უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან რამდენიმე შეზღუდვა იხსნება.
როგორც უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განმარტა, სახმელეთო საზღვრები გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით და PCR უარყოფითი ტესტის პასუხით, ან მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით.
"ამ შემთხვევაში, პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებული იქნებიან, მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი. აქვე გაცემულია რეკომენდაცია, რომ ყველა ვიზიტორს თან ჰქონდეს ჯანმრთელობის დაზღვევა, რომელიც ასევე ფარავს კოვიდთან დაკავშირებულ შემთხვევებსაც. გარდა ამისა, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხით შეეძლებათ, ემატება კანადა, იაპონია, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა და ომანი", - განაცხადა ღიბრაძემ.
1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად იხსნება და მათ საშუალება ექნებათ, სტუმრებს დახურულ სივრცეშიც გაუმასპინძლდნენ. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
მიუხედავად ამისა, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს და ბანკეტს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმეთვიანი აკრძალვის შემდეგ, კვების ობიექტებმა მუშაობა 15 თებერვალს განაახლეს, თუმცა მხოლოდ ღია სივრცეებში. მოგვიანებით, 8 მარტიდან გაიხსნა დახურული სივრცეებც. ამ დრომდე ძალაში რჩებოდა შაბათ-კვირის აკრძალვა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების აქტიური ტემპით მოხსნა აღარ იგეგმება.
როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, დღეს არსებული რეგულაციები ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების შესაძლებლობას იძლევა.
„ძალიან ბევრი შეზღუდვა მოიხსნა ბოლო პერიოდის განმავლობაში, მეტად აქტიური ტემპით შეზღუდვების მოხსნა, რა თქმა უნდა, აღარ იგეგმება, რადგან ის რეგულაციები, რომელიც დაწესებულია ტურიზმის და სარესტორნე ბიზნესისთვის უნდა იქნეს ზედმიწევნით დაცული იმისთვის, რომ მათ შეძლონ ტურისტების აქტიური შემოსვლის პერიოდში უსაფრთხო მუშაობის გაგრძელება. ეს არის რეგულაცია, რომელიც ჩვენ გვაძლევს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს შენარჩუნების შესაძლებლობას“, - განაცხადა გაბუნიამ.