ავტორი:

"რეზო გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა" - "მარიონეტების მძევალი" გენიოსი

"რეზო გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა" - "მარიონეტების მძევალი" გენიოსი

თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი, მხატვარი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. იშვიათია ერთ ადამიანში ამდენი ნიჭისა და შემოქმედების თანხვედრა, რასაც ბატონო რეზო დაატარებდა და სამყაროს დღესასწაულებად უზიარებდა.

  • გაბრიაძის კინო

მის მიერ შექმნილ მარიონეტების თეატრსა და იქ განხორციელებულ წარმატებულ სპექტაკლებზე რომ არაფერი ვთქვათ, ალბათ მის ბიოგრაფიას ის 40-მდე, ძალზე ცნობილი ფილმიც ეყოფოდა, რომელთა სცენარის ავტორიც რეზო გაბრიაძეა. "მიმინო", "არ იდარდო", "შერეკილები", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "ფეოლა," "ქვევრი" და კიდევ ბევრი პოპულარული სურათი, რომლებშიც ნათქვამ არაერთ ფრაზას ადამიანები ყოველდღიურ მეტყველებაში დღემდე იყენებენ.

"დაცვას მიხედე, ხვედელიძე, დაცვას", "გოლი მინდა, ხედელიძე, ორი გოლი", - ეს "ფეოლაა". ეს კი - "ქვევერი": "როგორ ტყუილა გაჭმევ პურსა", "როგორ მოხვდი მანდა? - უპასუხე უფროსსა!.. ბავშვობიდან აქა ვზივარ" და ა.შ.

"შერეკილები" კი, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისითაც გამორჩეულია: "აბა, ახლა გააღე პირი და თქვი, ააა?", "ხომ გითხარი, გაფრინდებიანო, შე, გალსტუკიანო პეპელა", "თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, მეც გამიყოლეთ", "სიყვარული ვერტიკალურია და ბრუნვადი"...

თუმცა ფილმამდე იყო მოთხრობა - "უცხო ჩიტი“, რაზეც თავად ასე წერდა:

"აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია-მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს. ოღონდ, ერთში უნდა მენდოთ, პირადად ჩემთვის ნამდვილზე უნამდვილესი რომ არის ეს ამბავი, რადგან ბავშვობისას მაქვს მოსმენილი ბუხრის პირას - არ ვიცი ქუთაისში, გუმბრინში, საქარაში თუ საკუთრივ ძუყნურში. მაშინ დავიჯერე მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი და მერე კაციშვილმა ვერ გადამათქმევინა. კინოს ხალხმაც ირწმუნა მისი სინამდვილე, გადაიღეს "შერეკილები“.

მე კი გულმა ვერ მომითმინა და ის ბუხრის პირას გაგონილი ამბავი ახლა უფრო წვრილად აღვადგინე მეხსიერებაში. თანაც ბევრი წაკითხული დავუმატე, ბევრიც ჭკვიანი ხალხიდან განაგონი, ბევრიც მეცნიერული, ბევრიც ქუჩაში ან სუფრაზე მოსმენილი და ეგებ შენი ნათქვამიც, საყვარელო მკითხველო!“

რეზო გაბრიაძისა და რეჟისორ ელდარ შენგელიას წარმატებული ტანდემი მხოლოდ "შერეკილებში“ არ შემდგარა. მათ ხანგრძლივი და საინტერესო შემოქმედებითი შეხვედრა და გამარჯვება ჰქონიათ. დაუვიწყარია მათი "არაჩვეულებრივი გამოფენაც". რომელიც ასევე გამორჩეულ სიყვარულს იმსახურებს.

ეს კი "მიმინოა“, რომელზეც რეზო გაბრიაძემ გენიალურ რეჟისორთან, გია დანელიასთან ითანამშრომლა: "ვ ეტოი გოსტინიცე ია დირექტორ", "სნაჩალა პოდუმაი, პატომ გოვორი", "ტაკიე პილოტი კაკ ვი, ნა ულიცე ნე ვალიაიუტსიაო, გაიგე?"... აღსანიშნავია, რომ გია დანელიას და რეზო გაბრიაძეს 50-წლიანი მეგობრობა აკავშირებდათ.

ბატონი რეზო გია დანელიას გარდაცვალებამ რამდენიმე წლის წინ ძალზე დაამწუხრა.

"ძნელია განშორება მეგობართან, მით უმეტეს, 50 წლის მეგობართან. ამდენი რამ გვაკავშირებს, ამდენი ვიმუშავეთ ერთად... გიორგი დანელია იყო დიდი რეჟისორი.

1969 წელს გამოვიდა მისი ფილმი "არ დაიდარდო“. ჩვენ შევხვდით 1968 წელს, ერთმანეთი ელდარ შენგელაიამ გაგვაცნო. ასე დაიწყო ფილმი "არ დაიდარდო“. ეს იყო თან ძალიან რთული და ძალიან მხიარულიც, გატაცებით ვმუშაობდით, სასტუმრო "საქართველოში“ სცენარზე მონახაზი გავაკეთეთ, მერე კი მისი დედა, მერი ანჯაფარიძე ჩამოვიდა და მოსკოვში წაგვიყვანა. იქ გავაგრძელეთ მუშაობა. ისიც ახალგაზრდა იყო, მეც. იყო ძალიან სერიოზული და ხალისიანიც. ასე დაიბადა მეგობრობა. შემდეგ იყო სხვა სურათებიც - "მიმინო“, "ქინ-ძა-ძა“. წლები მიდოდა და ქვეყანა, რომელშიც ჩვენ შევხვდით, თითქმის წაიშალა. ქვეყნა, რომელშიც დავიბადეთ, ვსწავლობდით, ვიზრდებოდით, აღარ იყო. ის ეკრანი, რომელსაც ანათებდა მისი ფილმები, ჩაქრა. გია აღარაა, მაგრამ მისი ფილმები დარჩება.

50 წლის შემდეგ მეგობრობა ცოტა ღარიბი სიტყვაა, ეს უფრო მეტს ნიშნავს. კარგია, რომ საქართველოში დიდხანს ემახსოვრებათ გიორგი დანელია“, - ამბობდა რეზო გაბრიაძე.

  • მარიონეტები - თოჯინური სპექტაკლები უფროსებისთვის

რეზო გაბრიაძემ თბილისში, 1981 წელს მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელმაც პირველივე სპექტაკლიდან - "ალფრედი და ვიოლეტა" მაყურებლის გული მოინადირა... თეატრმა არსებობის განმავლობაში მსოფლიო წარმატებული გასტროლებით მოიარა. რეზო გაბრიაძე იყო სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიც. დიახ, ის ერთი რეჟისორის თეატრია, სადაც თოჯინური სპექტაკლები უფროსებისთვისაა განკუთვნილი...

"როგორც ბავშობაში ჩემი ჯიბეები ისევ გაივსო ჭანჭიკებით, ბოლტებით, ხის ნაჭრებით, ზამბარებით, რეზინითა და ათასი სისულელით, რაც ასე საჭიროა თოჯინების თეატრში… ასე გამოვიდა, რომ მხოლოდ უფროსებისთვის ვდგამ სპექტაკლებს. თითქოს გამოვიგონე ჩემთვის პატარა თოჯინების თეატრი, რათა თავი დავაღწიო პასუხისმგებლობას, არ ვიყო დამოკიდებული არტისტებზე, არ დავანაგვიანო ბუნება, ვიყოლიო რაც შეიძლება ცოტა მაყურებელი, რომ ნაკლებად შევცოდო მოუმწიფარი აზრებითა და მათი განხორციელების შეუძლებლობით. მე საკუთარი თავისთვის მოვიფიქრე პატარა თეატრი. ვიმედოვნებდი, იქ დამესვენა და მუშაობით საკუთარ სახელოსნოში მემუშავა... ყველაფერი წარმატებამ გააფუჭა. მე, მრავალი წლის განმავლობაში მარიონეტების მძევლად ვიქეცი.

თუმცა ჩემი ოცნება ახდა - დავუბრუნდი ფერწერასა და ქანდაკებას და უკვე სამუდამოდ. მადლიერი ვარ ბედის, თოჯინების და პატარა კოლექტივის, რომელიც დაფუსფუსებს ძველი შენობის კუთხეებში.

მარიონეტები თითებზე მიკიდია, მე კი ანტიპოდივით ჭერზე დავდივარ და ვხატავ", - წერდა რეზო გაბრიაძე.

  • აღიარება

ნიჭიერი და მრავალმხრივი შემოქმედი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახლდათ, - მათ შორისაა, საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი და არაერთი საპატიო პრემია...

"მიყვარს საქართველო. ამ ქვეყანამ ბევრი ბედნიერი დღე მაჩუქა. მახსოვს ჩემი მეგობრები, მათ შორის, რეზო გაბრიაძე, ჩემი აზრით, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარია", - წერდა ბატონ რეზოზე იტალიელი მწერალი და სცენარისტი ტონინო გუერა.

"ის ნამვილად უდიდესი გამომგონებელია. მხატვრული სახეების მისეული სისტემა უაღრესად პირადი, ინტიმური ხასიათის მატარებელია და თეატრში პოეტური, ტრანსცენდენტური რეალიზმი შემოაქვს. მე არ ვიცნობ სხვა მსგავს სისტემას. თეატრის სხვადასხვა სფეროში მიღებულმა უზარმაზარმა გამოცდილებამ მას მისცა საშუალება, მიეღწია დამდგმელი რეჟისორის ისეთი იდეალისთვის, როგორიც იყო გორდონ კრეგი. მისი ხელოვნება თავისი მხატვრული ძალითა და პოზიტიური ადამიანური ხედვით ამდიდრებს ევროპულ თეატრს, თან ისეთ დროს, როდესაც მას ეს ყველაზე მეტად სჭირდება", - პიტერ ბრუკი, ბრიტანული თეატრის რეჟისორი.

"გაბრიაძის სამყარო - ეს საქართველოა, მხოლოდ საქართველო და სწორედ საქართველო. იმდენად საქართველო, რომ აზრადაც არავის მოუვა, რომ საქართველოს ამ სახეს შეიძლება, სხვა შემქმნელი ყავდეს", - მწერალი ანდრეი ბიტოვი.

"რეზო გაბრიაძე უნიკალური დიაპაზონის ხელოვანია," - ქორეოგრაფი და მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი.

* * *

გაბრიაძემ 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. 1967 წელს კი, მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.

როგორც მხატვარს, მრავალ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათ შორის, მსოფლიოს პრესტიჟულ საგამოფენო დარბაზებში, სადაც გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული და თოჯინური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

მისი ნამუშევრები ასევე ევროპისა და აშშ-ს მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული. გაბრიაძის სკულპტურები ოდესასა და სანკტ-პეტერბურგშიცაა. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორია, როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთსა და რუსეთში. შვეიცარიასა და საფრანგეთში რამდენიმე რეჟისორული ნამუშევრის ავტორიცაა. 2004 წელს დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა - "აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი", სადაც ჩიტოს როლი ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა შეასრულა, ხოლო ერმონიის - ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი "ჯოფრი-ბალეტის" დასის ყოფილმა სოლისტმა. პრემიერა მინეაპოლისში (აშშ), თეატრ "გატრიში" გაიმართა.

რეზო გაბრიაძის თეატრი არაერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ-იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქში.

"ეს რეზო გაბრიაძის განსაკუთრებული გენიაა, ეპიკური პრობლემები პატარა მარიონეტების მასშტაბით წარმოაჩინოს", - AMERIKAN THEATER.

მისი თეატრის ფასადზე ოქროს ასოებითაა დაწერილი რეზო გაბრიაძის დევიზი - "EXTRA CHEPAM NIHIL COGITO NOS LACRIMARE", რაც ნიშნავს: "დაე, ცრემლები მხოლოდ ხახვის ჭრისაგან გვდიოდეს".

"რეზო გაბრიაძის თეატრი არტისტისა და პოეტის სულის ანარეკლია. ის თავად წარმოადგენს თეატრს მთელ თავის მრავალფეროვნებაში: დრამატურგი, პროდიუსერი, მუსიკოსი, დიზაინერი. ამ შემოქმედებითი მუშაობის შედეგი შესანიშნავია. მისი ნიჭი მრავალფეროვანია", - ამას კი მასზე - LE FIGARO წერდა.

"გაბრიაძე საქართველოს ეროვნულ სიმდიდრეს წარმოადგენს. როდესაც 10 წლის წინ პირველად ვიყავი თბილისში მაშინ ვნახე “სტალინგრადი” და ერთი ნახვით შემიყვარდა. შემიყვანეს ძველ შენობაში, სადაც აღფრთოვანებული შევცქეროდი თუ როგორ გადაადგილდებოდნენ გაბრიაძის სათამაშო ტანკები შოსტაკოვიჩის მუსიკის ფონზე. ეს დაუვიწყარი იყო…” - ამონარიდი The New York Times-ის სტატიიდან.

ის რომ დიდი იუმორის, კვიმატი და სხარტი ენის პატრონი გახლდათ, ამაზე მისი კინოსცენარებიც მეტყველებს, რომელიც მსმენელსა და მაყურებელს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. ამაში კი წვლილი ალბათ გარკვეულწილად იუმორისა და დიდი ტრადიციების მქონე ქალაქს, ქუთაისს მიუძღვის, რადგან გაბრიაძე 1936 წელს სწორედ ამ ქალაქში დაიბადა.

"ჩემი მსახიობები პროფესიონალები არ არიან, მაგრამ ეს არაფერია. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი მსახიობია. ეს სპექტაკლი არსებობს ფულის გარეშე და იმ პრინციპით, რომ უფულო ადამიანები ფულიანებზე უკეთესები არიან", - ამბობდა ის.

"თაყვანი უნდა ვცეთ პუბლიკას და პატივი ვცეთ თოჯინებს, რომელთაც არ სიამოვნებთ, როდესაც უპატივცემულოდ ექცევიან", - ესეც მისი აზრია.

  • ნამდვილი ხელოვანი

ბოლო წლებში კულტურის არაერთი წარმომადგენელი ჩაერთო პოლიტიკაში, რეზო გაბრიაძის ცხოვრების სტილი კი იმაზე მეტყველებდა, რომ ის ამ სფეროს აშკარად გაურბოდა, თუმცა მისი ასეთი მოსაზრება ერთ ადგილას ამოვიკითხე: "ჩვენ ბოლო ხანს ახალი ხილი შემოგვთავაზეს - დემოკრატია. პირველად ის ძალზე ტკბილი მოგვეჩვენა და ისე, როგორც აღმოსავლელებს შეგვეფერება, მისი სწრაფად გადაყლაპვა გვინდოდა. ახლა კი კბილები გვემტვრევა. ჩვენ დაგვავიწყდა, თქვენ - ევროპელებს რამდენი ომი და საუკუნე დაგჭირდათ, ვიდრე ამ ხილის მონელებას შეძლებდით".

  • საათიანი კოშკი

გაბრიაძის თეატრი თბილისის ძველ უბანში, შავთელის ქუჩაზე მდებარეობს, რომელიც 1981 წელს რეზო გაბრიაძემ თავად ააშენა... თეატრი ქალაქის უძველეს ტაძარს – VI საუკუნეში აგებულ ანჩისხატის ბაზილიკას ემეზობლება.

თეატრის არქიტექტურული ანსამბლის მთავარი ღირშესანიშნაობა კი საათიანი კოშკია, რომელიც რეზო გაბრიაძემ უკვე 2010 წელს ააგო.

ყოველი საათის ბოლოს, მოხატული კარებიდან გამოდის ანგელოზი და პატარა ჩაქუჩით ზარს რეკავს. მცირე თოჯინების თეატრი თავად კოშკშიც არის განთავსებული და დღეში ორჯერ, 12:00 საათსა და 19:00 საათზე, შესაძლებელია, საოცარი თოჯინური წარმოდგენის - "ცხოვრების წრებრუნვის“ ნახვა.

კოშკის ქვედა მხარეს ორი კერამიკური პანოა, რომლის შემადგენელი რამდენიმე ასეული ფილა რეზო გაბრიაძემ საკუთარი ხელით დაამზადა და მოხატა. კოშკი თბილისის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტურულ ღირშესანიშნაობად იქცა.

"კოშკის მშნებელობა, რომ დავიწყე, თითქოს დამსვეს რაღაც მანქანაზე, რომელიც მოგზაურობს დროში. ასე აღმოვჩნდი სადღაც X-XIII საუკუნეში, შორეულ და ზრაპრულ ბიზანტიაში. კოშკი უნდა ჩაწერილიყო არსებულ დროსა და სივრცეში.

ჩემი მაგიდა აივსო ორნამენტებით სავსე წიგნებით. იმ ორნამენტებით, რომლებიც ასე უხვად დაუტოვა ბიზანტიამ სამყაროს.

მე ვიმოგზაურე შუა საუკუნეებში და მინდა გითხრათ, რომ ისინი არც ისე ბნელი ყოფილა. და თუ იყო გარკვეული სიბნელე, ეს ჩვენი საქმე არ არის. ამასთან დაკავშირებით სჯობს დუმილი შევინარჩუნოთ.

მაგრამ ვინ ააშენებს? სად ვეძებო ეს ხალხი? ერთი კედლიდან გამოვიდა, მეორე კი ავტობუსიდან ჩამოვიდა.

ერთს ოთარი ერქვა (ოთარ მაგრაქველიძე), ჩემი ხნის კაცი, სამოცდაათს გადაცილებული ან ოთხმოცს მიახლოებული. იმათგანი ვინც ჯგუფურ სურათებში სულ კიდეში ხვდება და სანახევროდ სახეჩამოჭრილი გამოდის.

მშენებლობებზე მან სულ 50 წელი გაატარა და ორმოცდაათივე წელი მუშად. ლამაზი კარიერაა! ჩვენ დავმეგობრდით. დღესაც ვმეგობრობთ და უკვე სამუდამოდ, ისე როგორც ბავშვობაში მეგობრობენ ხოლმე.

მეორეს ერქვა ავთანდილი (ავთანდილ ლეჟავა). ის 1300 ან 1500 წლის იქნებოდა. ხასიათით მდუმარე და არაკონკრეტული. მორცხვი ღიმილით გარიდებდათ თვალს და მზერა გადაქონდა არაფრით გამორჩეული სახლის კუთხეზე. ხუთ სიტყვაზე უფრო გრძელი ფრაზები მას თრგუნავდა. ის ჩვენთან დასავლეთ საქართველოში სოფლის ეკლესიის მშენებლობის შემდეგ მოვიდა. ინსტრუმენტებიანი ჩანთითა და ბოხჩით, როგორც XII საუკუნეში. სხვა დანარჩენი კი ცოლმა მოუტანა, უკმაყოფილო თავის ქნევით.

მე მეხმარებოდნენ ინჟინრები - ზურაბ ჯაფარიძე, გელა ჯანგირაშვილი, არჩილ ჯაფარიძე, კოტე ოდიშვილი და სხვ. მათ გადაყავდათ ჩემი ნახატები და იდეები თანამედროვე და მშენებლებისთვის გასაგები ნახაზების ენაზე. რისთვისაც მათი ძალიან მადლობელი ვარ“, - იხსენებდა რეზო გაბრიაძე.

ასე დაუსრულებლად შეიძლება ამ დიდ ადამიანსა და გენიოსზე ლაპარაკი, რომლის ამ ქეყნიდან წასვლა ხელოვნებისთვის და სამყაროსთვის დიდი დანაკლისია.

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები