ავტორი:

"COVID გადატანილებს იმუნიტეტი, ე.წ. აფრიკული შტამისგან ყველაზე ნაკლებად იცავს, არსებული ვაქცინები ასევე ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან" - თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მუტაციებზე

"COVID გადატანილებს იმუნიტეტი, ე.წ. აფრიკული შტამისგან ყველაზე ნაკლებად იცავს, არსებული ვაქცინები ასევე ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან" - თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მუტაციებზე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ის ე.წ. ინდური და ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამების თავისებურებებს განმარტავს.

ის აღნიშნულთან დაკავშირებით, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვრცელ ინფორმაციას აქვეყნებს და ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

ცერცვაძის განმარტებით, ე.წ. ინდური შტამი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაშია და საქართველოში მისი გავრცელების სერიოზული რისკი არსებობს.

მისივე თქმით, COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი ე.წ. ინდური შტამისგანაც იცავს, თუმცა, ნაკლებად.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამით გამოწვეული დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასთან დაკავშირებით დადასტურებული მონაცემები არ არსებობს.

ცერცვაძის თქმითვე, COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი, ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამისგან შედარებით ნაკლებად იცავს, ვიდრე სხვა შტამებისგან.

„ბოლო დროს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც მოსახლეობა დიდ ინტერესს იჩენს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის SARS-CoV-2-ის სხვადასხვა შტამის მიმართ, რამეთუ, მათ შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული თვისებები, რომელთაც შეუძლიათ გავლენა მოახდინონ დაავადების მიმდინარეობაზე.

ზოგადად, ვირუსებს ახასიათებთ მუტაგენეზი, ანუ მუტაციების წარმოქმნის პროცესი, რაც გულისხმობს ცვლილებებს ვირუსის გენომში და შესაბამისად, ვირუსის ანტიგენურ სტრუქტურაში. გამონაკლისი არც SARS-CoV-2-ია. მუტაციები შეიძლება იყოს მცირე, რომელიც პრაქტიკულად არ ახდენს გავლენას ვირუსის თვისებებზე და ხშირად შეუმჩნეველი რჩება და უფრო სერიოზული მუტაციები, რომელსაც შეუძლია სერიოზულად შეცვალოს ვირუსის ანტიგენური სტრუქტურა და წარმოშვას ახალი შტამი.

სადღეისოდ ცნობილია SARS-CoV-2-ის 10-მდე სხვადასხვა შტამი, რომელთან ყველაზე მნიშვნელოვნად ითვლება ხუთი შტამი: ე.წ. ჩინური (საწყისი შტამი), ე.წ. ბრიტანული, ე.წ. ბრაზილიური, ე.წ. სამხრეთ აფრიკული და ე.წ. ინდური - იმის მიხედვით, თუ რომელ ქვეყანაში იქნა ეს შტამი პირველად ნანახი. აგრეთვე აშშ-სთვის ლოკალურად მნიშვნელოვანი ე.წ. კალიფორნიული შტამი.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად შტამები მოიხსენიება არა ქვეყნის დასახელებით, არამედ სპეციალური კოდებით, მაგ., ე.წ. ინდური შტამის კოდია B.1.617, ბრიტანული შტამის - B.1.1.7 და ა.შ. გარდა ამისა, სულ ახლახანს თითოეულ შტამს ჯანმო-მ მიანიჭა დასახელება ბერძნული ანბანის მიხედვით: Alpha - ბრიტანული შტამი, Beta - სამხრეთ აფრიკული შტამი, Gamma - ბრაზილიური შტამი, Delta - ინდური შტამი და Epsilon - კალიფორნიული შტამი და ა.შ.

ეს შტამები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სიხშირით გვხვდება. საქართველოში ამჟამად დომინირებს ე.წ. ბრიტანული შტამი (Alpha) და ე.წ. ჩინური (საწყისი) შტამი. თუმცა, ცალკეულ ავადმყოფებში უკვე დაფიქსირებულია ე.წ. ინდური შტამი (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამები.

მოსახლეობის ინტერესი სადღეისოდ განსაკუთრებით მაღალია ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამების მიმართ, ამიტომ დღევანდელ პოსტში შევეხებით ამ შტამების თავისებურებებს. ძირითადად შევეცდებით ვუპასუხოთ იმ კითხვებს, რომლებიც ყველაზე უფრო ხშირად ისმება.

ე.წ. ინდური შტამი გამოვლინდა 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში, მაგრამ აქტუალური გახდა 2021 წლის აპრილ-მაისში. სადღისოდ ე.წ. ინდური შტამი გავრცელებულია მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში და არსებობს საქართველოში მისი გავრცელების სერიოზული რისკი. სულ ახლახან იგი დაუდასტურდა საქართველოში მყოფ 5 COVID პაციენტს, რომელთაგან 2 საქართველოს, ხოლო 3 უცხოეთის მოქალაქეა. ე.წ. ინდური შტამის თავისებურებები, რომელიც მას განასხვავებს სხვა შტამებისგან ჯერ კარგად შესწავლილი არ არის და კვლევის პროცესშია. წინასწარი მონაცემებით მას შეიძლება ახასიათებდეს შემდეგი თვისებები:

ე.წ. ინდურ შტამს სავარაუდოდ ახასიათებს ჩვეულებრივ სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მაღალი გადამდებლობა და შესაბამისად, უფრო სწრაფად გავრცელების უნარი.

ე.წ. ინდური შტამი სავარაუდოდ, სტანდარტულთან (ჩინურთან) შედარებით უფრო მეტად ასნებოვნებს ახალგაზრდა და ბავშვთა ასაკის პირებს. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს იმით, რომ ამ კატეგორიის ადამიანებში ვაქცინაციის პროცენტი ბევრად დაბალია.

წინასწარი მონაცემებით, ე.წ. ინდური შტამი ექსპერიმენტულ ცხოველებში იწვევდა სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მძიმე დაავადებას, თუმცა, რამდენად ვრცელდება ეს ადამიანებზე დადგენილი არ არის.

COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი იცავს ე.წ. ინდური შტამისგანაც, მაგრამ სავარაუდოდ ნაკლებად.

დღეს არსებული ვაქცინებიც ასევე პოტენციურად შედარებით ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან, თუმცა, ახლახან აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ე.წ. ბრიტანული შტამისგან იცავს 93%-ით, ხოლო ე.წ. ინდური შტამისგან - 88%-ით.

COVID-19-ის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მონოკლონური ანტისხეულებიც პოტენციურად შედარებით ნაკლებად ეფექტიანია ე.წ. ინდური შტამის მიმართ.

რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ აფრიკულ (Beta) შტამს, იგი პირველად გამოვლენილ იქნა ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში, მაგრამ აქტუალური გახდა 2020 წლის დეკემბერში. სადღეისოდ ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამი გავრცელებულია მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში. მისი გავრცელების რისკი საქართველოშიც არსებობს, თუმცა, იგი შედარებით მცირეა. სულ ახლახანს ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამი დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს. სხვა შემთხვევები ჯერ დაფიქსირებული არ არის.

ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამის თავისებურებებიც ჯერჯერობით ბოლომდე კარგად შესწავლილი არ არის და კვლევის პროცესშია. წინასწარი მონაცემებით მას შესაძლებელია ახასიათებდეს შემდეგი თვისებები: დადასტურებულია, რომ ე.წ. სამხრეთ აფრიკულ (Beta) შტამს ახასიათებს ჩვეულებრივ სტანდარტულ (ჩინურ) შტამთან შედარებით უფრო მაღალი (დაახლოებით 50%-ით) გადამდებლობა და შესაბამისად, უფრო სწრაფად გავრცელების უნარი.

ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამით გამოწვეული დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობასთან დაკავშირებით დადასტურებული მონაცემები ჯერჯერობით არ არსებობს.

COVID გადატანილ პირებში შეძენილი იმუნიტეტი, ისევე როგორც კონვალესცენტის პლაზმა, ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამისგან შედარებით (ზომიერად) ნაკლებად იცავს, ვიდრე სხვა შტამებისგან.

დღეს არსებული ვაქცინებიც ასევე შედარებით (ზომიერად) ნაკლებად იცავენ ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისგან, ვიდრე სხვა შტამებისგან.

COVID-19-ის საწინააღმდეგოდ გამოყენებული მონოკლონური ანტისხეულებიც გაცილებით ნაკლებად ეფექტიანია ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ. გამონაკლისი შეიძლება იყოს კომპანია Regeron-ის მიერ წარმოებული მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილი.

ახლა, როგორი იქნება რეკომენდაციები: ე.წ. ინდური (Delta) და ე.წ. სამხრეთ აფრიკული (Beta) შტამებით გამოწვეული COVID-19-ის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის რაიმე განსაკუთრებულს ვერ გავაკეთებთ. ერთადერთი უნდა გავაძლიეროთ სიფხიზლე და უფრო მკაცრად დავიცვათ არსებული რეგულაციები - პირველ რიგში, პირბადეების ტარება და თავის არიდება ხალხმრავალი შეკრებებისგან. შესაბამისმა სტრუქტურებმა და მოსახლეობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა შეძლებისამებრ თავიდან ავირიდოთ ე.წ. ინდური და განსაკუთრებით ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის საქართველოში გავრცელება - კერძოდ, ეპიდკონტროლის გამკაცრება იმ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირებზე, სადაც ეს შტამები გავრცელებულია“, - წერს თენგიზ ცერცვაძე.

"მივმართავ მოსახლეობას, არავითარ შემთვევაში არ გაიტეხონ გული..." - თენგიზ ცერცვაძის განცხადება დაგვიანებულ ვაქცინაციაზე

"ერთი თვე კლინიკაში იმყოფებოდა..." - ჩოხატაურის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი კორონავირუსით გარდაიცვალა

"ვაქცინების უქონლობით გამოწვეული სევდის გადაფარვის მცდელობაა... ეს ყველაფერი რისკის შემცველია" - როგორ აფასებს კულუმბეგოვი შეზღუდვების შემსუბუქებას?