ავტორი:

"ამ 14 წელიწადში ქართველი ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთე, დრო ტყუილად არ გამიფლანგავს" - ცუცა კაპანაძე ამერიკულ ცხოვრებასა და მეგობრობაზე, რომელიც ემიგრაციამ გამოსცადა

"ამ 14 წელიწადში ქართველი ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთე, დრო ტყუილად არ გამიფლანგავს" - ცუცა კაპანაძე ამერიკულ ცხოვრებასა და მეგობრობაზე, რომელიც ემიგრაციამ გამოსცადა

14 წლის წინ ამერიკაში ემიგრანტების დიდ ლაშქარს ცუცა კაპანაძეც შეუერთდა. იქ გატარებული წლებით უკმაყოფილო არ არის, რადგან დრო უქმად არ გამიფლანგავს, სასარგებლო საქმეს ვაკეთებდიო... ბოლო დროს სოციალურ ქსელში ნიუ-იორკის ქუჩებიდან ამა თუ იმ ვიდეოს გვაწვდის, სადაც ძირითადად ლექსებს ჩვენთვის კითხულობს. ცოტა ხნის წინ შევეხმიანეთ, ძალიან გაუხარდა და გულიანადაც გვესაუბრა. „საქართველოში ხშირად ვერ ჩამოვდივარ, ჩავარდნები მაქვს - ასე ორი-სამი წელი, რაზეც ვწუხვარ. ბოლოს, 2 წლის წინ, ლევან კოღუაშვილის ფილმის („ბრაიტონი 4“) გამო ჩამოვედი, მე გადამიღო. გადაღება ნიუ-იორკშიც იყო და საქართველოშიც... საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას ასე 5-6 წელიწადში ვგეგმავ. ყოველ შემთხვევაში, ასე მინდა... აქ ნოსტალგია ყველა ქართველს აქვს, სხვანაირად წარმოუდგენელია - როცა შორს ხარ შენი ოჯახისგან, ქვეყნისგან, მშობლიური ყველაფერი გენატრება, მაგრამ თავს არ ვაძლევ იმის უფლებას, რომ ეს გრძნობა მომეძალოს. მას რაც უფრო ჩაუღრმავდები, უფრო გტკივა. კი, ემიგრაციაში შენი ქვეყანა სხვა ტკივილით გტკივა, შორიდან სხვა თვალით უყურებ. ყველაფერი იცვლება - ბევრი რამის გადაფასება ხდება. ბოლო დროს ამ მონატრების გრძნობას კი ასე ვშველი - ლექსების კითხვა დავიწყე და ამის ამსახველ ვიდეოებს ვწერ. თავიდან შექსპირის სონეტებს ვკითხულობდი, ახლა - ქართველ პოეტებს, მინდა, პროზაც წავიკითხო. თეატრი გაჩერებული რომ არის, სცენაც ძალიან მომენატრა. მხატვრულ კითხვას ამ მდგომარეობიდან მართლაც გამოვყავარ. მერე ვიდეოებს სოციალურ ქსელში რომ ვათავსებ, კარგი გამოხმაურება აქვს, მოსწონთ. გვილამაზებ ცხოვრებასო - მეუბნებიან, მეც მიხარია და უფრო ვთამამდები. თუ ვინმეს ტკივილს შევუმსუბუქებ, შვებას იგრძნობს, გამხნევდება, მაგას რა სჯობია?!. წუწუნი არ მიყვარს, პირიქით, ჩემგან გამხნევებას ელიან''...

- ისე, 14 წელი არ არის ცოტა...

- წარმოუდგენელი რამ არის, ვერც ვიფიქრებდი, რომ 14 წელი ასე მალე გაფრინდებოდა. სწრაფად გადის დრო. მიმაჩნია, რომ ეს წლები არ არის დაკარგული, რადგან ამ ხნის განმავლობაში ქართველი ბავშვებისთვის ბევრი რამ გავაკეთე. დრო ტყუილად არ გამიფლანგავს.

- როგორი იყო საქართველოში ცხოვრება შენთვის და როგორი აღმოჩნდა ამერიკა?

- ძალიან კარგი იყო საქართველოში ცხოვრება, მაგრამ ალბათ მკითხავ, - მაშინ რატომ წახვედიო? საქართველოდან წამოსვლამ იმიტომ მომიწია, რომ იმ პერიოდში „პასეანსი“ უკვე დახურული იყო, სერიალები - „კექსი დიდ ქალაქში“ და „ყავა და ლუდი,“ სადაც გადამიღეს, ასევე დაიხურა. „პასიანსელები“ ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ-სტუდია „მოდი-ნახეს“ მსახიობები ვიყავით და ბოლოს იქაც 80 ლარი მქონდა ხელფასი, თუმცა დღემდე ვაგრძელებ ამ თეატრთან თანამშრომლობას. ოღონდ, პანდემია ამაშიც მიშლის ხელს, 2 წელიწადია, საქართველოში ვეღარ ჩამოვედი - საქართველო და ჩემი თეატრიც ძალიან მომენატრა. ...ამერიკაში ჩამოსვლის შემდეგ გვერდში დამიდგნენ - ბატონი ვიქტორ სირელსონი და ქალბატონი ლიკა ბახტურიძე-სირელსონი, რომლებმაც საშუალება მომცეს, ძალიან ადვილად გამეკეთებინა საბუთი „ექსტრა ორდინარი“.

- ეს რას ნიშნავს?

- შენს ქვეყანაში რომ ცნობილი მსახიობი ხარ და უცხო ქვეყნისთვის საჭირო ადამიანი... აქ არის ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრი Dancing Crane, რომელიც უკვე არსებობის 26 წელს ითვლის. მოკლედ, მე, ქალბატონმა ლიკამ, მსახიობმა ხათუნა იოსელიანმა (ჩვენ ერთად წამოვედით ემიგრაციაში) გადავწყვიტეთ, ნიუ-იორკის ქართული თეატრი გაგვეკეთებინა. ეს იმისთვის, რომ არ მოვწყვეტილიყავით ჩვენს საქმიანობას და სულიერად არ გავტეხილიყავით. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო. ფაქტობრივად, მეც და ქალბატონი ხათუნაც თეატრმა გადაგვარჩინა. რომ არა თეატრი და კულტურის ცენტრი, ძალიან გაგვიჭირდებოდა. დიდი მადლობა ამერიკას, რომ გადამარჩინა და საერთოდ, ბევრი ემიგრანტი გადაარჩინა. ამ ქვეყნის უდიდესი მადლიერი ვარ და ვიქნები! ჩვენი მხრიდან კი გადავარჩინეთ საკუთარი ოჯახები, დავეხმარეთ მეგობრებს, ახლობლებს... ...2008 წლის 15 სექტემბერს ანტერკოლეჯის 600-კაციანი დარბაზი გადაჭედილი იყო მაყურებლით, როდესაც ვითამაშეთ სპექტაკლი ოტია იოსელიანის „6 შინაბერა და ერთი მამაკაცი“. სპექტაკლი რომ დამთავრდა, მე და ხათუნა იოსელიანმა ერთად ვიყვირეთ - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“ ჩავეხუტეთ ერთმანეთს და ბევრი ვიტირეთ. ასე რომ, ნიუ-იორკის ქართული კულტურის ცენტრმა მართლაც გადაგვარჩინა.

- ცენტრი რას მოიცავს?

- ცენტრს ქართული კულტურის ყველა დარგი აქვს, სადაც ჭეშმარიტი და არაჩვეულებრივი ქართველი ბავშვები იზრდებიან. თავიანთი ქვეყანა რომ უყვართ, არასდროს რომ მოწყდებიან ფესვებს და საქართველოც იამაყებს ამ შვილებით. მათგან ბევრს აქვს საქართველოში ჩამოსვლის სურვილი.

- პანდემიამ ალბათ საქმიანობაში ხელი თქვენც შეგიშალათ...

- პანდემიის გამო 7 თვე დახურული ვიყავით, რის გამოც დიდი გადასახადი დაგვიგროვდა, რომელსაც ალბათ ნელ-ნელა გადავიხდით... ახლა, როგორც იქნა, გაიხსნა ჩვენი კულტურის ცენტრი. უკვე აქტიურად არის ყველა კლასი საქმეში ჩართული, თუმცა აქამდეც ვმუშაობდით, ოღონდ, ონლაინ სწავლება გვქონდა. ცხადია, ცეკვისა და ბალეტის გარდა. ცეკვა და ბალეტი ონლაინ არ გამოდის... ახლა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პოეზიის საღამო „საქართველოო, ლამაზო“ მივუძღვენით, 22 მაისს გვქონდა ღონისძიება. საბავშვო თეატრში პატარა ჯგუფი მყავს და ეს საღამო მათთან მოვამზადე. 11 ივნისს კი მიუზიკლი - „რწყილი და ჭიანჭველა“ გვექნება. რაც შეეხება მოზრდილთა თეატრს, მე და ქალბატონმა ხათუნა იოსელიანმა „ძველ ვოდევილებზე“ დავიწყეთ მუშაობა. ჩემთან ერთად, იმედა არაბულმა უნდა ითამაშოს. პანდემიამ, როგორც გითხარით, კი შეგვაფერხა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ გავაგრძელებთ. შეიძლება, ეს სპექტაკლი ლიკა სირელსონმა და ნუგზარ ბუცხრიკიძემ დადგან, ვნახოთ...

ისე, არიან ბავშვები, რომელთა მშობლებს დღემდე ეშინიათ შვილების ცენტრში გამოშვება, არადა, წარმოგიდგენიათ, ბავშვი სახლში რომ არის ჩაკეტილი და ნებისმიერ გაკვეთილს ონლაინ იღებს?! მეორეა, მშობლებს ეშინიათ და ვერავის დააძალებ, რეპეტიციაზე აუცილებლად მოიყვანოს... ახლა ამდენხნიანი პაუზის შემდეგ რომ შევიკრიბეთ, ისეთი ხმაური და აჟიოტაჟი იყო, ვინ გისმენდა? - მივხვდი, რომ ვერ დავაწყნარებდი, რადგანაც მონატრებული ჰყავდათ ერთმანეთი, ეხუტებოდნენ, ტიროდნენ, იცინოდნენ. მათი შემყურე კიდევ ერთხელ მივხვდი, - რა ბედნიერებაა სიცოცხლე! პანდემიამ გამოავლინა, კიდევ ერთხელ რომ მთავარი ურთიერთობებია, რომ ამას ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ. ეს ურთიერთობები თაობებმა დიდი სიყვარულით მოიტანეს აქამდე... ამაყი ვარ, რომ ამ კარგ ბავშვებთან მიწევს მუშაობა, თაობასთან რომელიც მეამაყება. მათ გარეშე მომავალზე ვერ იფიქრებ - მინდა, ჩემი ქვეყანა თავისუფალი და გაბრწყინებული იყოს.

- როგორ არის ქალბატონი ხათუნა იოსელიანი. ცოტა ხნის წინ მისი ცოტა სევდიანი ვიდეო ვნახე ოკეანის ნაპირზე გადაღებული...

- ქალბატონი ხათუნა პანდემიის გამო ონლაინ არის ყველაფერში ჩართული და აქტიური. კვირაში ერთხელ მასთან მივდივარ, სულ ვმუშაობთ, პიესებს ვარჩევთ, ვლაპარაკობთ დადგმულ სპექტაკლებზე. მასაც ენატრება თამაში. საერთოდ, მნიშვნელობა არ აქვს, ხელოვანი ხარ თუ არა, როცა შენი საყვარელი საქმის კეთება გენატრება, ძალიან ძნელია. სევდიანი ალბათ ვიდეოში ამის გამო ჩანდა. რა თქმა უნდა, ქალბატონ ხათუნას ძალიან ენატრება ჩვენი საყვარელი საქართველო, მაგრამ ხომ გითხარით, ორივენი მალე დავბრუნდებით, ამაზე ხშირად ვლაპარაკობთ... ახლა ძალიან უნდა, რომ დადგას ორკაციანი სპექტაკლი, სადაც ორივე ვითამაშებთ, თუმცა ახლა ამ პანდემიის გადამკიდე, ვერაფერს ვგეგმავთ. მაგრამ ჩვენ მაინც გაუტეხელი ოპტიმისტები ვართ, ძველი გვარდია, სტამბოლის კაჟები, ყველაფერს დავამარცხებთ, მაინც ვითამაშებთ და ორივე ისევ დავიძახებთ - „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“

- ამერიკამ ძალიან დაგაახლოვათ და დაგამეგობრათ, ხომ?

- საქართველოში თავგადაკლული მეგობრები არ ვყოფილვართ. უბრალოდ, ერთმანეთს კარგად ვიცნობდით და ეს იყო. ჩვენ ნიუ-იორკმა დაგვამეგობრა. აქ ისე შევსისხლხორცდით, რომ სულ მეუბნება, - ჩემი მაკასგან ვერ გარჩევ. ასე მგონია, მე გაგაჩინეო, - 14 წელი არ არის ცოტა. მეგობარს გამოცდა სჭირდება, ჩვენ ერთმანეთი ემიგრაციაში გამოვცადეთ. ნათქვამი კია - „ასი ფუთი მარილი რომ შეჭამო, ადამიანს მაინც ვერ ამოიცნობო“, მაგრამ ჩვენმა სიყვარულმა და მეგობრობამ ყველაფერს გაუძლო და ეს მეგობრობა გაგრძელდება სულ! მადლობა უფალს, რომ აქ მყავს ძალიან ბევრი მეგობარი და ყველას მადლიერი ვარ, ყველა მიყვარს... თქვენც ჩემი მეგობრები ხართ და მიყვარხართ! მადლობა, რომ გახსოვართ და ჩემი ამბებით ინტერესდებით!

"არსდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა" - რას ჰყვება ნანა ჯორჯაძე მარინა ჯანაშიას უკანასკნელ კინოროლზე?

ცნობილმა ქართველმა საოპერო მომღერალმა აშშ-ში კულტურის ცენტრი დააფუძნა - "ეს ადგილი ხელოვანებისთვის ბოჰემური თავშეყრის ადგილად უნდა იქცეს"

"რობიკოს სტატუსებს არ კითხულობთ? მთელი ცხოვრებაა ამბობს, რომ რუსეთი ოკუპანტია" - გოგა ბარბაქაძე რუსთაველის თეატრის მოსკოვში გამგზავრებაზე