ავტორი:

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას

"ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა?" - რა შეფასებები მოჰყვა დე ფაქტო აფხაზეთში ერდოღანის განცხადებას

თურქეთის პრეზიდენტის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ განცხადებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა თურქეთს შეახსენა, რომ მათ აფხაზეთში "უამრავი ბიზნესი აქვთ", რომელიც საკმაოდ "კარგად მუშაობს."

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება გააკრიტიკა აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომაც.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანკარაში ვიზიტის დროს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ფარგლებში.

  • რას აცხადებენ აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებაში?

"საგარეო საქმეთა სამინისტრო იზიარებს თურქეთის პრეზიდენტის სურვილს საქართველოსა და აფხაზეთს შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით აღმოფხვრის შესახებ, თუმცა, თუ პრეზიდენტ ერდოღანს მართლაც სურს, ითამაშოს კონსტრუქციული როლი რეგიონულ დღის წესრიგში, მაშინ თურქეთის რესპუბლიკამ თავი უნდა შეიკავოს მიკერძოებული და სტერეოტიპული განცხადებებისგან, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს მითიურ ტერიტორიულ მთლიანობას", – ნათქვამია დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ე.წ. მინისტრის თქმით, "ზოგი რეგიონალური პოლიტიკოსი ირჩევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე შეუსაბამო სტერეოტიპებით სპეკულირების გზას".

  • აფხაზების გამოხმაურება სოციალურ ქსელში

აფხაზები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ "დასავლეთთან დამეგობრებულ საქართველოსთან, პატარა აფხაზეთის გამო ურთიერთობას არავინ გაიფუჭებს, აფხაზეთს კი ყოველთვის "უკანა ეზოდ" გამოიყენებენ..."

"30 წელია ამ რეალობაში ვცხოვრობთ, თურქმა ბიზნესმენებმა რომ აფხაზეთში რამდენიმე პლასტმასის მაღაზია გახსნეს, ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი მზად არის მხარი დაგვიჭიროს. ყველა ისე გვიყენებს, როგორ შეუძლია... ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, როგორმე გადავრჩეთ, თუმცა მთლად დინებასაც არ უნდა მივყვეთ..." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, გარი გიცბა.

"რატომ გიკვირთ?.. თურქეთი რუსეთს მეგობრობას ეფიცებოდა, მაგრამ ყირიმი და დონბასი არ უღიარებია, მას თავისი პრობლემა აქვს - ქურთების ავტონომია. ნუ გავბრაზდებით სულთანზე, მას თავისი მოთხოვნები აქვს. ისე კი, ჩვენ რომ ნორმალური, პროტესტუნარიანი საზოგადოება ვიყოთ, თურქულ მაღაზიებსა და ზოგადად ბიზნესს, ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ, მაგრამ ვერ ვიზამთ, რადგან რუსული პროდუქცია უფრო ძვირია და თურქული უფრო ხელმისაწვდომია ჩვენთვის. მათი პოლიტიკა ალბათ ასეთია - მადლობა უნდა თქვათ, რომ საყოველთაო ბლოკადაში არ ხართ, ადგილობრივ მოსახლეობას რაღაც ალტერნატივას ვთავაზობთო. ასეც არის. ასე რომ, აფხაზეთთან მისი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა, როგორც მას ჩვენ ვუწოდებთ, ზღვაში წვეთია..." - წერს ალიკა გუმბა.

"სანამ არ მიხვდებით, რომ რუსეთის იმედი აღარ უნდა გქონდეთ, შინ და გარეთ, ეკონომიკურ სფეროში, სოციალურ საკითხებში, ტურიზმში, ან თუნდაც საგარეო მიმართულებით, არ გექნებათ მოლოდინი, რომ რუსეთმა უნდა გათრიოთ 30, ან კიდევ მეტი წელი, მერე შეიძლება გეშველოთ... მანამდე არაფერი შეიცვლება, სულ ასე იქნებით. რუსეთს საკუთარი მოსახლეობისთვის ვერ მიუხედავს. გადახედეთ ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს და მიხვდებით, რა მომავალი გელოდებათ... აფხაზების ნახევარზე მეტი რუსეთშია გადახვეწილი სამუშაოდ, ჰკითხეთ მათ როგორი დემოკრატია და ცხოვრების პირობებია ჩვენთან. შეადარეთ ევროპას, რომლისკენაც საქართველო მიილტვის..." - წერს ინტერნეტმომხმარებელი ოლეგ ლესოვი.

"როცა გვინდა თურქეთში გავრბივართ და ძმობას ვეფიცებით, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ სულთანია. საკმარისია ერთი მსხვილი ტრანში გადმორიცხოს და ისევ მეგობრად ვაქცევთ. ვინმეს ჰქონდა იმედი, რომ ხვალ თურქეთი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებდა? ეს არასდროს მოხდება, რადგან ბოლო წლებია თავის გურჯისტანთან ჩახუტებულია. თუ იქ მცირე რაოდენობით აფხაზები რაღაცის მიღწევას ცდილობენ, აფხაზურენოვანი გაზეთი იქნება თუ სხვა კულტურული ღონისძიებები, იქვე არიან თავიანთი ძირძველი ქვეყნის პატრიოტი გურჯები, რომლებიც მათ მაშინვე მოაშთობენ, რადგან მეტი გავლენა აქვთ...", - წერს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ორმხრივი სროლა სოხუმში, რომელიც ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთში ე.წ. ქურდული ომები გრძელდება

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს