ავტორი:

"ღარიბაშვილს თბილისის მერობის სათადარიგო კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილი ჰყავს და არა - თალაკვაძე" - იბრძოლებს თუ არა კახა კალაძე დედაქალაქის თავკაცობისთვის კიდევ ერთხელ?

"ღარიბაშვილს თბილისის მერობის სათადარიგო კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილი ჰყავს და არა - თალაკვაძე" - იბრძოლებს თუ არა კახა კალაძე დედაქალაქის თავკაცობისთვის კიდევ ერთხელ?

თვითმმართველობის არჩევნები ახლოვდება, თუმცა მმართველი პარტია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, ვინ იქნება დედაქალაქის მერობის კანდიდატი. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, მერობის კანდიდატის დასახელებამდე ჯერ ადრეა და შესაძლოა, მისი ვინაობა სექტემბრამდეც ვერ გაიგოს საზოგადოებამ. ამ ეტაპზე გაურკვეველია მოქმედი მერის - კახა კალაძის პოლიტიკური მომავალი. გამოითქმოდა ასეთი ვერსიაც, რომ კალაძე შესაძლოა გახარიას გუნდში გადასულიყო, თუმცა ეს მალევე გამოირიცხა. ამბობდნენ იმასაც, რომ თითქოს კალაძე პოლიტიკიდან წასვლას აპირებდა...

ამასწინათ, თბილისის მერმა ჟურნალისტების კითხვაზე - აპირებს თუ არა მისი კანდიდატურის დაყენებას მერობის პოსტზე? - უპასუხა:

"თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზეა. შესაბამისად, როდესაც იმის დრო მოვა, რომ დასახელდეს კანდიდატები არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, პირველები ამას ჩემგან და პარტიის თავმჯდომარისგან გაიგებთ".

ასეა თუ ისე, ბოლო სიტყვას კალაძე იტყვის, სექტემბრამდე კი ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს.

ძალზე მრავლისმეტყველი იყო "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ამასწინანდელი განაცხადება, როდესაც მან ტელეინტერვიუში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა ახსენა და თქვა, რომ კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის კახა კალაძე რეიტინგით პირველ ადგილზეა, რომ თბილისის მოქმედ მერს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "ქართული ოცნების" გუნდში.

"ჩვენ გვაქვს ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. რა თქმა უნდა, კვლევაში არ იყო დასახელებული ბიძინა ივანიშვილი, იქიდან გამომდინარე, რომ მან დატოვა პოლიტიკა. დანარჩენი ყველა, ვინც არის აქტუალური და დღეს ჩართული პოლიტიკაში, ყველას სახელი და გვარი ვიკითხეთ. შემიძლია ერთი საიდუმლო გაგანდოთ, რომ დღეს კახა კალაძე პირველ ადგილზეა რეიტინგით. ეს არის არსებული მოცემულობა, ის არის გამორჩეულად მაღალრეიტინგული ფიგურა ქართულ პოლიტიკაში და, შესაბამისად, მას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს "ქართული ოცნების" გუნდში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეს მომენტი რაღაცით ჰგავს იმ ცნობილ ეპიზოდს, როდესაც საზოგადოებაში გაჩენილი ეჭვის გასაქარწყლებლად, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ ირაკლი კობახიძეს ტელეკამერების წინ ხელი გადახვია და თქვა, - ირაკლი ჩემი მეგობარიაო... ორი კვირის მერე კი ეს მოჩვენებითი მეგობრობა წარსულს ჩაბარდა.

არსებობს მოსაზრება, რომ კობახიძემ ეს განცხადება გამიზნულად გააკეთა, რათა ირაკლი ღარიბაშვილი გაეღიზიანებინა.

"ბოლო ხანს არავითარი შიდა კვლევა არ ჩატარებულა. კობახიძემ ეს ჰაერზე თქვა, ამით, სავარაუდოდ, უფრო ღარიბაშვილს "დაარტყა“. ფაქტია, კობახიძემ არაადეკვატური ქცევით ყველა გადაიმტერა, ახლა ცდილობს, რომ როგორმე წაჰკიდოს ერთმანეთს კალაძე და ღარიბაშვილი, რომელთაც ერთმანეთი გულზე დიდად არ ეხატებათ", - ამბობს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი წარმომადგენელი ანონიმურად.

ფაქტია, კალაძის ამბავი ჰაერშია გამოკიდებული და როგორც მმართველი პარტიის შიგნით ირწმუნებიან, სექტემბრამდე არაფერი გამოიკვეთება. კალაძე, სავარუდოდ, ბოლომდე დააკვირდება პოცესებს.

"კობახიძეს არ უყვარს კალაძე, მაგრამ ახლა ის ძალიან სჭირდება, არჩევნებზე სჭირდება მისი რეიტინგი... თან კალაძეს ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს, რის გამოყენებასაც თავისებურად ცდილობს კობახიძე", - ამბობს ambebi.ge-ს ერთ-ერთი წყარო.

კითხვაზე, ვინ შეიძლება მოიაზრებოდეს "ოცნებაში" სათადარიგო კანდიდატად თბილისის მერის პოსტზე? - წყარო პასუხობს:

"ღარიბაშვილს სათადარიგო კანდიდატად მისი გუნდის წევრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ჰყავს და არა - თალაკვაძე, რაზეც წერდა მედია... რატომ პოლოლიკაშვილი, რომელსაც არც ისეთი დიდი პოლიტიკური წონა აქვს? პოლოლიკაშვილი ღარიბაშვილის გუნდის წევრია, თანაც მას სულ არ ანაღვლებს, კანდიდატურას ექნება თუ არა რეიტინგი. თუ გახსოვთ, რამხელა პრომოუშენი გაუკეთა ღარიბაშვილმა პოლოლიკაშვილს - ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მან პოლოლიკაშვილი ქებით ცაში აიყვანა. "ვისარგებლებ შემთხვევით და მინდა, ჩემი და მთავრობის სახელით გულწრფელი მადლობა გადავუხადო ზურაბ პოლოლიკაშვილს, რომელიც არის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და საუკეთესო ელჩი მთელს მსოფლიოში ჩვენი სახელით. ის ძალიან კარგ საქმეებს აკეთებს“, - განაცხადა მან.

მოკლედ, კალაძე არც ღარიბაშვილს და არც კობახიძეს გულზე დიდად არ ეხატებათ, თუმცა, ფიქრობენ, რომ მომავალ არჩევნებზე კალაძე სჭირდებათ. მას საკმაო გავლენა აქვს პარტიის შიგნითაც და მხარდამჭერებზეც. ვნახოთ, რა გეგმები აქვს თვითონ კალაძეს... ეს უკვე მალე გამოჩნდება".

"ხელისუფლებაში ყოფნისას რა გააკეთა, რომ მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები თუნდაც, ნაწილობრივ მოეგვარებინა" - სერგეენკო გახარიაზე

"დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია" - რას ამბობს ევროპარლამენტარი იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს

თამარ კორძაიამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა