ავტორი:

იქნებ დავუგდოთ გულისყური ღვთის სიტყვას? - იქნებ ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი დაუსრულებელი განსაცდელიდან?

იქნებ დავუგდოთ გულისყური ღვთის სიტყვას? - იქნებ ვიპოვოთ გამოსავალი ჩვენი დაუსრულებელი განსაცდელიდან?

14 ივნისიდან „ბიბლიის განმარტებების“ 23-ე ტომს შეიძენს მკითხველი გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად. გთავაზობთ ტრადიციად ქცეულ ბლოგს, რომელსაც სპეციალურად ჩვენი საიტის მკითხველისთვის, „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი ამზადებს:

პროექტზე „ბიბლია განმარტებებით“ მუშაობა დასასრულისკენ მიდის. 23-ე ტომში პავლე მოციქულის 4 ეპისტოლეს (პერველი და მეორე ეპისტოლენი კორინთოელთა მიმართ, გალატელთა მიმართ და ეფესოელთა მიმართ) განმარტებებს წაიკითხავთ.

თეოლოგები, სასულიერო პირები თუ უბრალოდ, ბიბლიით დაინტერესებული მკითხველები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს პროექტი არის ეპოქალური მოვლენა საქართველოს ისტორიაში. და პროექტში ჩართულმა თითოეულმა ადამიანმა ვიცით, რომ მისი განხორციელება უფლის ნებით, მისი წყალობით და მისივე სასწაულებრივი შეწევნით მოხდა. ვიცით იმიტომ, რომ ის, რაც ამ 2 წლის განმავლობაში კეთდებოდა, აღემატებოდა ადამიანურ შესაძლებლობებს.

რატომ გაგვხადა ღმერთმა სწორედ ახლა, ამ მძიმე, განსაცდელებით სავსე ჟამს, ღირსნი იმისა, რომ ბიბლიის ცოდნა ქართულ ენაზე მეტყველი საზოგადოებისათვის ასეთი ახლობელი გამხდარიყო? იქნებ დავუგდოთ გულისყური ღვთის სიტყვას? იქნებ ვიპოვოთ პასუხი ამ კითხვაზე? და იქნებ ეს პასუხი იყოს გამოსავალი ჩვენი დაუსრულებელი განსაცდელიდან?

დიდება და მადლობა უფალს წყალობისათვის, უკიდეგანო სიყვარულისთვის... ყველაფრისთვის...

***

ბოლოს, აი, იმ ბოლო - ყველაზე გადამწყვეტ მომენტშია მთავარი ერთგულება - ადამიანთანაც, ღმერთთანაც... მთელი ცხოვრება შეიძლება ერთგულებდე და როცა უმთავრესი ჟამი დგება - განსაცდელის, ტკივილის... ყველაზე კრიტიკული მომენტი... გამოცდის ჟამი - მაშინ აღარ გეყოს ძალა... რატომ? იმიტომ, რომ არასწორად გეგონა... არასწორად გიყვარდა... არასწორად გესმოდა... სწორი საფუძველი არ ჰქონდა ამ ერთგულებას... არ გჯეროდა მისი...

და მიატოვო... გაიქცე... დაიმალო... უარი თქვა...

ადამიანზეც, ღმერთზეც...

ასეთი პატარა გაქცევებით სავსეა ჩვენი ყოველდღიურობა... გავრბივართ და ვტოვებთ ისე, რომ ხშირად ვერც ვაცნობიერებთ ამას... ეს გაქცევა, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ფიზიკურ წასვლას სადმე, ჩვენ გავრბივართ და უარს ვამბობთ საკუთარ თავზე - ადამიანზე, რომელიც ჩვენშია...

ჩვენი ცხოვრება ხომ სამზადისია დიდი ერთგულებისა... რომლის დამოწმება თუ უარყოფა ყველას მოგვიწევს...

და თუ დღეს, აქ, ახლა, ამ ყოველდღიურობაში ვერ შევძელით, ვერც იმას შევძლებთ...

ღმერთი შეგვეწიოს, რომ დავრჩეთ ადამიანებად!

***

რას ვფიქრობ და, როცა ადამიანი ხატის წინ დგას, ცრემლები ღაპაღუპით მოსდის და გამალებით ეჩურჩულება უფალს, ჰო, ისე ესაუბრება, თითქოს გაარღვიაო ამქვეყნიური სივრცე-დროის ყველა წინაღობა, აი, ასეთ დროს არ უნდა მიხვიდე და არ უნდა ასწავლო: სანთელი ასე კი არა, ისე უნდა გეჭიროს, აქ კი არა, იქ უნდა დაანთოო... ტკივილით თუ მადლიერებით გულშემუსვრილი მლოცველი რომ ვეღარ დაიტევს ღვთის მოწყალებით მონიჭებულ სიხარულს და მუხლებზე დაეცემა, მაშინ არ უნდა მიუახლოვდე და არ დაუწყო ახსნა-განმარტება, რომ აღდგომიდან სულთმოფენობამდე დიდი მეტანია არ სრულდება და იმის სწავლებაც არ უნდა მოაყოლო, რას ნიშნავს დიდი და მცირე მეტანია... იმ წუთებში - იქნებ ყველაზე დიდებულ წუთებში ადამიანის ცხოვრებაში...

ის იგავი მახსენდება, კუნძულზე მცხოვრებ ბერიკაცებს, რომელნიც მხოლოდ თავიანთი სიტყვებით ადიდებდნენ ყოვლადწმინდა სამებას და ცხოვრებას შრომასა და გარჯაში ატარებდნენ, იქ ჩასული მოძღვარი ლოცვას რომ ასწავლის, ისინიც გულმოდგინედ დაისწავლიან. მერე, როცა მოძღვარი ნავით წყალში შეცურავს და თავისი მონასტრისკენ გაემგზავრება, ეს ბერიკაცები წყალზე სირბილით აედევნებიან: მოძღვარო, დაგვავიწყდა ამ სიტყვის მერე რა სიტყვა მოდისო და გაგვახსენეო... გაოგნებული მოძღვარი ეტყვის: წადით და როგორც ლოცულობდით, ისე ილოცეთო...

წესები და კანონები უნდა აღვასრულოთ, მაგრამ სიყვარულით, და კიდევ - სიყვარული ყველა კანონზე უპირატესია...

მეუფე ნიკოლოზს ვუსმინე იმ დღეს და მიხარია, რომ ასეთ დაძაბულ დიალოგში, ასეთ მძიმე სიტუაციაში, მას არავინ მოუხსენიებია სიძულვილის ტონალობით...

მინდა, გულით მინდა, რომ ყველანი სინანულით, ცრემლებით მივიდეთ უფალთან ...

მინდა, რომ სიყვარულით და სიხარულით აივსოს ჩვენი გულები.

***

წირვა იყო დღეს ჩვენს ტაძარში... ცოტანი ვიყავით... ერთი ქალბატონი დგას ხოლმე ყოველთვის ჯვარცმის გვერდით... ვერც ვიხსენებ ისეთ წირვას, ის რომ არ დასწრებოდა... ყოველ მსახურებაზე, როცა მოძღვარი ბარძიმით ხელში უნდა გამობრძანდეს ამბიონზე და მოხსენიებულთა სახელები წაიკითხოს, სწორედ ამ დროს, ეს ქალბატონი მიდის ტაძრის კუთხეში და გვერდითა, პატარა ნათურას ანთებს, რომ მოძღვარმა უკეთ დაინახოს და წაკითხვა გაუადვილდეს... ხომ თითქოს ისეთი არაფერი, მაგრამ იმ ადამიანებზე ვფიქრობდი, უჩუმრად რომ გვინათებენ, დაუზარლად - არასოდეს ბეზრდებათ, რომ თუნდაც სულ ცოტათი გაგვიადვილონ გასავლელი... არც თხოვნა უნდათ, არც დავალება... ისე, თავისით... არც დაგამადლიან...

არ არსებობს უმნიშვნელო რამ ასეთ დროს... სულ მცირედიც კი, გულწრფელად, სუფთა გულით, სიყვარულით აღსრულებული - ყველაზე დიდ საქმეებს უტოლდება თავისი მნიშვნელობით...

ღმერთო, დალოცე სიკეთის და სიყვარულის მანათობელი ადამიანები...

***

„ბიბლიის განმარტებების“ ყველა ტომი განსაკუთრებულად საინტერესო და კარგია, მაგრამ მაინც ყველასგან განსხვავებული და საოცარი გამოვიდა 23-ე და 24-ე ტომები - პავლეს ეპისტოლეთა განმარტებები წმინდა მამათა კომენტარების მიხედვით, ასეთი სახით - მართლაც უნიკალური სიახლეა ჩვენს დღევანდელობაში.

გადავშალოთ ეს წიგნები და ჩვენ, ყველანი, ერთად მივხვდებით - რა არის ქრისტიანობა! შეგვეწიოს უფალი!

14 ივნისიდან - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „ბიბლია განმარტებებით“, 23-ე ტომი! არ გამოგრჩეთ!

„შეჭამე ბაყაყი“ - გადაიხადე რამდენიც გინდა

ალეკო შუღლაძის წიგნის ,,ლაბირინთი მანულელისთვის" წარდგენა

დღეიდან ჟურნალ „გზასთან“ ერთად სერია „ქალების კალმით“