ავტორი:

გიორგი გახარიას ახალი პარტია "საქართველოსთვის" - როგორია ახალი ორგანიზაციის ლოგო და ვის ვიხილავთ  ექსპრემიერის გვერდით?

გიორგი გახარიას ახალი პარტია "საქართველოსთვის" - როგორია ახალი ორგანიზაციის ლოგო და ვის ვიხილავთ  ექსპრემიერის გვერდით?

29 მაისს, "ექსპო ჯორჯიაში“ ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური ძალის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. Ambebi.ge -ს ინფორმაციით, ღონისძიება ხვალ 5 საათზე დაიწყება. გახარიას პარტიას სახელად ერქმევა "საქართველოსთვის". ყრილობაზე წარმოდგენილი იქნებიან დელეგატები საქართველოს ყველა რეგიონიდან. პრეზენტაციაზე გიორგი გახარია უკვე თანაპარტიელებთან ერთად ახალი ორგანიზაციის ხედვას გააცნობს საზოგადოებას. დამფუძნებლებს შორის იქნება დეპუტატი გიგი ხოჯევანიშვილიც. პარტიაში იქნებიან ახალი სახეებიც. მათ შორის: გიორგი გოგუაძე, რომელიც არასამთავრობო სექტორიდან მოდის, ყოფილი ელჩი ნატოში ლევან დოლიძე და განათლების საკითხთა ექსპერტი რუსუდან თევზაძე, რომელსაც გახარიას მომავალი პარტიისთვის "ფეისბუქის" პირად გვერდზე დიდი პოსტი აქვს მიძღვნილი. გთავაზობთ ამონარიდს:

"რაც უფრო ახლოვდება ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ძალის პრეზენტაციის დრო, მით უფრო აბსურდული და გაუგებარი ხდება ის გამონათქვამები, რომლებსაც ვისმენთ და ვკითხულობთ „ქართული ოცნების“ აქტიურ წევრთა და მხარდამჭერთა მხრიდან. მმართველი პარტიის ერთ დროს მშვიდი, თავის თავში დარწმუნებული და მეტნაკლებად გაწონასწორებული პოლიტიკოსების ნაწილი დაუფარავ აგრესიასა და ისტერიის ნიშნებსაც კი ავლენს ჯერაც არარსებული პარტიისა და მისი მომავალი ლიდერის მიმართ, რომელმაც დღემდე შეინარჩუნა აკადემიური სიმშვიდე და ნიაღვარივით წამოსულ არცერთ უარყოფით, დამამცირებელ შეფასებასა თუ დამცინავ კომენტარს არ უპასუხა.ფაქტია, რომ დღევანდელი პოლიტიკური „ბალაგანის“ შემხედვარე, გახარიას ახალი პოლიტიკური პარტია, დიდი ალბათობით, საკმაოდ წონადი და ანგარიშგასაწევი ძალა გახდება, რომელმაც, კონსტრუქციული ოპოზიციის სერიოზული და მნიშვნელოვანი ნიშა უნდა დაიკავოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში..."

ჩვენი წყაროს თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ პარტიის რიგებში იქნება ცნობილი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, სიმართლეს არ შეეფერება, დიდი ალბათობით, გახარიას გვერდით, როგორც პარტიის წარმომადგენლები, არ იქნებიან ძმები არველაძეებიც, თუმცა მის მხარდამჭერთა შორის შეიძლება ვიხილოთ კიდეც.

გახრიას გუნდს უერთდება ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილიც. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ "ფეისბუქში“ წერს.

როგორც აბაშიშვილი აღნიშნავს, მისი და გიორგი გახარიას ხედვები ერთმანეთს ძალიან ემთხვევა.

"ორი თვის წინ აღვნიშნე და ვისურვე, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო, დარჩა და აქტიურდება. მე მისი პოლიტიკაში ყოფნა მომწონს, ჩვენი ხედვები ძალიან ემთხვევა ერთმანეთს! ვაფასებ მის თანამოაზრეებს და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება მხარი დავუჭირო და შევუერთდე გახარიას გუნდს!“- წერს აბაშიშვილი.

გახარიას პარტიის ლოგო კი ასე გამოიყურება:

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა. როგორც მან განმარტა, გაუმართლებლად მიაჩნდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობდა პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. გიორგი გახარიას თქმით, გადადგომის მიზეზი ასევე იყო ის, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ხელისუფლებაში ყოფნისას რა გააკეთა, რომ მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები თუნდაც, ნაწილობრივ მოეგვარებინა" - სერგეენკო გახარიაზე

"დანარჩენი ოპოზიციის ხარჯზე ფონს გასვლა, არაკონსტრუქციული პოლიტიკის ნიშანია" - რას ამბობს ევროპარლამენტარი იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს