ მხოლოდ ერთი სიტყვა - "დედა" მომწერა "ვოთსაპში", მან წინადადების გაგრძელება ვეღარ მოასწრო, არ აცალეს. მოგვიანებით გავიგეთ, რომ თვითმფრინავი, რომლითაც სოფია მიფრინავდა, აიძულეს და დასვეს მინსკში. არადა, ისინი დასასვენებლად მიდიოდნენ. სოფია რუსეთის მოქალაქეა, მივმართეთ საკონსულოს, ამბობენ, რომ დაგვეხმარებიან, მაგრამ როგორ? - ამას არავინ ამბობს. რას ვიზამთ, არ ვიცი, დაველოდებით 72 საათის გასვლას, წარმოდგენა არ მაქვს, რა ბრალდებას წაუყენებენ ჩემს ქალიშვილს. ისინი სრულიად დარწმუნებულები იყვნენ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე მათ არაფერი ემუქრებოდათ", - განაცხადა დაკავებული გოგონას დედამ.

ბი-ბი-სიმ ასევე ჩაწერა რომან პროტასევიჩის ატირებული დედა, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისთვის მიმართავს.

ლუკაშენკო დასავლეთისგან Ryanair-ის თვითმფრინავის ავარიულ დაჯდომასთან დაკავშირებული ხარჯების კომპენსაციას მოითხოვს

უკრაინა ბელარუსთან ფრენებს წყვეტს, მასთან ერთად Air France, Finnair და "სინგაპურის ავიახაზები"

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ