რამდენიმე დღის წინ სამართალდამცველებმა დააკავეს მოქალაქეები: მაიზერ ყაფლანიშვილი, სოსო სამსონიშვილი, ივანე სუხიშვილი, რამაზ მარტიაშვილი, გიორგი კოპალიანი, ავთანდილ გუჯეჯიანი, აკაკი გაბიძაშვილი, ზვიად ბასილაშვილი.
გამოძიების ცნობით, ეს ადამიანები ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში მდებარე შპს ,,კვარციტიდან" სისტემატურად იპარავდნენ დიდი რაოდენობით ოქროს შემცველ ნივთიერებას. ასევე დაკავებულია შ.პ.ს ,,კვარციტის" საწარმოს ცვლის უფროსი რაულ წიფიანი, რომელიც დანაშაულებრივ კავშირში იყო ამ პირებთან და სარგებლის მიღების მიზნით ხელს უწყობდა მათ დანაშაულის ჩადენაში.
გამოძიებამ დაადგინა, რომ სოსო სამსონიშვილი კომპანიიდან გამოტანილ ნივთიერებას გადასცემდა კობა ბალახაძეს, მას კი გადასამუშავებლად ოქრომჭედელ თამაზ მჭედლიშვილთან მიჰქონდა, რომელიც გადამუშავების შედეგად მიღებულ ოქროს ჰყიდდა.
აღსანიშნავია, რომ სპეციალისტთა აზრით, იმ მრავალრიცხოვან კომპანიებს შორის, რომელთა მეშვეობითაც დღეს საქართველოში რუსული ფული შემოდის, "მადნეული" და "კვარციტია".
თემურ შაშიაშვილი, მოძრაობა "თეთრების" ლიდერი:
- საწარმო "კვარციტში" დღეს საქმეებს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის ძმა წარმართავს. "მადნეულიც" და "კვარციტიც" სააკაშვილის ბიძის საკუთრებაა. სააკაშვილს თუ წესრიგის დამყარება სურს, რა უნდა იქ მთავარ ფიგურად მაჭავარიანის ძმას? ბარამიძის ძმა ფოთის პორტშია, მიშას ძმა ყველგან კურატორია...
რაც დღეს ჭიათურაში, ზესტაფონში, ან "კვარციტში" ხდება, ამისათვის, პასუხი პირველ რიგში, თემურ ალასანიას უნდა მოეთხოვოს, შემდგომ მათ დედმამიშვილებს, რომლებსაც ყველაფერი ხელში უჭირავთ. პარლამენტში რომ ზის პრეზიდენტის ფავორიტი, ქალბატონი ეკა ხერხეულიძე, მისი ძმა ტრანსპორტის კურატორია. მერე რა, რომ ნარკოტიკებზე იყო დაჭერილი, მერე რა, რომ ნარკომანია... რატომ უნდა იყვნენ მაინცდამაინც ხელისუფალთა ოჯახის წევრები დაკავშირებული ოქროს საბადოსთან, ენერგეტიკასთან, ნედლეულთან?..
სააკაშვილის მომხრეებიც ხომ უნდა დაფიქრდნენ ამაზე? სააკაშვილის ბიძა, ბარამიძის ძმა, მაჭავარიანის ძმა, წერეთელი, ბეჟუაშვილები და მათი გარემოცვა, ახალაიები, ბოკერია, უგულავა... სულ მათი ოჯახები რომ არიან ყველაფრის წილებში, რა, წესრიგის დასამყარებლად არიან? ხალხი კატასტროფულ მდგომარეობაშია, ცხოვრება გაუსაძლისი გახდა, ესენი კი ფულსა და ხალხის ცოდვაში ბანაობენ. ციხეები პატიმრებით გაავსეს. ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება.
საბადოც, მიწაც, ქვეყანაც გაყიდულია და ვინც საქმეს უნდა აკეთებდეს და ერს ამრავლებდეს, ციხეში ზის. რა ორი-სამი კილო ოქრო მივა იმასთან, რომ საქართველოში ქართული ენა არ არის გამოცხადებული სახელმწიფო ენად და ინგლისურის საყოველთაო ცოდნას გვაძალებენ. ტრაგედიაა, როცა პრეზიდენტი ამას ბედავს და ჩვენც ვაძლევთ ამის უფლებას.
ქვეყანაში მოკვდა პოლიტიკური პროცესი, ხელისუფლებას აქვს დიდი ფული და მან იყიდა ხალხი ოპოზიციაში. შარშანდელი 9 აპრილიდან მოყოლებული ღონისძიებები სააკაშვილის სასარგებლოდ იყო წარმართული. ამ დღეებში პრეზიდენტმა ყველაზე დიდი ანტიკონსტიტუციური დანაშაული ჩაიდინა, - ქობულეთში მიწებს ანაწილებს გაუგებარი პროგრამებით, თან აცხადებს, მესაკუთრეს 15 წლით ვათავისუფლებ გადასახადისგანო. სად და რომელ კანონში წერია ეს?
ან ვინ იყიდის მიწას? ქართველის ხელში ფული არ არის და თუ ვინმე იყიდის, ისევ ჩამოსული უცხოელი. ტელევიზიებით კი მიდის პროპაგანდა და გვიჩვენებენ, როგორ აშენებს ქვეყანას პრეზიდენტი.
ცნობისათვის
ოქროს მომპოვებელი საწარმო "მადნეული" წელიწადში საშუალოდ 2 მილიონ ტონა ოქროს შემცველ წიაღისეულს მოიპოვებს და 60 ათას ტონა ოქროსა და სპილენძის შემცველ კონცენტრატს აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, "მადნეულის" ერთ-ერთი მფლობელი არის პრეზიდენტის ბიძა, თემურ ალასანია, რომელმაც ეს საწარმო რუს ბიზნესმენ, ვინმე პოვარენკინთან ერთად 51 მილიონად შეიძინა.
კომპანიის ერთ-ერთი თანამფლობელი რუსული "პრომიშლენნიე ინვესტორია", რომელსაც რუსეთის სათბობენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და დუმის ყოფილი დეპუტატი სერგეი გენერალოვი მეთაურობს. გენერალოვმა და ალასანიამ 140 მილიონი დოლარი ჩადეს მადნეულის ოქროს მოპოვება-გადამუშავების საქმეში.
"კვარციტი" და "მადნეული" 2005 წელს "პრომიშლენნიე ინვესტორის" შვილობილმა ბრიტანულმა კომპანიამ შეისყიდა, რომელიც ოქროს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც მოიპოვებს. 2007 წლის ბოლოს, გენერალოვმა გაყიდა სამთომომპოვებელი მეტალურგიის, მათ შორის "მადნეულის", თავისი აქტივები.
ნანა ფიცხელაური
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)