რა ხარვეზები აქვს ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს

რა ხარვეზები აქვს ახალ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს

1-ელი ოქტომბრიდან ძალაში შედის ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. ავტორთა მტკიცებით, კოდექსმა ადამიანის უფლებათა დაცვას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მართლმსაჯულების განხორციელებას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქმის წარმოებისას მხარეთა შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებას უნდა შეუწყოს ხელი. მის შექმნაში უზენაესი სასამართლოს, იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურის, შს სამინისტროს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, თავისუფლების ინსტიტუტის, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის მისიის, ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ერთადერთს - ადვოკატთა ასოციაციას, სადაც ათასობით მოქმედი ადვოკატია გაერთიანებული, მონაწილეობა არ მიუღია.

რამდენიმე თვის წინ ასოციაციაში პრაქტიკოს ადვოკატთა და ექსპერტთა 12-კაციანი ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელმაც შენიშვნები და წინადადებები შეიმუშავა. დღეს ისინი კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანას ითხოვენ. ჯგუფს გამოცდილი იურისტი, უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გიორგი ქოიავა ხელმძღვანელობს, რომელსაც ახალ კოდექსზე სასაუბროდ შევხვდით.

- ბატონო გიორგი, როგორც ვიცი, ახალ კოდექსთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა გაქვთ.

- ეს კოდექსი პარლამენტმა 2009 წლის 9 ოქტომბერს მიიღო. უდავოა, კოდექსი მრავალ ნოვაციას შეიცავს და მასში დადებითი მომენტებია, მაგრამ ისეთი ხარვეზებიცაა, რომლებიც ძალიან გაუძნელებს მუშაობას, როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს.

- რატომ არ მიიღეთ მონაწილეობა განხილვაში?

- ადვოკატები უბრალოდ, არავის მიუწვევია. ადვოკატთა პროფკავშირების კრება შედგა და გადაწყდა, რომ აუცილებელია, ხელისუფლებას ჩვენი შენიშვნები შევთავაზოთ, რათა კოდექსში შეიტანონ. ამ ჯგუფში ცნობილი იურისტები მონაწილეობდნენ - გვარების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. შევიმუშავეთ ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტს გადაეცა. ვერ გეტყვით, რამდენად გაითვალისწინებს ამას ხელისუფლება, შეიძლება, ბრალი დაგვდოს, რომ დაგვიანებულია.

- კოდექსის ამოქმედებამდე სულ ცოტა დრო დარჩა; ამდენ ხანს რატომ დუმდით? მართლა დაგვიანებული ხომ არ არის თქვენი შენიშვნები?

- თითოეული ჩვენგანი აღიარებს, რომ დაგვიანებულია, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს - ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ ობიექტური. ასოციაციის ადრინდელი ხელმძღვანელობა ამაში არ ჩარეულა. აზრის გამოთქმა ადრე უნდა დაწყებულიყო, რაც არ გაკეთდა. ამიტომ ვთავაზობთ ახლა გარკვეულ ცვლილებებს, რომლებიც ობიექტური რეალობიდან გამომდინარეობს; ცვლილებათა პაკეტი გამზადებულია.

- კანონის ამოქმედების შეჩერებას ითხოვთ?

- ცვლილებების შეტანის მოთხოვნით, პარლამენტს მივმართეთ; თუკი ეს ვერ მოესწრება, მაშინ კანონის ამოქმედება უნდა შეაჩერონ: ამ საპროცესო კოდექსით მუშაობა შეუძლებელია და უამრავი პრობლემა შეიქმნება.

- არაერთხელ მოგვისმენია, რომ ახალ კოდექსში მხარეების თანასწორობის პრინციპი დაცულია და ორივე მხარეს გაცილებით მეტი უფლებები ექნება, ვიდრე ეს დღესაა. თქვენთვის მიუღებელი რა არის?

- დაგისაბუთებთ, რომ ასეა საქმე. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ის, რომ დღეისათვის სახელისუფლებო წრეებს უკვე გამზადებული აქვთ ცვლილებების პროექტი - სულ 58 მუხლში უნდა შევიდეს ცვლილება. თუ ასეთი კარგია ეს საპროცესო კოდექსი, რომელიც სულ 333 მუხლისგან შედგება, რატომ ითხოვენ თვითონვე, 58 მუხლში ცვლილების შეტანას?..

- როგორც მახსოვს, მოქმედ საპროცესო კოდექსში გაცილებით მეტი მუხლი იყო, არა?

- ადრინდელში 685 მუხლი იყო. კოდექსი განახევრდა, რადგან წინასწარი გამოძიების ინსტიტუტი გაუქმდა. საბრალდებო დასკვნა საქმეზე აღარ შედგება, მაგრამ ამაში უბედურებას ვერ ვხედავ. შენიშვნებს ახალი საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან დავიწყებ. კოდექსში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რა არის ამ კოდექსის წყარო და ამოცანები, რაც ბევრ ბუნდოვანებას წარმოშობს: არ წერია, რომ კოდექსის წყაროებია - საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლის ნორმები და პრინციპები; არ არის მითითებული, რა არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ამოცანა. დღეს მოქმედ საპროცესო კოდექსშიც კი არის მითითებული, რომ უნდა დაადგინოს დანაშაულის ფაქტობრივი გარემოება და ა.შ.D დიდ უბედურებად მიმაჩნია, რომ ახალი საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლში - ტერმინთა განმარტებაში - დაზარალებულის როლს ვერსად იპოვით.

- საქმის განხილვისას დაზარალებული მხარე არ იქნება?

- სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მხარეს წარმოადგენენ: ბრალდებული, მსჯავრდადებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, გამომძიებელი, პროკურორი - ანუ ბრალდებისა და დაცვის მხარეები. მოქმედი საპროცესო კოდექსით, ბრალდების მხარეს წარმოადგენენ: პროკურატურა და დაზარალებული; ახალ კოდექსში დაზარალებული მხარე საერთოდ არ არის და მას არაფერს ეკითხებიან. ვთქვათ, ადამიანს მოუკლეს შვილი, ვიცით, როგორი მწვავეა ჭირისუფალთა რეაქცია პროცესზე დამნაშავის ყოველ გამოჩენაზე. ამ დროს დაზარალებულს ეუბნები, - შენ მხარე არა ხარ, არანაირი უფლებები არა გაქვსო...

- საქმის განხილვაში დაზარალებული მონაწილეობას ვერ მიიღებს?

- მას პროცესში მონაწილეობის უფლება აქვს, როგორც მოწმეს - არც მეტი, არც ნაკლები. უფრო მეტიც, დაზარალებულს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებაც კი არა აქვს. მას შეუძლია, პროკურორის მოქმედება მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან გაასაჩივროს.

- სასამართლოში საქმის გასაჩივრების უფლება მოესპო?

- ის პროცესზე ისე დაიკითხება, როგორც მოწმე; მოწმისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ მას ბრალდების არსს აცნობენ. საქმის მასალებს ვერ გაეცნობა. მოწმეს არ შეუძლია, მის დაკითხვამდე დაესწროს სხდომებს; როდის მიიჩნევს საჭიროდ დაზარალებულის დაკითხვას პროკურორი, ეს მისი გადასაწყვეტია და შეიძლება, სხდომებზე დასწრებაც ვეღარ შეძლოს დაზარალებულმა. თუკი დღევანდელ და საბჭოთა პერიოდის საპროცესო კოდექსშიც კი მას ჰქონდა უფლება, ჰყოლოდა ადვოკატი, დღეს ეს უფლება არ გააჩნია. მას არ შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემდგომ სასამართლოში. ყველაზე მეტი უფლება, რაც აქვს, - შეუძლია, მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით სასამართლოს განმარტება მისცეს. ეს ყველაფერი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, საერთაშორისო კონვენციას და ადამიანის უფლებათა დარღვევაა.

- დაზარალებულის უფლებას ვინ დაიცავს?

- პროკურორს მისცეს დისკრეციულობის უფლება. პროკურორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას აღძრავს საკუთარი შეხედულებით, დაზარალებულის მოსაზრება მისთვის არაფერს ნიშნავს. მას შეუძლია, საერთოდ, არც აღძრას დევნა. დაზარალებული კი ამ დროს თავის უფლებას ვერ დაიცავს. ვთქვათ, გაიგო, რომ მისი შვილის მკვლელობა დაკვალიფიცირებულია 108-ე მუხლით და რეალურად, უფრო მძიმე დანაშაულია - 109-ე მუხლი უდგება; მას არ შეუძლია, ეს გაასაჩივროს სასამართლოში, შეუძლია, მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან ერთხელ გაასაჩივროს და თუ უარს მიიღებს, სხვაგან ვერ გაასაჩივრებს, თავის დარღვეულ უფლებებს ვერსად აღიდგენს.

- პროკურორის უფლებები გაიზარდა?

- უსაზღვროდაა გაზრდილი. დღეს მოქმედ კოდექსში დაზარალებული სუბსიდიური ბრალმდებელია და ბრალდების მხარეს წარმოადგენს. ხომ შეიძლება, რაღაც ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურორმა დევნის აღძვრა სავალდებულოდ არ მიიჩნიოს?!

- რამ გამოიწვია ამის აუცილებლობა?

- ეს გირგვლიანის, ვაზაგაშვილისა და სხვათა საქმეებმა განაპირობა: ვნახეთ, როგორ იბრძოდნენ დაზარალებულები თავიანთი უფლებების დასაცავად. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ, დაზარალებული საქმეს ვერც სტრასბურგში გაასაჩივრებს. კონსტიტუციით კი, დაზარალებული არის პიროვნება, ვისი უფლებებიც დაცული უნდა იყოს.

- კანონით ხომ სახელმწიფოა ვალდებული, მოქალაქის უფლება დაიცვას?

- კონსტიტუციით გარანტირებულია, რომ სახელმწიფო იცავს პირის უფლებას, მაგრამ რამდენად - ამას კონკრეტული მაგალითებიდან ვხედავთ: კაცს შვილი მოუკლეს, სასამართლომ გამოიტანა არასამართლიანი განაჩენი და ეუბნები, რომ არ შეუძლია, საქმე გაასაჩივროს, - ეს ნორმალურია?! კოდექსში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს დაზარალებულის პატივისა და ღირსების დაცვა, ფიზიკური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. ახლა ბრალდებისა და დაცვის მხარეთა დეკლარირებულ თანასწორუფლებიანობაზე მოგახსენებთ. ბრალდების მხარის ნებისმიერი მოთხოვნა მტკიცებულების მოპოვების პროცესში - კერძო პირის, იურიდიული პირის, სახელმწიფო ორგანოს მიმართ - შესასრულებლად სავალდებულოა; დაცვის მხარეს კი ასეთი უფლება არ გააჩნია - მისი მოთხოვნის შესრულების სავალდებულობა კანონში აღნიშნული არსად არის.

- ანუ ადვოკატს შეიძლება, უარი უთხრან ინფორმაციის მიწოდებაზე?

- ადვოკატმა დამოუკიდებლად უნდა მოიპოვოს მტკიცებულება: მიმართავ ამ მოთხოვნით; თუ არ გაგცემენ პასუხს, ვერაფერს მოითხოვ. უფრო მეტიც - დაცვის მხარეს არა აქვს უფლება, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით, ფარული ოპერატიული მოქმედებების ჩატარების, ჩხრეკისა და ამოღების თაობაზე. ხომ შეიძლება, ადვოკატს ჰქონდეს ინფორმაცია - ის ნივთი, რასაც მის დასაცავს ედავებიან, ან საბუთი არის კონკრეტულ ადგილას, და მისი ამოღების შემთხვევაში, შეიძლება, ყველაფერი თავდაყირა დადგეს, ხოლო დაცვის ქვეშ მყოფი გაამართლონ?! თუკი ბრალდების მხარეს აქვს ფარული მოსმენის უფლება, დაცვას რატომ არ უნდა ჰქონდეს? რომელ თანასწორობაზე ვსაუბრობთ? მით უმეტეს, ბრალდების მხარის ზურგს უკან მთელი სახელმწიფო აპარატი დგას: ფინანსები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ა.შ. ეს დაცვას არ გააჩნია იმისათვის, რომ აწარმოოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედება; ისევ დამქირავებელმა ანუ დასაცავმა უნდა გაიღოს ხარჯები - აქვს კი პატიმარს ამის საშუალება?! თან, ჯერჯერობით არ არის შექმნილი დეტექტივის სამსახური და როგორ უნდა იმოქმედოს ადვოკატმა?..

კანონიდან ასევე, საერთოდ ამოღებულია კერძო - საჯარო ბრალდების საქმეთა წარმოება... მოწმეს ადვოკატის ყოლის უფლებაც არა აქვს. არსებულ პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც პირს, რომელიც პრაქტიკულად ეჭვმიტანილია, მაგრამ მის მიმართ არა აქვთ სერიოზული მტკიცებულებები, მოწმის სტატუსით ჰკითხავენ; ზეწოლის შედეგად ისეთ რამეს ათქმევინებენ, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ გამოადგებათ და ბრალსაც წაუყენებენ. ასეთ დროს, როცა ადვოკატის ყოლის უფლებაც არ ექნება, რაც უნდათ, იმას ათქმევინებენ. არ მითხრათ, რომ ყველა ადამიანი გაცნობიერებულია იურისპრუდენციაში.

- დაგეთანხმებით - მოქალაქეთა დიდ ნაწილს თავიანთი უფლება-მოვალეობების შესახებ ხშირად, ინფორმაციაც კი არა აქვს.

- ზეწოლაც რომ არის, ამაშიც დამეთანხმეთ. რატომ არ უნდა ჰყავდეს მოწმეს ადვოკატი? საუბარია, რომ მხოლოდ გამოსაკითხ პირს შეუძლია იყოლიოს ადვოკატი. გამოკითხვა არ არის მტკიცებულება, ამ დროს პირს არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება, რადგან მას არ აფრთხილებენ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ... დღეს მოქმედ კოდექსში არის მე-18 მუხლი, რომელიც ბრალდების მხარეს ავალდებულებს - საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური; თანაბარი ძალისხმევით უნდა დადგინდეს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის როგორც მამხილებელი თუ დამამძიმებელი, ასევე გამამართლებელი თუ შემამსუბუქებელი გარემოებები.

ეს ვალდებულება ახალი კოდექსით, ბრალდებას აღარ აქვს - ახლა მან უნდა გამოიძიოს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება, დანარჩენის მოპოვება დაცვის მხარეს ევალება. 83-ე და 85-ე მუხლებში დარღვეულია მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი. კანონით, მხარეებს მტკიცებულებათა გაცვლის ვალდებულება ეკისრებათ. ეს თავისთავად, დადებითი მოვლენაა: დაცვას უფლება აქვს, ბრალმდებელს მოსთხოვოს მის ხელთ არსებული გამოკვლეული ინფორმაცია და - პირიქით; მაგრამ პროკურორს აქვს უფლება, არ დააკმაყოფილოს შენი შუამდგომლობა და მთლიანად არ მოგცეს საქმის მასალები - მას ამისთვის არანაირი პასუხისმგებლობა არ ეკისრება; დაცვის მხარე კი, თუ დამალავს რაიმე მტკიცებულებას, ჯარიმდება და ასევე, საპროცესო ხარჯების ანაზღაურება ეკისრება. ბრალდების მხარეს ასეთი ვალდებულება არა აქვს და არც დააჯარიმებენ. პროკურორს შეუძლია, მნიშვნელოვანი დოკუმენტი დამალოს და პირდაპირ სასამართლოს სხდომაზე გამოაჩინოს, - არადა, იქნებ ისეთი მტკიცებულებაა, რომელსაც ადვოკატი უნდა შეებრძოლოს?!. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ადვოკატი აპელანტი არ არის - მას სასამართლოში სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება არა აქვს, პროკურორს კი აქვს.

- საქმე ვინ უნდა გაასაჩივროს?

- საქმის გასაჩივრების უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს და მსჯავრდადებულს. ადვოკატს მხოლოდ მაშინ შეუძლია შეიტანოს საჩივარი, თუ ბრალდებული არასრულწლოვანია ან ისეთი ფიზიკური თუ ფსიქიკური ნაკლი აქვს, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. ადვოკატი ყოველთვის იყო აპელანტი, მაგრამ ეს უფლებაც წაართვეს.

- საზოგადოების დიდი ნაწილი კანონებში ვერ ერკვევა, სააპელაციო სარჩელის დაწერაც საკმაოდ რთულია; იქნებ მსჯავრდადებულმა ვერ გამართა საჩივარი, მას იურისტის დახმარება ხომ სჭირდება?!

- მსჯავრდადებულთა უმრავლესობა კანონში ვერ ერკვევა. ახალი კანონით, მსჯავრდადებულმა თვითონ უნდა დაწეროს საჩივარი; რამდენად გამართული იქნება - ეს უკვე სხვა საკითხია. ციხის ადმინისტრაციიდან მოხდება საჩივრის სასამართლოსთვის გადაცემა. შეიძლება, მსჯავრდადებულმა ვერც გაიგოს განაჩენის არსი - რატომ არ უნდა მისცე მის ადვოკატს საქმის გასაჩივრების უფლება?! იცით, ეს იმიტომ ხდება, რომ ძალიან ბევრი საჩივარია სტრასბურგში გაგზავნილი და უნდათ, ეს ციფრი ამ ხერხით შეამცირონ, მერე თქვან, რომ სასამართლოების მიმართ ნდობა გაიზარდა. კიდევ ერთი საკითხი: ექსპერტიზის დასკვნა ნებისმიერ საქმეში უმთავრესი მტკიცებულებაა, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ ვინ არის დასკვნის გამცემი პირი. ახალი კანონით, სასამართლო განიხილავს მხოლოდ სახელმწიფო საექსპერტო სამსახურის მიერ გაცემულ დასკვნას; მაშინ ექსპერტის სერტიფიკატი რაღა საჭიროა?! მიგვაჩნია, რომ ყველა სერტიფიცირებული ექსპერტის გაცემული დასკვნა თანაბარი მტკიცებულებითი ძალის მქონე უნდა იყოს. ერთი სიტყვით, ის ცვლილებები, რომლებიც შევიმუშავეთ და პარლამენტს ვთავაზობთ, გასათვალისწინებელია. მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შეიტანონ კოდექსში ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალურ თანასწორობაზე საუბარი ზედმეტია.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ