ავტორი:

"კომუნიკეს პუნქტს, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზეა, დაახლოებით ასე შემიძლია ვუწოდო: "ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“ - ექსპერტი

"კომუნიკეს პუნქტს, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზეა, დაახლოებით ასე შემიძლია ვუწოდო: "ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს“ - ექსპერტი

14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი ჩატარდა, რომლის დასასრულსაც სამიტის კომუნიკე გამოქვეყნდა. საქართველოსთან დაკავშირებით კომუნიკეში დადასტურებულია 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გზავნილი, რომ ქვეყანა გახდება ნატო-ს წევრი. ასევე, აღნიშნულია, რომ "საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო წევრობისთვის მოსამზადებლად“ და "ჩვენ მზად ვართ, გავზარდოთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ“. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კომუნიკეში ვკითხულობთ:

"მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება - შეწყვიტოს თვითნებური დაკავებები და მოქალაქეების შევიწროება“.

სამიტისა და კომუნიკეს შესახებ AMBEBI.GE "ჯეოქეისის“ თავმჯდომარეს, ვიქტორ ყიფიანს ესაუბრა.

- ეს კომუნიკე ძალიან სოლიდური დოკუმენტია და პრაქტიკულად ყველა საკითხს შეეხება, რასაც კი ნატო შეიძლება შეეხოს ამ ეტაპზე, როგორც ნატო-ს შიგნით თანამშრომლობის თვალსაზრისით, ასევე - ნატო-სა და ნატო-ს არაწევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას. ამდენად, შთამბეჭდავი დოკუმენტი მივიღეთ, რომელიც ყურადღებით ჩარღმავებას საჭიროებს. ეს მითუმეტეს მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ სამიტამდე იყო გარკვეული რყევები ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის, ძირითად, ნატო-ს ამერიკულ და ევროპულ მხარეებს შორის. ამ სამიტის მნიშვნელობა, რომელიც ერთი შეხედვით, ტექნიკური იყო, უდავოდ დიდია, რადგან ერთგვარად, ნატო-ს თავისი შიდა სამზარეულო უნდა მოეწესრიგებინა და მთელ რიგ საკითხებზე ერთიანი პოზიცია შეემუშავებინა, რაც მოხდა კიდეც.

რაც შეეხება საქართველოს, კომუნიკე საკმაოდ ვრცლად საუბრობს საქართველოსთან ურთიერთობებზე, თუმცა მე პირადად ვიტყვი, რომ განცხადებები, რაც იქაა მოცემული, არსებითად იმეორებს ჩვენთვის უკვე მანამდე გაკეთებულ განცხადებებსა და შეფასებებს. თავისთავად ცხადია, ნატო-ს მხრიდან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისადმი ერთგულებისა და მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამეორება არსებითია; კომუნიკეში აღნიშნულია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ყველა ის დესტრუქციული მოქმედება, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ხორციელდება, თუმცა მთავარი კითხვა, რა არის შემდგომი თვისობრივად ახალი ეტაპი ჩვენსა და ნატო-ს შორის ურთიერთობების განვითარებაში და რაც მთავარია, ვადაში როგორ იკვეთება ეს მომდევნო ეტაპი, პასუხგაუცემელი დარჩა. შეიძლება, ბევრი არ დამეთანხმოს, რადგან ამ ორი დღის განმავლობაში არაერთი პოზიტიური შეფასება მოვისმინეთ, მაგრამ დაე, ვიყო უმცირესობაში - მე მივიჩნევ, რომ ეს კომუნიკე მაინც ტოვებს ერთგვარი უკმარისობის განცდას.

- თქვენ რამდენიმე დღის წინ ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ წერილი გამოაქვეყნეთ, რომელშიც, რომ დროთა განმავლობაში "ჩვენ საბოლოოდ მივიღებთ უსარგებლო პოლიტიკური და უსაფრთხოების ზომების ჩამონათვალს, ზედაპირული რეაგირების სანაცვლოდ“, - ეს საკმაოდ პესიმისტური პასაჟია. როგორ ფიქრობთ, საქმე მართლაც ამ მიმართულებით მიიწევს?

- რა თქმა უნდა, ქართული მოთმინება ამ საკითხის მიმართ დიდია და ნატო-ში ინტეგრაციისადმი ჩვენი ერთგულება ურყევია, ამიტომ ეს ორი პრინციპი უცვლელი რჩება და არსებულ უკმარისობის განცდას, რომელიც კომუნიკეს გაცნობისას მე პირადად დამეუფლა, ამ პრინციპებზე არანაირი არსებითი გავლენა არ ექნება. თუმცა, 68-ე პუნქტს, რომელიც ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ძალიან ვრცლად საუბრობს, დაახლოებით ასე შემიძლია ვუწოდო: ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. მე მაკვირვებს ის, რომ თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ნატო-საქართველოს შორის თანამშრომლობაში ყველა ელემენტი უკვე წარმატებულად ამოქმედებულია, რომლებსაც რეალურად იმ უმთავრესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებამდე მივყავართ, რაც საქართველოს ნატო-სთან ფორმალურ დაახლოვებას უკავშირდება და უტოლდება, მაშინ მიკვირს, რის მოლოდინში არიან ჩვენი პარტნიორები და რა უნდა მოახდინოს საქართველომ დამატებით იმისა, რაც უკვე მოახდინა და რასაც ახდენს.

ამასთანავე, რამდენიმე მედიასაშუალებაში აღმინიშნავს და თქვენი ავტორიტეტული გამოცემის მეშვეობით კიდევ ერთხელ მინდა, მკითხველის ყურადღება შემდეგ გარემოებას მივაქციო: კომუნიკე ხაზგასმით საუბრობს იმაზე, რომ ნატო-ში საქართველოს გაწევრება ინდივიდუალური წევრობის გეგმის გავლით მოხდება; იმავე განცხადებებში ნატო ამბობს, რომ პრაქტიკულად, ამ გეგმის ყველა კომპონენტი დღეს უკვე სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების სახით ნატოსა და საქართველოს შორის რეალურადაა ამოქმედებული - ეს ერთი გარემოებაა; შემდეგი ელემენტი ისაა, რომ თავის დროზე მიღებული ეს ნატო-ში გაწევრების მექანიზმი, რომელიც 1998 წლით თარიღდება, არც მეტი და არც ნაკლები, იმ ისტორიულ რეალობას ასახავს, რომელიც იმ დროისთვის არსებობდა. შესაბამისად, არაერთი ქვეყანა, რომელიც მაშინ გაწევრდა (და სხვათა შორის, ნატო-ში არაერთი გაწევრდა სწორედ ამ ინდივიადუალური წევრობის გეგმის გავლით), ამა თუ იმ ეტაპზე არსებული ისტორიული ფანჯრის შესაძლებლობას ასახავდა. დღეს ეს მექანიზმი არსებითად მოძველებულია. ვფიქრობ, გარდა ამისა, რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების სისტემა, უკეთ რომ ვთქვათ, უსისტემობა, ანუ სისტემა, რომელიც თავდაყირაა დაყენებული, მეტი გაბედულობისკენ და პრინციპულობისკენ მოუწოდებს და მოუხმობს ჩვენს ნატოელ პარტნიორებს. აი, ესაა ალბათ, მთავარი გზავნილი, როდესაც ერთგვარ უკმარისობაზე ვსაუბრობთ. ეს ძალიან მკაფიოდ უნდა დავაფიქსიროთ და მე მგონი, ჩვენი გულწრფელობა და ერთგულება ევროატლანტიკურ სივრცეში ჩვენი ინტეგრაციის პროცესისადმი, არ გვაძლევს იმის უფლებას თუ საშუალებას, ან ჩვენ მოვიტყუოთ თავი, ან ჩვენს პარტნიორებს მოვაჩვენოთ, რომ ვართ აბსოლუტურად კმაყოფილები იმ შედეგით, რაც 14 ივნისის კომუნიკეში მივიღეთ.

- მეორე მხრივ, რას იტყვით უკვე უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხზე?

- ეს კომუნიკე შედარებით უკეთეს ფორმულირებებს გვთავაზობს უკრაინაზე და პრაქტიკულად, უკრაინა ერთგვარ ტესტადაა გამოყვანილი დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით. ასე რომ, ამ მხრივ, ვფიქრობ, უკრაინელებს გაცილებით მეტი წინაპირობა აქვთ, გუშინდელი სამიტის შედეგებით შედარებით კმაყოფილები იყვნენ. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ბოლო პერიოდში უკრაინელი დიპლომატიისა და საგარეო ხაზის მკვეთრი გააქტიურება ვიხილეთ, რაც ძალიან თვალშისაცემია. მე, როგორც რიგითი ქართველი, ადამიანი, რომელსაც ყველაფერთან ერთად, ამ ქვეყნის მომავალზე გული შესტკივა, ვისურვებდი, ჩვენი აქტივობა ამ მიმართულებით უკრაინული აქტივობის ხარისხს არ ჩამორჩებოდეს. შემიძლია, ამ აქტივობის ფაქტები დაგისახელოთ, როდესაც ბოლო ხანებში უკრაინისა და დასავლეთს შორის ურთიერთობების ფორმალური გაღრმავების თვალსაზრისით უკრაინამ რამდენიმე კონცეპტუალური ვარიანტი როგორც აშშ-ს, ასევე ნატო-ს. ჩემს ინფორმაციაზე დაფუძნებით, ასეთი ვარიანტების დეფიციტი ოფიციალური თბილისის მხარეს მკვეთრად შეინიშნება და ვფიქრობ, ასე ვითარების გაგრძელება არ ივარგებს.

თავის დროზე, არ დაგიმალავთ, მაღიზიანებდა ჩვენი ქვეყნების დაკავშირება, რადგან მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ ეს ორი ქვეყანა თავისი პოლიტიკური სისტემის ბუნებით, რეფორმების ტემპითა და სხვადასხვა გარემოებების გამო ერთი მეორესგან განსხვავდება. ამიტომ, მათი ასეთი მჭიდრო დაკავშირება, გნებავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში, გნებავთ - ნატო-სკენ მიმავალ გზაზე, შეიძლება, მთლად ბუნებრივი არ იყოს. თუმცა, იმ შესაშური აქტივობის ფონზე, რასაც უკრაინული მხარე იჩენს, შეიძლება, დღეს ასეთი ბმა, ასეთი ტანდემი სწორედ ის ლოკომოტივი იყოს, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ძალისხმევას გამოაცოცხლებს და გარკვეულწილად, ჩვენს ინიციატივებს არსებულ რეალიებს მიუსადაგებს. ამ მხრივ ვფიქრობ, რომ უკრაინის მაგალითი დღეს ჩვენთვის საკმაოდ საინტერესო გახდა.

ხატია დეკანოიძე კობახიძე-გახარიაზე - ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე?

"ამას არასდროს  დავმალავ" - რას ყვება პარლამენტარი რიმა ბერაძე ოჯახზე, კარიერასა და საბჭოთა რაიკომის მდივნობის პერიოდზე

"მიშა ვერ მოვა - ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა" - იაგო ხვიჩია