ავტორი:

მორიგი სისხლიანი დაპირისპირება აფხაზებსა და რუს ტურისტებს შორის  - ვინ არის თავდამსხმელი აფხაზი და როგორია დაჭრილი ტურისტების მდგომარეობა?

მორიგი სისხლიანი დაპირისპირება აფხაზებსა და რუს ტურისტებს შორის  - ვინ არის თავდამსხმელი აფხაზი და როგორია დაჭრილი ტურისტების მდგომარეობა?
  • ფოტოკოლაჟზე: დიმიტრი ფილია და სანატორიუმი, სადაც თავდასხმა მოხდა

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუს ტურისტებსა და ადგილობრივებს შორის მორიგი დაპირისპირებისას, რუსეთის 2 მოქალაქე დაჭრეს. სროლის დროს ასხლეტილი ტყვიით დაიჭრა ადგილობრივი დიმიტრი ფილიაც. პოლიციის ადგილობრივი წარმომადგენლების თქმით, სწორედ მან გახსნა ცეცხლი რუსების მიმართულებით.

დაპირისპირება ბიჭვინთაში მდებარე სანატორიუმ "Самшитовая роща-ს" რესტორანში მოხდა. ადგილობრივები წერენ, რომ 43 წლის გუდაუთელ ფილიას რუსების მიმართ არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება ყოველთვის გამოარჩევდა.

ერთ-ერთ დაჭრილს 3 ტყვია აქვს მოხვედრილი, მეორეს კი - 6. დაჭრილი ტურისტები ჯერ გაგრის საავადმყოფოში, შემდეგ კი - სოჭში გადაიყვანეს.

აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტროს ცნობით, ფილია უკანონო ქმედებებში ადრეც არაერთხელ ყოფილა შემჩნეული, ატარებდა იარაღს, მათ შორის ცივსა და ცეცხლსასროლს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის გამო, პირობითი სასჯელიც ჰქონდა დაკისრებული. თვითმხილველთა თქმით, ფილია კაფეში ნასვამი შევიდა და ხუთ რუს ტურისტთან გამოლაპარაკება სცადა, მათ შორის ქალებიც იყვნენ და სწორედ მათი გაცნობა მოისურვა. ტურისტებმა მამაკაცს სთხოვეს, მათგან თავი შორს დაეჭირა, რა დროსაც დაწყებული შელაპარაკება დაპირისპირებაში გადაიზარდა. ფილიამ ცეცხლი გახსნა, რა დროსაც რუსეთის ორი მოქალაქე - ფილოიანი და სალიმგარიევი დაიჭრნენ... არაოფიციალური ინფორმაციით, ფილოიანი, რომელსაც 6 ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება:

პირველი - ფილია ნასვამი იყო და რუსი ქალების გაცნობა უხეში ფორმით სცადა, რაზეც მათმა თანმხლებმა მამაკაცებმა პასუხი გასცეს;

მეორე - რუს გოგონებს თავისუფლად ეცვათ, რის გამოც ფილიამ შენიშვნა მისცა, უთხრა, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ სანაპიროზე, რაზეც მათ უპასუხეს, - თუ ტურისტების ჩამოსვლა გინდათ, მენტალიტეტი შეიცვალეთო... და ამას მოჰყვა ჩხუბი.

მესამე - პანსიონის დირექტორის თქმით, რუსი ტურისტები, რომლებიც თავდასხმის სამიზნედ იქცნენ, მანამდეც იქცევდნენ საზოგადოების ყურადღებას, რადგან ზედმეტად ხმაურობდნენ და სხვა დამსვენებლებს ამით პრობლემებს უქმნიდნენ. ფილიას გაღიზიანება შესაძლოა, სწორედ ამან გამოიწვია.

აფხაზეთის ე.წ ტურიზმის მინისტრის თეიმურაზ ხიშბას განცხადებით, დიმიტრი ფილია დაკავებულია.

"ის მსუბუქად არის დაჭრილი და აუცილებლად დაისჯება, რადგან აფხაზეთში ყველანაირად უნდა ცდილობდნენ, ტურისტებს თავი ისე კომფორტულად და უსაფრთხოდ აგრძნობინონ, როგორც საკუთარ სახლში... ტურისტებს კომპენსაციას გადავუხდით, ფილია კი მკაცრ სასჯელს მიიღებს," - აცხადებს Апсадгьыл-инфо-სთან საუბარში ხიბშა.

მისივე თქმით, რუსი ტურისტების მიმართ დამოკიდებულება მძიმე მდგომარეობაში აყენებს აფხაზეთში ტურისტულ სექტორს. ხიშბას განცხადებამ, რომ ფილია შესაბამისად დაისჯება, აფხაზების გაღიზიანება გამოიწვია. თუმცა, ზოგიერთის თქმით, კარგი იქნება, თუ ერთი მათგანი მაინც დაისჯება სამაგალითოდ, რათა სხვებმა გაითვალისწინონ.

"ათი წელია დიმიტრი ფილიას ვიცნობ, არ მახსენდება არც ერთი შემთხვევა, სადმე უხეშად მოქცეულიყოს და მით უფრო, ქალთან ურთიერთობა არასდროს ეშლება. ის ნამდვილი აფხაზია. მესმის, რომ ზოგიერთები მზად ხართ ყველაფერი დათმოთ, ოღონდ რუსი ტურისტები გყავდეთ და ფული შემოგივიდეთ, მაგრამ ჩვენს მიწაზე არ შეიძლება ვიღაცას ყველაფრის უფლება მივცეთ. გრცხვენოდეთ!.. ფილიამ თქვენი საქმეც გააკეთა, მათ დაანახა, რომ ჩვენთვის მთავარი ღირსებაა!" - წერს სოციალურ ქსელში ადგილობრივი სელმა კოღონია.

"იმედია, ეს ბოლო შემთხვევა იქნება, თორემ მეტისმეტია უკვე - ძალიან დაეცა ჩვენი რეპუტაცია, რაც ძალიან ცუდია აფხაზეთისთვის..." - წერს მარინა კვარაცხელია.

"ჩემი ორი მეგობარი ცემით სიკვდილამდე მიიყვანეს პოდმოსკოვიეში, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სურსათის მაღაზიიდან, ადგილობრივებს ვალით არ მისცეს ძეხვი და არაყი... "სპიცებით" მოვიდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. უჩივლეს, მაგრამ მოძალადეების ოჯახებმა ფული გადაუხადეს სასამართლოს და ისინი არც კი დაუკავებიათ. ჩემი მეგობრები კი, დღემდე მკურნალობენ, მაღაზია დაკეტეს, ვალებში გადავარდნენ... რამდენი ასეთი შემთხვევა ვიცი, ყველას ვერ ჩამოვთვლი", - წერს მზია გარგულია.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთაში რუსი ტურისტების დაჭრასთან დაკავშირებით სპეციალური შეხვედრა გამართა.

ბჟანიას ე,წ, პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ ანქვაბი, "პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი“ ალხას კვიცინია, "უშიშროების საბჭოს მდივანი“ სერგეი შამბა, „გენერალური პროკურორი“ ადგურ აგრბა, „შინაგან საქმეთა მინისტრი“ დიმიტრი დბარი და სხვა პირები.

”ქვეყნის მეთაურმა სტუმრების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ჩვენი რესპუბლიკის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული უწოდა”, - აცხადებენ ე.წ. პრესსამსახურში.

ბჟანიამ "სამართალდამცავ ორგანოებს“ დაავალა, მიიღონ ყველა საჭირო ზომები იმისთვის, რომ დამნაშავემ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით აგოს. მან ასევე გასცა განკარგულება, რომ გააძლიერონ ზომები ტურისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

სარკინიგზო ავარია გაგრაში - "მოსკოვი-სოხუმის" რეისის მატარებელი ეკსკავატორს შეეჯახა

რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე

"პატრიარქის თხოვნა იყო, რომ თავი შემეკავებინა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლისგან..." - აქცია ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით და შს მინისტრის კომენტარი