21 სექტემბერს მარი-ელის ციხეში ქართველ კანონიერ ქურდს, 44 წლის ანდრო თოფურიას გულის შეტავა დაემართა, რის შემდეგაც საავადმყოფიში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
ანდროს, რომელიც სასჯელს სანოძის გვარით იხდიდა (ცნობისათვის, ტარიელ ონიანი სასჯელს მულუხოვის გვარით იხდის), თბილისში დაკრძალავენ. იგი უკვე გადაასვენეს მოსკოვში, საიდანაც ჩარტერული რეისით თბილისში გადმოასვენებენ.
როგორც ამბობენ, ყველა ხარჯს თოფურიას შვილი, ცნობილი მომღერალი ქეთა ფარავს.
გაგიკვირდებათ და, კანონიერი ქურდის სტატუსის მატარებელი თოფურია სულ ორჯერ იყო ნასამართლევი და ეს მისთვის მესამე “სროკი” გახლდათ
ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 1987 წელს თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის ჩხუბი მოხდა და რამდენიმე ადამიანი დაჭრეს.
სამართალდამცავებმა მოჩხუბრებს (რომელთა შორის რამდენიმე მაშინდელი მაღალჩინოსნის შვილიც იყო) ურჩიეს, ერთმა აიღოს საკუთარ თავზე ყველაფერი და დანარჩენებმა მის გამოყვანაზე “იჩალიჩეთო”. ის ერთი კი ანდრო აღმოჩნდა, რომელსაც... იმ ჩხუბში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. უბრალოდ, მეგობრებს უარი არ, თუ ვერ უთხრა და აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა. იგი დააკავეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მეგობრებმა დახმარება ვერ მოახერხეს და თოფურიამ სამი წელი სრულად მოიხადა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, თუ თბილისში რამე ხდებოდა, “დამნაშავე” ყველაფერში თოფურია იყო და მას მუდმივად განყოფილებებში დაარბენინებდნენ, თუმცა ვერაფერი დაუმტკიცეს. 1993 წელს ანდრო ციხეში მეორედ ჩასვეს - ბრალდება ნარკოტიკების მოხმარება იყო.
“ანდრო წამალზე არ დაუჭერიათ. მასთან სახლში ვიყავით მეგობრები, როცა პოლიციის ორი მაღალჩინოსანი მოვიდა და უთხრა, ექვსი თვით უნდა ჩაჯდე, დავალება გვაქვს ასეთიო და ისიც ჩაჯდა. ექვსი თვის შემდეგ კი ციხიდან უკვე კანონიერი ქურდის სტატუსით გამოსულმა ბარგი შეკრა და საცხოვრებლად როსტოვში წავიდა”, - გვითხრა თოფურიას ერთ-ერთმა კლასელმა და ისიც დააყოლა, “დღემდე არ გვჯერა, ანდროს ცხოვრება ასე წარიმართებოდა, კლასში ყველაზე უწყინარი ეგ გვყავდაო”.
ეს იყო ის ორი ნასამართლეობა, რომელიც თოფურიას პირად საქმეში ეწერა. როსტოვში ჩასული ანდრო ვითარებაში მარტივად გაერკვა და ერთ წელიწადში ყველაფერს აკონტროლებდა. ამასთან ერთად, მას “ზედმეტად სამართლიანი ქურდის” სახელი ჰქონდა და სავარაუდოდ, ამიტომაც, 1996 წელს თოფურიას არა მარტო როსტოვის, არამედ კრასნოდარის ოლქის “ობშიაკი” ჩააბარეს და ეს პირადად ასლან უსოიანმა, იგივე “დედ ჰასანმა” გააკეთა.
სწორედ აქედან იწყება მათი მეგობრობა: ყველაზე გავლენიანი კრიმინალი ანდროს ბოლომდე მფარველობდა. ერთადერთი, რასაც თოფურიას უწუნებდნენ, ის იყო, რომ ნარკოტიკს აქტიურად მოიხმარდა. სწორედ ნარკოტიკების გამო ჰქონდა მას სამართალდამცავებთან პრობლემები, მაგრამ თანხის გადახდის შემდეგ ციხეს თავს აღწევდა.
მალე “დედ ჰასანმა” გადაწყვიტა, რომ გავლენის სფეროები უნდა გაეფართოებინა და ყირგიზეთის სრულად გაკონტროლება განიზრახა. ყირგიზეთში უსოიანმა სწორედ თოფურია გაგზავნა და ამბობდნენ, ასე შეგნებულად მოიქცა, რადგან ბიშკეკში ნარკომანთა რეაბილიტაციის ერთ-ერთი დიდი ცენტრი იყო, რომელსაც ექიმი ჟენიშბეკ ნაზარლიევი ხელმძღვანელობდა.
თოფურიამ მკურნალობის ერთი კურსი გაიარა, მაგრამ მოსკოვში დაბრუნების შემდეგ კვლავ “წამალზე შეჯდა”. მეორედ, ნაზარლიევის კლინიკას ანდრომ გასულ წელს მიაშურა და იგი ბიშკეკის პოლიციამ დააკავა, მაგრამ ციხიდან მალევე გათვისუფლდა, რადგან თოფურიას მეგობარმა, ალექსანდრე ქარცივაძემ ცნობა წარადგინა, რომ თოფურია სამკურნალოდ იყო ჩასული.
მკურნალობამ შედგი ვერ გამოიღო და თოფურია მოსკოვში დაბრუნდა, სადაც ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების ბრალდებით დააკავეს და 2010 წლის 5 ივლისს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. წესით, ეს დანაშაული ექვს წელს ითვალისწინებდა, მაგრამ წინასწარი დაკავების საკანში თოფურიას გულის შეტევა მოუვიდა და ადვოკატის თხოვნამ, ჩემი კლიენტი ავადმყოფია და სასჯელი შეუმსუბუქეთო, გაჭრა.
2010 წლის 21 სექტემბერს კი, თოფურია გულის შეტევით გარდაიცვალა და გარდაცვალების მიზეზად დასკვნაში სიტყვა “პერედოზიროვკაც” ჩაიწერა. რუსული მედია კი წერს, რომ თოფურიას ნარკოტიკის დიდი დოზის მიღების შედეგად დაემართა გულის შეტევა, მაგრამ არავინ კითხულობს, საიდან მოხვდა ნარკოტიკი ციხეში. მეორეც - ნარკოტიკი ციხეში დიდი ფუფუნებაა და პატიმრები ერთმანეთს მილიგრამობით უზომავენ, ვინ რამდენი უნდა გაიკეთოს და ზედმეტის გაკეთება ფანტასტიკის სფეროა, უბრალოდ ამას არავინ დაგანებებს.
ამიტომ, სერიოზული ეჭვია, რომ თოფურიას მკვლელობა უსოიანთან მეგობრობას უკავშირდება. მანამდე უსოიანის კიდევ ოთხი მეგობარი კანონიერი ქურდი მოკლეს, მათ შორის თემურ სადოიანი, რომელსაც კრასნოდარიდან წამოსვლის შემდეგ, ოლქის კონტროლი და “ობშიაკი” თოფურიამ გადააბარა. სხვათა შორის, უსოიანი, რომელზეც თავდასხმა 16 სექტემბერს განხორციელდა, უკვე საავადმყოფოდან გაწერეს და ამბობენ, ნადირობის სეზონს იწყებსო. ჰოდა, თუ “შემთხვევით” იმავე ციხეში, სადაც თოფურია იჯდა, რამდენიმე პატიმარი გარდაიცვალა, ჩათვალეთ, რომ “დედ ჰასანმა” შური იძია.
დავით მინდიაშვილი