ავტორი:

"დაზაფრულ, პირბადიან მაყურებელს სამი საათი პიესა რომ აყურებინო, ხერხები უნდა გქონდეს" - რა პრობლემებია თეატრში და უნდა გადაინაცვლოს თუ არა პანდემიის თემამ სცენაზე?

"დაზაფრულ, პირბადიან მაყურებელს სამი საათი პიესა რომ აყურებინო, ხერხები უნდა გქონდეს" - რა პრობლემებია თეატრში და უნდა გადაინაცვლოს თუ არა პანდემიის თემამ სცენაზე?

პანდემიაში თეატრი გაჩერდა, ხანგრძლივი პაუზა ჰქონდა... ცოტა ხნის წინ ამუშავდა, მაგრამ მკაცრი რეგულაციებით. გლობალურმა პრობლემამ ყველაზე მეტად ამ სფეროს წარმომადგენლები დააზარალა... დღეს მაყურებელი უამრავი პრობლებით დამძიმებული, დარბაზში საათ-ნახევრის მანძილზე პირბადეაფარებული ზის. ისმის არაერთი კითხვა - ამ უმძიმეს სიტუაციაში რამდენად უნდა მას იმავე რეპერტუარის, იმ პიესების ხილვა, რასაც პანდემიამდე ნახულობდა? უნდა ასახოს თუ არა თანამედროვე თეატრმა კაცობრიობის ეს უდიდესი პრობლემა სცენაზე?

ამ და სხვა საკითხზე ქართველი მსახიობების ნაწილი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

თათული ედიშრაშვილი, მსახიობი:

- ვისაც რისი დადგმა უნდა, ამის უფლებას და სურვილს ვერ წაართმევ, დადგას თუნდაც ჩეხოვი, შექსპირი, კლდიაშვილი. ეს შემოქმედებითი ამბავია. აქ ვფიქრობ, სხვა რამ არის უფრო მნიშვნელოვანი - ფორმატი, ხედვები, შიდა მენეჯმენტი. ეს თუ არ შეიცვალა, ამ მოცემულობას თეატრი დიდხანს ვერ გაუძლებს, რადგანაც პანდემიამ რეალურად რაღაცები დააჩქარა, შეცვალა, ცხოვრებაში ზოგადად ფუნქციებიც კი გადაანაცვლა და ბევრი რამ დაგვანახვა. ვიღაც დეპრესიაში ჩააგდო, ვიღაცას ოპტიმიზმის გრძნობა გაუღვივა, რადგანაც მიხვდა, რომ ხელის ჩაქნევა არ ღირდა და რაღაც ახალი უნდა მოეფიქრებინა. ჩემი აზრით, ქართულ თეატრში დიდი ხანია, დადგა დრო, რომ რაღაცები შეიცვალოს, უმეტესად - ფორმები, თორემ რეპერტუარი, როგორც ვთქვი, რეჟისორების ნებაა და სურვილი. ბუნებრივია, ეს პრობლემები, რამაც თამანედროვეობაში წამოიწია, ესეც უნდა პასუხობდეს დროს, რომელშიც ვცხოვრობთ.

- ანუ პანდემიის თემამ სცენაზეც უნდა გადაინაცვლოს?

- აუცილებალდ უნდა ითქვას, ოღონდ, ეს ყველაფერი ახალი ფორმებით და ხერხებით! პანდემიისგან დაზაფრული მაყურებელი თეატრში რომ მოდის, სამი საათი პიესას რომ აყურებინო, ამისთვის უნდა გქონდეს ხერხები. სხვა შემთხვევაში, შეიძლება დარბაზში ვერ გააჩერო, რადგანაც უამრავი პრობლემით ისედაც დაზაფრულია და ამ "რაღაცებში“ თავის თავი ვერ იპოვოს.

- კი, მაყურებელს სპექტაკლი იმიტომ უყვარს, რომ იქ თავის თავს, იმ ემოციას ეძებს, რაც სჭირდება...

- კი. აუცილებელია, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები, როცა თეატრში მოვლენ, მათ შესატყვისი სათქმელი დახვდეს, რაც სჭირდებათ. ვიმეორებ, აქ მასალაში კი არა, სათქმელში და გამოხატვის ხერხებშია მნიშვნილოვანი ცვლილება, სიახლეა შესატანი. ეს რეალურად, პირველ რიგში, მსახიობსაც დააინტერესებს. ხომ უნდა მოუნდეს ამის თქმა და თამაში და შემდეგ ბუნებრივია, მისი ნახვის სურვილი მაყურებელსაც გაუჩნდება.

ეკა ჩხეიძე:

- ზოგადად პესიმისტური განწყობა მაქვს. ალბათ, ასეა ბევრი და არა მარტო საქართველოში... ამ ცხოვრებაში თეატრის პერსპექტივის წარმოდგენა ცოტა მიჭირს, რადგან თეატრი და ჩვენი პროფესია, როგორც ადრე, ისე მგონი, არავის სჭირდება. არადა, ახლა პროფესიას ვერ შევიცვლი, იმის ჰობიც არ მაქვს, რომ მაგალითად, ვკერო ან ვქსოვო, უფრო სწორად ასეთი სურვილი არ გამჩენია, ანუ რაღაცით რომ ჩავანაცვლო... პანდემიის დაწყებიდან მოყოლებული, უმეტესად კითხვით, სხვადასხვა საიტზე ამა თუ იმ სპექტაკლის ყურებით უფრო ვიყავი დაკავებული. ამ პერიოდში დრო მეტი მქონდა, სახლში გახლდით, რაღაცები გადავაფასე და იმაზეც დავფიქრდი, თეატრი იმ ფორმით, რა ფორმითაც აქამდე იყო, კიდევ უნდა თუ არა ვინმეს? მსოფლიო შეარყია ამხელა ემოციურმა სტრესმა. ამის მერე ალბათ მაყურებელს სხვა რამ უნდა შევთავაზოთ...

- დრამატურგიამ უნდა იმუშავოს, მხოლოდ მსახიობი ვერაფერს იზამს...

- კი, ზოგადად მეფიქრება იმაზე, მაყურებელს რა უნდა მივაწოდოთ და რით უნდა დავაინტერესოთ. ისევ იმ სპექტაკლებით, იმ ტემპორიტმით უნდა გაგრძელდეს ვითომ? არაფერი მომხდარა და არ შევიმჩნიოთ ეს უდიდესი ამბავი? არ ვიცი, მე არ ვარ რეჟიოსორი, უბრალოდ ასე ვფიქრობ და ეს არის... თუმცა მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი რაღაცისთვის ხდება. რაღაც ტვინში უნდა გადაბრუნდეს, ვნახოთ...

- მართლაც, დიდხანს მოგიწიათ მსახიობებს სცენის, მაყურებლისა და ტაშის გარეშე ყოფნა...

- სპორტსმენმა რომ არ ივარჯიშოს, დაახლოებით ამას ჰგავს. ამ გაჩერების შემდეგ ზოგიერთ მსახიობს გაუჩნდა ჩემნაირი აზრები, რადგან მათ ცხოვრებაში სხვა ეტაპი დადგა.

ლაშა ჩხარტიშვილი, თეატრმცოდნე:

- ხშირად სვამენ კითხვას იმის შესახებ, როდის და რა ფორმით გამოეხმაურება თეატრი პანდემიას. მოგეხსნებათ, თეატრი, როგორც ხელოვნება, იქმნება დრამატურგიაზე დაყრდნობით. ის სინთეზური ხელოვნებაა და აერთიანებს ხელოვანთა შემოქმედებით იდეებს და რესურსებს, ამიტომაც თუ არ დაიწერება პიესები, სპექტაკლებიც ვერ დაიდგმება. აქ მეორე საკითხია: გარკვეულ მოვლენას სჭირდება დაკვირვება, შეფასება, შესწავლა, ეს კი პროცესია, რომელიც დროს მოითხოვს. თეატრი ვერასდროს რეაგირებს მოვლენაზე ოპერატიულად.

პანდემია უნდა გახდეს ეტაპი ძველის დავიწყების და ახლის დაწყების, თუ ისევ იგივე რეპერტუარს შესთავაზებს თეატრები მაყურებელს, მაშინ თეატრი პუბლიკას დაკარგავს, რადგან გაჩნდა ახალი გამოწვევები, ახალი მოთხოვნები საზოგადოებაში და თეატრი ვალდებულია, უპასუხოს ამ გამოწვევებს. სტრესულ სიტუაციაში, როგორც ფსიქოლოგები გვირჩევენ, ყველაზე უპრიანი კომედიური ჟანრის სპექტაკლები იქნება, ამავდროულად თეატრი უნდა გადაიტვირთოს, განახლდეს არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ ტექნიკურად, უნდა შეიცვალოს ძველი, დროსთან შეუსაბამო ტექნოლოგია თანამედროვეთი. ამიტომაც, მაყურებლის დასაბრუნებლად ახლა სწორედ ამ ორი ამოცანის გადაჭრა მიმაჩნია მიზანშეწონილად. პოსტპანდემიური ქართული თეატრის პერიოდი კი იქნება რთული, რადგან თეატრს ბევრ პრობლემასთან გამკლავება მოუწევს.

ბუბა ჭოღოშვილი, მსახიობი:

- ისეთი რეგულაციებია, რა გითხრათ, არ ვიცით, რა იქნება. მაგალითად, ანდრეი ჟოლტაკის ფანტასტიკური სპექტაკლია, მაგრამ როგორ განაგრძობს ის არსებობას, არც ეს ვიცი... ორ მოქმედებაა, საათ-ნახევარი შესვენების გარეშე გრძელდება. ორ მოქმედებაზე, შესვენების გარეშე პირბადით დასვა მაყურებელი, არ არის ადვილი. რას შეეხება რეპერტუარს, რა თქმა უნდა, თეატრმა ეს გლობალური პრობლემა უნდა შეიმჩნიოს. ხელოვნებამ თუ არ უპასუხა იმ ყოველდღიურობას, რაც არის, ჩემი აზრით, ის ხელოვნება არ არის. ეს რაც მალე მოხდება, მით უკეთესი და ყველა მოგვიწევს ამის გათვალისწინება.

თამუნა ნიკოლაძე, მსახიობი:

- ამ გლობალურმა პრობლემამ დედამიწა შეარყია და თავზარი დაგვცა. გარდაცვალება, სიკვდილიანობა - უამრავი ტრაგედია დაატრიალდა... ქართულ დრამატურგიაში, კინემატოგრაფიაში, ლიტერატურაში, 2020 წლის თებერვლამდე რაც იყო, რაზეც ბოლოს ვამბობდით კიდეც, რომ თითქოს, გარშემო რაღაც უკვე ამოიწურაო და ამ თავზარდამცემმა და დედამიწის შემრყევმა მოვლენამ მსახიობებს, რეჟისორებს, სცენოგრაფებს, სცენარისტებს, მხატვრებს, მუსიკოსებს მწერლებს - ყველას თავიდან დაბადების საშუალება მოგვცა. ალბათ ბევრი ფილმი, სპექტაკლი სერიოზული თემები წამოვა...

ჯერ რამხელა ამბავია თავად ფრაზა - "დარჩი სახლში“. ვინ როგორ დაიწყო სახლში ასე ცხოვრება, ოჯახის წევრები სხვა კუთხით გაიცნო. მოკლედ, ბევრი რამ ამოტრიალდა მეგობრების, დედმამიშვილების ცხოვრებაში. კარგი ქართული პროდუქტი რომ შეიქმნას სცენაზე თუ კინოში, ამ პანდემიას თუ მიეძღვნება, სიამოვებით ვითამაშებ და ქართულ რეალობაში ჩემთვის ეს აბსოლუტურად ახალი ინსპირაციის საშუალება, ხელახლა დაბადება და ახალი სიცოცხლის დაწყება იქნება...

- მაგრამ ჯერ მგონი, დუმს ამ მიმართულებით საზოგადოება...

- იმიტომ, რომ ჯერ პანდემია მძვინვარებს და ბევრი რამ გაურკვევილია. იმედი მაქვს, ძალიან მალე (დრო კი გაიწელა) იქნება... რაც თეატრალური უნივერსიტეტი დავამთავრე, ამხელა პაუზა არ მქონია, 12- 3 თვე სცენის გარეშე ვიყავი. წელს კი აპრილში სპექტაკლი რომ ვითამაშე, ამ ემოციას ვერაფერი შეედრება. ჩემი თავი დავინახე, ანუ ძველი თამუნა, ძალიან გამიხარდა თამუნასთან შეხვედრა...

ბუბამ ცოლს ისეთი სახლი და ბაღი აჩუქა, რომელზეც ირინა ოცნებობდა - როგორ იქცა თბილისელი დონჟუანი იდეალურ მეოჯახედ?

"მადლობა ყველას, ვისაც გულით გიხარიათ ჩვენი სიკეთე და ბედნიერება" - ნანუკა გოგიჩაიშვილი შვილს ელოდება (ფოტო)

ქანიე უესტმა დაბადების დღე ირინა შეიკთან ერთად რომანტიკულ გარემოში აღნიშნა - ახალი ვარსკვლავური რომანი და წყვილის პაპარაცული ფოტოები