ავტორი:

"საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა საით წახვალ - ოთხივე მიმართულებით ყველაფერი საოცარია" - რას წერენ შვეიცარული გაზეთი და მისი მკითხველები?

"საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა საით წახვალ - ოთხივე მიმართულებით ყველაფერი საოცარია" - რას წერენ შვეიცარული გაზეთი და მისი მკითხველები?

"ვინეტუ [აპაჩების ბელადი] არწივის ხეობაში - კირქვიანი კლდეების კანიონში. ხეობის ფსკერზე ფსტის ასწლოვანი ხეები დგას. ლანდშაფტი ისე გამოიყურება, რომ აქ ათასი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. არსად ადამიანის კვალი არ ჩანს...“, - ასე იწყება შვეიცარიის გაზეთ "ციურხერ უნტერლანდერში" («Zürcher Unterländer») გამოქვეყნებული სტატია, სათაურით: "ვინეტუს მომენტი ველურ საქართველოში“ (ქვესათაური "ვაშლოვნის ეროვნული პარკი ამერიკული ველური დასავლეთივით გამოიყურება და ძალიან ჰგავს ბედლენდსის ეროვნულ პარკს“ (ავტორი - ჰანს გასერი).

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"ერთ-ერთ კირქვიან კლდეზე ასვლა ძალიან რთული გამოდგა. წინ დაჩი შოშიტაიშვილი მიდის, 24 წლის ბიოლოგი, ეკოლოგიისა და ორნიტოლოგიის სპეციალისტი. დაჩი თავისი გრძელი თმებით და მრავალრიცხოვანი ფერადი სამაჯურებით თითქმის ინდიელს ჩამოჰგავს, იგი ჩუმად მიდის, მაგრამ გნოლების გუნდმა დაჩი მაინც შეამჩნია და ჰაერში ხმაურით აფრინდნენ.

მთის წვერიდან საოცარი პეიზაჟი იშლება: ირგვლივ ნაკრძალის დიუნებია, შორს კი, როგორც ამიხსნეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი. იქვე მთის ძირში კი სამოთხის ბაღის მსგავსი ველია გაშლილი, სადაც სამი სახის ზამბახი ჰყვავის - იისფერი, ყვითელი და თეთრი. არიან ველური ენდემური წითელი ტიტები და სხვა ყველანაირი ყვავილი. "ასეთი რამ მეც კი არ მინახავს“, - ამბობს გაკვირვებული დაჩი და ფოტოებს იღებს.

  • ტურიზმი კორონამდელ საქართველოში

ვინც პანდემიის დროს საქართველოში გამგზავრებას გადაწყვეტს, იქ ისეთ ადამიანებს შეხვდება, რომლებსაც ტურიზმის აღორძინება სწყურიათ. ამას თავისი მიზეზი აქვს: ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის ნამდვილი ბუმი იდგა, ქვეყანაში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად ორმაგდებოდა.

სვანეთი - კავკასიის ქედის ძირში, კახეთი - ღვინის რეგიონი, შავი ზღვა - პლაჟებითა და პალმებით, დედაქალაქი თბილისი - უძველესი ღირსშესანიშნაობებით... ყველაფერი კარგად მიდიოდა: ქართველები დამხმარე ნაგებობებიდან და საცხოვრებელი სახლებიდანაც კი ოჯახურ სასტუმროებს ქმნიდნენ, რომელთა ნომრები მეტწილად Airbnb-ის სისტემით იყო დაჯაშვნული.

"2019 წელს იმდენი შეკვეთა მქონდა, რომ მომგებიან გაფართოებას ვაპირებდი“, - ამბობს ტურისტული კომპანიის Planet Georgia-ს მფლობელი ლაშა მოწონელიძე, - "მაგრამ ახლა უკვე ერთი წელი გავიდა და არაფერი ჩანს... ამ ზაფხულს მხოლოდ სამი დაკვეთა მაქვს მიღებული“.

ლაშას ბედმა გაუღიმა, რომ მას საოფისე სამუშაოც აქვს ქართულ პროგრამულ კომპანიაში, სხვები კი ყოფნა-არყოფნის წინაშე დადგნენ.

"მე 30 წლის ვარ, - ამბობს ლაშა, - მაგრამ უკვე ბევრი რამ გამოვცადე: რამდენიმე ომი, შეიარაღებული ბანდების პარპაში, ათწლიანი საოცარი ტურისტული ბუმი და ახლა პანდემიით გამოწვეული კრიზისი. ძალიან მაგარი ცხოვრებაა!“ მის ნათქვამში მთელი თაობის მიერ გადატანილი ცხოვრება ჩანს. განათლებულ, დასავლეთზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს სურთ თავიანთი ყოფა უკეთესობისაკენ შეცვალონ.

სამწუხაროდ, დღეს საქართველო ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისშია. მმართველი პარტია "ქართული ოცნება“ და მსხვილი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის ლიდერი საპყრობილეშიც კი იყო გამომწყვდეული. გარდა ამისა, ათასობით ადამიანი აპროტესტებს ქალაქ ქუთაისთან ახლოს ჰესის კაშხლის მშენებლობას, თურქი ინვესტორის მონაწილეობით. საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, კაშხალი უკიდურესად ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბუნებაზე და გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასიც მაღალი იქნება.

საერთოდ კი, ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც შავ ზღვასა და კავკასიის ქედს შორის მდებარეობს, ბუნება მართლაც საოცარია, ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. საქართველოში ვაშლოვნის პარკის მსგავსი დაცული ტერიტორია საკმაოდ ბევრია, ისინი ერთდროულად მოგვაგონებენ აფრიკულ სავანასაც და ამერიკულ ბედლენდსაც. აქ შეხვდებით მგელს, დათვს, ზოლებიან აფთარს, მაჩვზღარბს, ირემს და სხვა ცხოველებს. რამდენიმე წლის წინათ ფოტოხაფანგის დახმარებით დაფიქსირდა ლეოპარდის (ჯიქის) არსებობაც, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში ირანიდან შევიდა.

  • ელდორადო ორნიტოლოგებისთვის

დავუბრუნდეთ ისევ ვაშლოვნის შემოგარენს. აპრილის ბოლოს აქაურობა უამრავი ფრინველით ივსება, რომლებიც საინკუბაციო პერიოდებს კლდეებში არსებულ ბუდეებსა და ნაპრალებში ატარებენ. გაზაფხულობით აქ ფრინველთა მრავალფეროვნება ისეთია, რომ თითქმის ნახევარი ევროპის ფრთოსნები ბინადრობენ. ამიტომაც თემო პოპიაშვილის სასტუმრო სახლი, რომელიც დედოფლისწყაროში მდებარეობს, ჭაჭუნას აღკვეთილის ახლოს, ამჟამად მთლიანად დაჯავშნულია, ჯერ კიდევ გასული წლიდან, თუმცა ჯერჯერობით სიჩუმე დგას. "არ ვიცი, ჩამოვლენ თუ არა ისინი“, - ამბობს თემო, 35 წლის მეგობრული ხასიათის მქონე კაცი, ბუნების დამცველი ორგანიზაციის "ნაკრესის“ თანამშრომელი. ორი დღის წინათ იგი ვაშლოვნის პარკში იმყოფებოდა, საძოვრებზე მცენარეთა მდგომარეობის შემოწმების მიზნით.

როცა ვახშმის დროს თემოსთან ქვეყნის ბუნების დაცვის მდგომარეობაზე ვსაუბრობდი, იგი ამბობდა, რომ "ქართული კანონმდებლობა კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები კანონებით არ სარგებლობენ“. მაგიდა ქართული საჭმელების სიუხვისაგან იზნიქებოდა, რომელიც დედამისმა სონიამ მოგვიმზადა - ნიგვზიანი ბადრიჯანიდან დაწყებული, მწვადებით და შემწვარი გოჭით დამთავრებული. წინა წლებში ეკოტურიზმის სეზონმა ისე კარგად ჩაიარა, რომ მან სასტუმრო გააფართოვა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღჭურვა. "ბანკის სესხის დაფარვა რთული გახდა, მაგრამ როგორღაც ვცდილობ“, - ამბობს თემო, - იმედი მაქვს, რომ ზაფხულში და შემოდგომაზე სტუმრები ისევ მომრავლდებიან“.

  • მკითხველთა კომენტარები:

ედვინ ჰუნჰელერი:

"ძალიან საინტერესო პუბლიკაციაა. ვფიქრობ, შთაბეჭდილებების უფრო ვრცლად გადმოცემა შეიძლებოდა“.

ფილიპ დ.

"საქართველო მართლაც ფანტასტიკური ქვეყანაა. მე იქ ნამყოფი ვარ და აუცილებლად დავბრუნდები, როგორც კი შესაძლებლობა მექნება. ყველაზე კარგია ავტომობილი დაიქირავო და ქვეყანა მთლიანად დაათვალიერო. არ აქვს მნიშვნელობა, საით წახვალ - ოთხივე მიმართულებით ყველაფერი საოცარია. საინტერესოს ყველგან ნახავ! მე პირადად ძალიან გაოცებული დავრჩი სტეფანწმინდის ნახვით“.

ანდრეა მოლნარი:

"მე კიდევ იმას დავამატებ, რომ ქართული საჭმელებიც აბსოლუტურად ფანტასტიკურია!"

წყარო

სტატიის ნათარგმნ ვერსიაში გამოყენებულია ფოტოები დაჩი შოშიტაიშვილის "ფეისბუქგვერდიდანაც"

მოამზადა სიმონ კილაძემ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონებში

"არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - ბრძოლა, მარცხი, ემიგრაცია, მაწვნის წარმოება და ოცნება სამშობლოზე

როგორ ულოცავს Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს