ავტორი:

"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან

"საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას" - რას ითხოვენ შუქრუთელები აშშ-ის საელჩოსთან

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთის 10 ოჯახის წარმომადგენლები მეხუთე დღეა თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან მართავენ საპროტესტო აქციას. მათი გარკვეული ნაწილი 24-ე დღეა შიმშილობს. აქციის მონაწილეთაგან ხუთმა კაცმა და სამმა ქალმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე ჩვენთან აცხადებს, რომ მოშიმშილეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. "სასწრაფო სასწრაფოზე მოდის. საავადმყოფოში გადაყვანაა საჭირო, მაგრამ არ მიყვებიან. გამოდის, რომ უნდა შევეწიროთ ამ უსამართლობას", - გვეუბნება აქციის მონაწილე. შუქრუთელები ამბობენ, რომ მათი პრობლემებით არავინ ინტერესდება, ამიტომ სხვა გზა არ დარჩათ - დახმარების სათხოვნად მეგობარი ქვეყნის ელჩთან მივიდნენ.

"ვიდრე რეალურად არ გადაიჭრება ჩვენი პრობლემა, ამერიკის საელჩოდან წასვლას არ ვაპირებთ. აქედან ან გათიშულებს წაგვიყვანენ, ანაც ცოცხლები წავალთ, პრობლემამოგვარებულები. მთელი სოფელი კატასტროფის წინაშე დგას. ნგრევის პროცესია დაწყებული. არის იმის საფრთხე, რომ ერთ დღეს სოფელი, უბრალოდ, ჩაინგრეს და მიწაში ჩაიძიროს. ვინ აიღებს პასუხისმგებლობას თუ ასე მოხდა? ყველაზე დამთრგუნველი ის არის, რომ ჩვენი პროტესტის პარალელურად მადნის მოპოვების სამუშაოები კი არ შეჩერდა, უფრო მეტად გაააქტიურეს.

დავრწმუნდით, რომ შუქრუთში მცხოვრებთ ადამიანებად არ აღგვიქვამენ. ჩვენს სოფელში შექმნილი ვითარება არის მაგალითი იმისა, თუ როგორ არავის აინტერესებს ამ ქვეყანაში ადამიანები, სამართალი და კონსტიტუცია. ერთ კომპანიაზეა მორგებული მთელი სოფელი. ისინი ყველგან იმას აკეთებენ, რაც უნდათ და როგორც უნდათ. ამათ არც არავის საკუთრება აინტერესებთ და არც ადამიანური შეხედულებები", - ამბობს გიორგი ნეფარიძე, რომელიც პირველივე დღიდან შიმშილობს და პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი.

  • რას ითხოვენ შუქრუთელები?

გიორგი ნეფარიძე ამბობს, რომ "ჯორჯიან მანგანეზი“, მისი შვილობილი კომპანიის "შუქრუთი+“ მეშვეობით მადანს უკანონო, სწრაფი წესით მოიპოვებს. რის გამოც სოფლის ქვეშ 12 გვირაბია შეჭრილი და მათ სახლებს ქვემოთ ოთხი მეტრის სიცარიელეა.

"როდის დაგვენგრევა სახლები თავზე და ამოვიხოცებით, არ ვიცით. ვითხოვთ, რომ ელჩმა გვიშუამდგომლოს სახელმწიფოსთან, რათა დაინტერესდნენ ჩვენი პრობლემებით. მოვითხოვთ, რომ ზარალის შეფასების პროცესში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო ჩაერთოს. რათა შეაფასოს ჩვენი ზარალი და გადმოგვეცეს შესაბამისი კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობის თანახმად. გვინდა, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე", - ამბობს გიორგი ნეფარიძე.

შუქრუთელებმა საკუთარი მოთხოვნები, ის რაც მათი პოზიციით, ორმხრივ ხელშეკრულებაში უნდა ჩაიწეროს, "ჯორჯიან მანგანეზს“ ერთი კვირის წინ გაუგზავნეს. კომპანიამ პროცესში სამხარაულის ეროვნული ბიუროს ჩართვაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა კონკრეტულად როგორ და რა პრინციპით აანაზღაურებენ ზარალს, ხელშეკრულებაში არ ჩაუწერიათ. რაც ადგილობრივებს უჩენს განცდას, რომ კომპანია მათ ატყუებს.

  • რას სთავაზობს "ჯორჯიან მანგანეზი“ შუქრუთელებს

Ambebi. Ge ორი დღის განმავლობაში ცდილობდა "ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენლებთან დაკავშირებას, თუმცა არაერთგზის დაპირების მიუხედავად, მათ ჩვენს კითხვებს არ უპასუხეს. ამიტომ გთავაზობთ მათ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც 31 მაისს გაავრცელეს.

"ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის განცხადებით, კომპანია თანახმაა, მცხოვრებლების მოთხოვნის საფუძველზე, ზიანის ოდენობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ განსაზღვროს. მისი თქმით, კომპანია მოსახლეობასთან კომუნიკაციისა და პრობლემის მოგვარებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

ჩვენ მათ გავუგზავნეთ ხელშეკრულების დრაფტი და მივიღეთ მათი ცვლილებებით, სადაც აბსოლუტურად სხვა რაღაც ეწერა. ჩვენ ისევ იმავეს ვთავაზობთ, რომ შევაფასოთ ზარალი სამხარაულის ბიუროთი. ასევე, ჩვენ გვაქვს ხელშეკრულება, რასაც ვუდებთ მთელ სოფელს და ეს ხელშეკრულება იციან მათ, იციან თანხები, როგორც შეფასდა მათი ქონება და შეგვიძლია გავაფორმოთ ხელშეკრულებები. ხელშეკრულებამდე არც მივედით მათთან. სავარაუდოდ, თანხის ოდენობა არ აკმაყოფილებდათ. თუმცა თანხები მე დავასახელე - ეს არ არის 10, 15 და 30 ათასი, ხშირ შემთხვევაში, რამდენიმე პიროვნებასთან, - სახელებს ვერ ვიტყვი, - არის 80, 120, 148 ათასი ლარი, ზოგჯერ 200 ათას ლარს სცდება ანაზღაურება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

გიორგი ნეფარიძისთვის ეს განცხადება ხალხის სიცრუეში შეყვანის მცდელობაა და სხვა არაფერი. მისი თქმით, შუქრუთელებმა კომპანიასთან კომუნიკაციის ყველა რესურსი ამოწურეს.

"რა შემოგვთავაზა კომპანიამ? მერწმუნეთ, არაფერი შემოუთავაზებია ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. ვინმე რომ რამეს გვთავაზობდეს, სამ თვეზე მეტია კარავში ვცხოვრობთ და 2018 წლიდან ნახევრად ქუჩაში გვიწევს ცხოვრება, როგორ ფიქრობთ გვეხალისება? საკუთარ სიცოცხლეს ასეთ რისკის ქვეშ დავაყენებდით? ისინი თავიანთი განცხადებებით ცდილობენ შეცდომაში შეიყვანონ ხალხი, თითქოს რამეს გვთავაზობდნენ და ჩვენ უფრო მეტს ვითხოვდეთ, იმდენს, რაც არ გვეკუთვნის. ხელშეკრულებაში წერია, რომ ანაზღაურდება მხოლოდ ქვეკონტრაქტორი კომპანიის მიერ მიყენებული ზარალი. ეს შვილობილი კომანია სულ ერთი წელია, რაც ჩვენს ტერიტორიაზე მუშაობს. სახლები კი 2018 წლიდან გვენგრევა თავზე. ამიტომ მხარე უნდა იყოს "ჯორჯიან მანგანეზის“ და მან აიღოს საკუთარ თავზე სრული პასუხისმგებლობა. " - გვეუბნება ნეფარიძე.

  • ამერიკის ელჩის რეაგირება შუქრუთელების პრობლემაზე

აქციის ერთ-ერთი მონაწილის ინფორმაციით, საელჩოსთან ყოფნის მეოთხე დღეს, ანუ გუშინ, მათთან ამერიკის ელჩის წარმომადგენელი მივიდა და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ კელი დეგნანი პრობლემის საქმის კურსშია და რომ ელჩმა ომბუდსმენს და არასამთავრობო ორგანიზაციებს მედიაციის პროცესში ჩართვა დაავალა.

"გამორიცხულია, კორონავირუსის გამო აბიტურიენტმა გამოცდები სახლიდან ჩააბაროს" - 2021 წლის ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია

ამერიკელი დიპლომატისა და ქართველი ქალის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია - ვინ არის ინგა ქერსი-ჟორჟოლიანი, რომელსაც ვაშინგტონში Pink Lady-ის სახელით იცნობენ

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი 6-მა ბავშვმა დატოვა, მუშაობა მიდის კიდევ 10 ბავშვის გაყვანაზე