რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგო, მერი ჯორჯინი გავიცანი, რომელიც უკვე 11 წელია, იტალიაში, რომში ცხოვრობს. მერი ოპერის მომღერალია, ერთადერთი ქართველია, რომელმაც რომის კონსერვატორიაში სრული დაფინანსებით ჩააბარა, წლების შემდეგ პატარა ბიზნესი წამოიწყო და დღემდე იტალიაში ცხოვრობს. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ ჯორჯინს წინ დიდი გეგმები აქვს და კარიერული თუ ბიზნესის წარმატების მხრივ ბევრ საინტერესო სიახლეს გეგმავს. მერის თავისი ამბისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოყოლა ვთხოვე.
- საიდან მოდის შენი ფსევდონიმი - ჯორჯინი?
- ამ სახელს თავისი ისტორია აქვს. ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი მერი ღონღაძეა, თუმცა ღონღაძე რთული გამოსათქმელი გვარია, ამიტომ უკვე წლებია მიცნობენ, როგორც მერი ჯორჯინს. ბავშვობაში თამარ ივერის დიდი ფანი ვიყავი, ბათუმში ჩავდიოდი, რომ მისთვის მომესმინა. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ გავიგე, რომ თამარ ივერის გვარი ჯავახიშვილია და ივერი ფსევდონიმია. მეც დავფიქრდი, ამ სფეროში უნდა გამეგრძელებინა კარიერა და ფსევდონიმი დამჭირდებოდა, ამიტომ მალევე ჯორჯინი ავარჩიე და მას შემდეგ ყველა ასე მიცნობს - მერი ჯორჯინი.
- როგორ დაიწყო შენი და სიმღერის ურთიერთობა?
- ღრმა ბავშვობიდან ვმღერი. 6 წლის ასაკში ფორტეპიანოზე მიმიყვანეს, ასევე, ვმღეროდი ანსამბლ "გვირილაში" და პირველად სწორედ ანსამბლთან ერთად ჩავედი იტალიაში, სიმღერის კონკურსზე, სადაც ვენეციის საბავშვო ფესტივალის პრემია მოვიგე. იტალიაში მოგზაურობის შემდეგ შემიყვარდა ოპერა, რამდენიმე წელში ანსამბლიდან გამოვედი და ლიანა კალმახელიძესთან გავაგრძელე სიმღერა. ქალბატონმა ლიანამ შვილივით გამზარდა.
12 წლიდან ოპერაში აქტიურად დავიწყე სიარული, ყველა დადგმა და ყველა გენერალური რეპეტიცია მაქვს ნანახი. 12 წლის ვიყავი, როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრში "ტრავიატა" ვნახე და მივხვდი, რომ ოპერა გაგიჟებით მიყვარდა. 2 წელი ოპერაში სტაჟიორად ვმუშაობდი და კონსერვატორიაში ჩაბარებამდე სპეციალური მოსამზადებელი კურსიც გავიარე. მართალია არ გამიმართლა და საქართველოში ვერ ჩავაბარე, სამაგიეროდ - იტალიაში წამოვედი.
იმ დროს ცუდი პერიოდი დამემთხვა, განათლების სისტემა შეიცვალა და პირველი წელი იყო, როდესაც ეროვნული გამოცდების ჩაბარება დაიწყეს, მე ვიყავი პირველი ნაკადი. იმავე წელს კონსერვატორიაში მისაღები ბავშვების რაოდენობაც შეამცირეს, მხოლოდ 8 ბავშვს იღებდნენ - 4 გოგოსა და 4 ბიჭს. ქულების მიხედვით მე-5 ვიყავი და კონსერვატორიაში ვერ მოვხვდი. დეპრესიაში ჩავვარდი, ვინერვიულე და სახლში ვთქვი, რომ იტალიაში უნდა წავსულიყავი. ვთქვი და იმავე წელს წავედი. ჩავაბარე ოზიმოს აკადემიაში. მე რომ ჩავაბარე, მაშინ იქ 5 ქართველი სწავლობდა. იტალიაში არავინ მყავდა, მარტო ვიყავი და იქ ჩაბარება ჩემთვის ძალიან დიდი პირადი გამარჯვება იყო.
- სკოლის დასრულების შემდეგ მალევე წახვედი იტალიაში, ამხელა ქვეყანაში მარტო წასვლა დიდი გამბედაობაა...
- ოპერის მომღერლობა მინდოდა, ეს ოჯახის წევრებმაც იცოდნენ და ჩემი გადაწყვეტილება მათთვის უცხო არ ყოფილა. იტალიურ ენას ბავშვობიდან ვსწავლობდი და იქ ჩასვლისას გამართულად ვწერდი და ვსაუბრობდი. მარტო ცხოვრება არ გამჭირვებია, ოჯახის წევრებმა ღრმა ბავშვობიდან დამოუკიდებლობას შემაჩვიეს. იტალიაში ნამყოფი ვიყავი და ეს გარემო ბოლომდე უცხო არ იყო ჩემთვის. ზოგადად, ამ მხარეში ბევრი პატარა ქალაქია, ამასთან შეგუება გამიჭირდა. თბილისის შემდეგ ისეთ ქალაქში აღმოვჩნდი, რომლის შემოვლაც ერთ დღეში შეიძლებოდა და ეს მეუცხოვა. თავიდან ყველა ქართველი გადის პერიოდს, როდესაც თავს მარტოდ გრძნობს, თუმცა შემდეგ ეგუები ყველაფერს.
- რთული იყო ოზიმოს აკადემიაში მოხვედრა?
- შეიძლება ითქვას, რომ - ძალიან რთულიც კი. გავიარე 2 ტური და ვიმღერე 6 ნაწარმოები. ჩავაბარე, თუმცა ორმაგი სირთულე წინ მელოდა. აკადემიაში სწავლა მიმდინარეობს დილის 10 საათიდან პირველ საათამდე, შემდეგ, შუადღეს იკეტება და 4 საათიდან 8-ის ნახევრამდე გრძელდება.
ერთი სასაცილო ამბავიც გადამხდა. იმ პერიოდში ცენტრალურ იტალიაში სამუშაო საათები უცნაურად იყო დაწყობილი. თუ არ ვცდები, დღემდე ასეა, იტალიელები 1-მდე მუშაობენ შემდეგ ისვენებენ და 4-დან აგრძელებენ სამუშაო დღეს. შუადღეს შედიან სახლებში, კეტავენ ფანჯრებს და იძინებენ. ეს უცნაური წესი ჩემთვის ახალი იყო და ერთ დღეს, აკადემიიდან გამოსული, გაოგნებული დავრჩი - პირველ საათზე ქალაქი ცარიელი დამხვდა. ისე ემთხვეოდა, რომ დილით, აკადემიაში მისვლამდე, ვერსად წასვლას ვახერხებდი, შუადღეს ყველაფერი ისვენებდა და საღამოს, აკადემიიდან გამოსულს, მაღაზიები უკვე დაკეტილი მხვდებოდა. ოზიმოს აკადემიაში 2 წელი ვისწავლე და შემდეგ რომში გავაგრძელე სწავლა. იქ მოხვედრაში საქართველოს საელჩო დამეხმარა.
პირდაპირ შევიტანე საბუთები რომის კონსერვატორიაში, სანტა ჩეჩილიაში. დღეის მონაცემებით, რომის კონსერვატორია მხოლოდ ერთ ქართველს აქვს დამთავრებული და მეორე - მე ვარ. ჩავირიციხე მაქსიმალური ქულით, მოულოდნელი იყო, თუმცა მზად ვიყავი ახალი შანსისთვის. კონსერვატორიაში 5 წელს ვისწავლე...წაიკითხეთ სრულად