ავტორი:

"20 ივნისი არ არის გახარიას ექსკლუზიური კომპრომატი. მისი ცოდვები - ეს "ქართული ოცნების“ ცოდვებია" - რამდენად მოსალოდნელია "ოცნების" ხელისუფლებამ გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძრას?

"20 ივნისი არ არის გახარიას ექსკლუზიური კომპრომატი. მისი ცოდვები - ეს "ქართული ოცნების“ ცოდვებია" - რამდენად მოსალოდნელია "ოცნების" ხელისუფლებამ გახარიას წინააღმდეგ საქმე აღძრას?

"20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან, რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას, ვინც ერკვევა... ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და გარკვეული კითხვები მაქვს დასმული. რატომ იდგნენ შსს-ს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ეს ერთი“, - განაცახდა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში.

როგორც კობახიძე აღანიშნა, 20 ივნისს გახარია იღებდა გადაწყვეტილებებს და თავად არის პასუხისმგებელი ოპერაციის დაგეგმვაზე. დეპუტატი გახარიას მისამართით კონკრეტულ შეკითხვებს სვამს:

"თვითონ აკეთებდა ამას ერთ-ერთ მოადგილესთან (კახა საბანაძესთან) ერთად. რატომ იდგა ე.წ. სპეცრაზმი გარეთ? მეორე, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები? საბოლოო ჯამში, უკვე იძულება იყო ტყვიების გამოყენება, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე... ჭიშკრის დაცვა იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის რაოდენობა არ იყო იმდენი, რომელიც იძლეოდა მეტი საფრთხის საშიშროების საფუძველს“.

ამ განცხადებებიდან მეორე დღეს ექსპრემიერი და პარტია "საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელში გაემგზავრა, მანამდე, კი, 11 ივნისს, მას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი ამერიკის ელჩ კელი დეგნანთან ერთად, დანარჩენი ოპოზიციისგან დამოუკიდებლად შეხვდა.

რას უნდა ნიშნავდეს პარტნიორი ქვეყნის მაღალჩინოსნების ესოდენი დაინტერესება გიორგი გახარიას პერსონით და მისი პოზიციების გაზიარებით, ამაზე ambebi.ge -სთან პოლიტოლოგები საუბრობენ. ასევე, მათი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა "ოცნების“ თავმჯდომარის ინტერვიუ და გახარიაზე გაკეთებული განცხადებები.

გია ხუხაშვილი:

"გასაგებია, რომ "ქართული ოცნება“ იძულებული გახდა ბოიკოტის რეჟიმიდან გამოსულიყო გამომდინარე იქიდან, რომ ეს ორპოლუსიანი ნარატივი უკვე აღარ მუშაობს. მათ ხომ მარტო "ნაციონალური მოძრაობა“ არ ჰყავდათ მტრად გამოცხადებული, ის ტელევიზიაც, სადაც კობახიძე იჯდა. ეს იძულებითი ნაბიჯია მათი მხრიდან, იმიტომ, რომ შუას გაკრეფის პოზიცია მთლად კარგად ვეღარ გამოსდით და იძულებულები არიან გადავიდნენ იმ სივრცეში, ამის კატალიზატორი კი ზუსტად გახარია გახდა. მათ არ უნდათ, რომ ის სივრცე მთლიანად გახარიას დაუთმონ და მინიმუმ გააწონასწორონ. კობახიძის ნარატივზე რა შთაბეჭდილება უნდა დამრჩეს? მასზე დიდი ხანია ჩამოყალიბებული აზრი მაქვს, რომ ეს არის ადამიანი, რომელსაც არ აქვს არანაირი პრინციპები და ნებისმიერი ტყუილის, შეთქმულების თეორიისა, თუ სისულელის განვითარება შეუძლია. ის უპრინციპო ადამიანის კლასიკური მაგალითია. სამწუხროდ, ჩვენთან ასეთები ბევრნი არიან და კობახიძე არის ამ კოჰორტის სასიქადულო წარმომადგენელი“.

რამდენად შორს შეიძლება წავიდეს გუნდი და არის თუ არა მოსალოდნელი, გახარიას წინააღმდეგ სს საქმეც აღძრან, პოლიტოლოგი ამბობს, რომ 20 ივნისი არ არის გახარიას ექსკლუზიური კომპრომატი, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, "ოცნებამ“ საკუთარი ცოდვების სამართლებრივად გახარიასთვის "ჩადება“ გადაწყვიტოს:

"ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ არ მგონია, გახარიას წინააღმდეგ სს საქმე აღძრან იმიტომ, რომ, რეალურად, გახარიას ცოდვები ეს არ არის მარტო მისი ცოდვები, ეს არის "ქართული ოცნების“ ცოდვები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ საკუთარი ცოდვების სამართლებრივად გახარიასთვის "ჩადება“ გადაწყვიტონ. პოლიტიკურად, გასაგებია, ამას ცდილობს "ქართული ოცნება“, მაგრამ ამას რომ სამართლებრივი მსვლელობა მისცეს, ამ შემთხვევაში შეიძლება ბევრი რამ ისეთი ამოტივტივდეს, რაც ბუმერანგის პრინციპით იმოქმედებს. ასე რომ, ასეთ განვითარებას სკეპტიკურად ვუყურებ. 20 ივნისი არ არის გახარიას ექსკლუზიური კომპრომატი. 20 ივნისი არის "ოცნების“ კომპრომატი და მათ შორის, თვითონ კობახიძის კომპრომატიც, ვიცით, რა გახდა ამ მოვლენის საფუძველი - ჩამოიყვანეს გავრილოვი და ჩასვეს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. "ქართული ოცნება“ ახლა აკეთებს მოსინჯვებს, სადამდე აიღებს გახარია პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.

ის ცდილობს, იმავე ტონალობით არ უპასუხოს "ქართულ ოცნებას“, არ შევიდეს პოლემიკაში, თავის თავზე აიღოს რაღაცეებზე პასუხისმგებლობა. ეს "ბავშვები“ კი ცდილობენ ბოროტად გამოიყენონ მისი ეს განწყობა, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერს თავისი ზღვარი აქვს. აქ შავით და თეთრით არ შეიძლება საუბარი, გახარიას ახლა სჭირდება დროის მოგება, არ უნდა ამ პოლემიკაში დროზე ადრე შესვლა. რაღაც ეტაპზე მას ეს მოუწევს, რა თქმა უნდა, მაგრამ ის თვლის, რომ დღეს ამის გაკეთება ნაადრევია. ვფიქრობ, ეს არის სწორი პოლიტიკა იმიტომ, რომ ამომრჩევლის ის სეგმენტი, რომელზეც ის მუშაობს, ზუსტად ამ ტონალობას ემხრობა“, - აცხადებს ხუხაშვილი.

რას უნდა ნიშნავდეს ფილიპ რიკერისა და კელი დეგნანის პერსონალურად, დანარჩენი ოპოზიციისგან დამოუკიდებლად შეხვედრა გიორგი გახარიასთან, ასევე, გახარიას სამუშაო ვიზიტი ბრიუსელში, გია ხუხაშვილი ასე ხსნის:

"გახარია აღიარებულია ქართული პოლიტიკის საინტერესო ელემენტად და, რეალურად, ასეც არის. რიკერი შეხვდა ყველა მხარეს, ვისაც აქვს გარკვეული ელექტორალური მიზიდულობა და გასაკვირი იქნებოდა, რომ გახარიას არ შეხვედროდა, სხვანაირად არც გამოდიოდა - გახარიას მოაზრება არსებულ ოპოზიციასთან, ცოტა არ იყოს, გაუგებარი იქნებოდა. ამასთანავე, არ დაგვავიწყდეს, რომ ის ცოტა ხნის წინ იყო პრემიერ-მინისტრი, არის ძალიან დიდი ინფორმაციის მატარებელი ხელისუფლებაზე, ბიძინა ივანიშვილზე და რიკერისთვის საინტერესო იქნებოდა ამ ინფორმაციის გარკვეულწილად გაზიარება. გახარია ხომ არ არის უბრალოდ ოპოზიციური პოლიტიკოსი?“

გიორგი გახარიას შეხვედრა ფილიპ რიკერთან

მოსაზრება, რომ გახარიას უკან შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი იდგეს და ის უმაგრებდეს ზურგს, გარკვეულ წრეებში დღესაც აქტუალურია, ექსპერტი ამ ეტაპზე ამ მოსაზრებას არ იზიარებს იქიდან გამომდინარე, რომ "კარგად იცნობს ივანიშვილს“.

"არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი დგას, თუმცა რაღაც ეტაპზე, გამომდინარე იქიდან, რომ გახარია ცდილობს, ბიძინა ივანიშვილთან ხიდი არ ჩატეხოს, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რიგგარეშე არჩევნებამდე პერიოდში ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, მათ შორის რაღაც მოლაპარაკებები დაიწყოს. ამ ეტაპზე იმის თქმა, რომ გახარია თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც ივანიშვილის პროექტი, არ შეიძლება, კარგად ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს და იმიტომ ვფიქრობ ასე, მინიმუმ, ეს შემიძლია გითხრათ“.

იმავე კითხვებზე თითქმის ანალოგიური პასუხები აქვს პოლიტოლოგ თორნიკე შარაშენიძეს, რომელიც ამბობს, რომ გახარიას დაკავება სრული სიგიჟე იქნება "ოცნების“ მხრიდან, ხოლო დამოუკიდებელი მოთამაშეა თუ არა ექსპრემიერი, ეს საარჩევნო კამპანიისას გამოჩნდება, რომელიც ჯერ არ გახურებულა:

"არა მგონია გუნდი ასე შორს წავიდეს და გახარიას მიმართ სს საქმე აღძრას. ამას ვერც ამომრჩეველი გაიგებს და ვერც უცხოელი პარტნიორები. გუშინ კაცს ადიდებდი და დღეს იჭერ, ეს სრული სიგიჟე იქნება. მსგავსი რამ - ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაეჭიროს, "ოცნებას“ კი არა, სააკაშვილსაც კი არ უქნია, ესენი, მით უმეტეს, არ იზამენ ამას. "ოცნების“ გუნდს ამ ეტაპზე სჭირდება რატომღაც მისგან გამიჯვნა და ამიტომაც იქცევიან ასე, მეტი არაფერი ხდება. ახლა მათი მხრიდან სრული სიგიჟე იქნება საქმის აღძვრა და ამას არ იზამენ.

როგორც ჩანს, გახარიას აქვს საკმაოდ ნორმალური რეპუტაცია და ამიტომაც ხვდებიან მას პარტნიორები. ამასთან, "საქართველოსთვის“ ახალი პარტიაა, მისადმი ინეტერესი უფრო დიდია, ვიდრე "ლელოს“ ან "ევროპული საქართველოს“ მიმართ და, შესაბამისად, ხვდებიან მას, ეს ალბათ ამით აიხსნება. ცხადია, გახარიას მიმართ ინტერესი უფრო დიდია, დანარჩენი ოპოზიციისგან კი ასჯერ აქვთ მოსმენილი მათი პოზიცია. რეიტინგიც გახარიას უფრო მაღალი აქვს, ვიდრე დანარჩენ პატარა პარტიებს - 10%-ზეა საუბარი, თუ არ ვცდები და ეს სერიოზული რეიტინგია.

არ არის გამორიცხული, გახარიას უკან მოიაზრებოდეს ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მსგავსი სპეკულაციები არ მიყვარს. ვნახოთ, დამოუკიდებელია თუ არა, ეს მისი ქმედებებით გამოჩნდება. გააჩნია, გახარია როგორ წაიყვანს კამპანიას. ჯერჯერობით, საკმაოდ ნორმალურად მიჰყავს, მაგრამ კამპანია ჯერ არ გახურებულა, გახურდება სექტემბერში და მაშინ ვნახავთ, ჯერ ადრეა და იქამდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

"ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება" - კალაძე

"ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია" - ექსპერტი

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს