29 მაისს, ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა, რომელზეც პარტიის თავმჯდომარედ ექსპრემიერი აირჩიეს და ასევე წარადგინეს პარტიის პოლიტსაბჭო. ახალ პარტიას სახელად "საქართველოსთვის“ ჰქვია. "არ მეშინია არაფერზე საუბრის, რაც გამიკეთებია და რაში მონაწილეობაც მიმიღია და როგორც აქამდე გამიცია ნებისმიერი კითხვაზე პასუხი, ასე გავაგრძელებ“, - განაცხადა გახარიამ, რომლის თქმითაც, პარტია შეიქმნა "საქართველოსთვის და არავის საწინააღმდეგოდ“. 31 მაისს კი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია ნაციონალური ტელევიზიების "თოქ შოუების" წამყვანებს შეხვდა და მათ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში უპასუხა. "პალიტრანიუსის" წამყვანმა ემა ტუხიაშვილმა მას ჰკითხა, - რამდენად გამოვიდა ის პრემიერის როლიდან უკვე და რისთვის მოიხდიდა ამ ეტაპზე ბოდიშს?
"გამოვედი პრემიერის როლიდან, მინდა გითხრა, რომ უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს, თავისუფალების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზირებული და უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით და კიდვე ბევრი პლუსია ამ ყველაფერში, თუმცა ის შესაძლებლობები, რასაც გაძლევს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობა, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, მით უფრო როცა გაქვს სურვილი ეს შესაძლებლობები გამოიყენო მაქსიმალურად, რაც ხან გამოგვდიოდა და ხან - არა.
რაც შეეხება ბოდიშს, ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როდესაც ის გააზრებულია და დაკავშირებულია კონკრეტულ ფასეულობებთან. მაშინ ის ბოდიში იყო აბსოლუტურად გააზრებული და დაყრდნობილი ფასეულობებზე. ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის ახლა არ ვარ მზად, თუმცა, ცოტა დრო რომ გვქონდეს დაფიქრებისთვის, ალბათ ასეთ მიზეზებს ვიპოვიდი", - განაცხადა გახარიამ.