გიორგი გახარია, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში შეხვედრებს მართავენ სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.
ამჯერად პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე ანალიტიკოსს, კოლუმბიის უნივერსიტეტის "ჰარიმანის ინსტიტუტის" ასოცირებულ პროფესორს ლინკოლნ მიტჩელს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, ასევე რეგიონში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ინფორმაციას პარტია "საქართველოსთვის" პრესსამსახური ავრცელებს.
აშშ-ში გამგზავრებამდე გიორგი გახარია ბრიუსელში საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკომისიის გენერალური მდივნის მოადგილეს მაცეი პოპოვსკის შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომელიც სამომავლოდ დამატებით უნდა გადაიდგას.
„შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა საკუთარი პარტიის და პოლიტიკური გეგმების შესახებ. ასევე, განიხილეს ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მაცეი პოპოვსკის პარტიის პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა პარტია “საქართველოსთვის” მიერ უკვე შემუშავებულ რეფორმათა მთელ ჯაჭვზე და ამ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნული იყო პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მაცეი პოპოვსკის გარდა ბრიუსელში გახარია "ევროპული პოლიტიკური ცენტრის" წამყვან ანალიტიკოსს ამანდა პოლისსაც შეხვდა.
გახარიას პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ გამოწვევებს, როგორც რეგიონალურ ასევე ადგილობრივ დონეზე, შავი ზღვის უსაფრთხოებას, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
გიორგი გახარიამ ამანდა პოლთან საქართველოში მოახლოებული 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები და არსებული პოლიტიკური ვითარებაც განიხილა.
გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართა ასევე ევროკავშირის საბჭოს გენერალური სამდივნოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მრჩეველთან, სიმონ მორდუსთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის კაბინეტის საგარეო პოლიტიკის მრჩეველ მაგდალენა გრონოსთან.
შეხვედრაზე შარლ მიშელის შეთანხმება, შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები და გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირს შორის სამომავლო თანამშრომლობის პრაქტიკულ დონეზე გაღრმავების უკვე არსებულ და ახლად შესაქმნელ მექანიზმებს.
"სიმონ მორდუს და მაგდალენა გრონოს გიორგი გახარიამ საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლად შექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა. ასევე, შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ პროცესები და მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს", - ნათქვამი იყო პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გიორგი გახარია ასევე შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის.
პარტიის ცნობით, შეხვედრის მთავარი თემა იყო ევროკავშირთან თანამშრომლობის მიმართულებით იმ საკითხების პრაქტიკული აღსრულების ეტაპზე გადასვლა, რომლებიც გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს განისაზღვრა და შეთანხმდა.
„ეს არის ევროკავშირთან ფიზიკური საკომუნიკაციო და სატრანსპორტო დაკავშირების, ეკონომიკური თანამშრომლობის მექანიზმების გაძლიერების კუთხით დასახული კონკრეტული გეგმები და მათი პრაქტიკული რეალიზაცია. ამ კონტექსტში მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს დღეის მდგომარეობით მიღწეული პროგრესი და ის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც სამომავლოდ დამატებით უნდა გადაიდგას. გიორგი გახარიამ დეტალურად ისაუბრა ამ კონტექსტში პარტია „საქართველოსთვის” მიერ უკვე შემუშავებულ რეფორმათა მთელ ჯაჭვზე და ამ რეფორმების დღის წესრიგზე, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირში ეტაპობრივი ინსტიტუციური ინტეგრაციისთვის“, - აღნიშნული იყო ინფორმაციაში.
როგორც პარტიაში განაცხადეს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მნიშვნელოვანი როლი შავი ზღვის ფართო რეგიონში.
„გიორგი გახარიამ ევროკომისარს ახალ ამპლუაში გააცნო მისი და ახლად დაარსებული პარტია “საქართველოსთვის” დასახული სტრატეგიული მიზნები და დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნებისთვის არსებული გეგმები. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში მტკიცე ინსტიტუციური დემოკრატიზაციის პროცესის გაძლიერების და ამ კუთხით სამომავლოდ თანამშრომლობის აუცილებლობას.
მხარეებმა ასევე იმედი გამოთქვეს სამომავლო თანამშრომლობაზე, მათ შორის ახლო მომავალში კიდევ ერთ შეხვედრაზე“, - აღნიშნული იყო ინფორმაციაში.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბრიუსელში ასევე შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის.
როგორც პარტიის გავრცელებულ ინფორმაციაში იყო აღნიშნული, შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ის გამოწვევები განიხილეს, რომელიც საქართველოს ეროვნულ და რეგიონილ უსაფრთხოებას უკავშირდება.
„ჯეიმს აპატურაიმ და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკურ ვითარება და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს. გიორგი გახარიამ ჯეიმს აპატურაის საკუთარი პოლიტიკური და პარტიის გეგმები გააცნო. ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფი პოლიტიკური პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარია და პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებს მართავენ. ევროპარლამენტარებს შეხვედრაზე გიორგი გახარიამ პოლიტიკურ გეგმებთან ერთად, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო“, - ნათქვამი იყო ინფორმაციაში.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ევროპარლამენტში შეხვედრები გაიმართა ევროპარლამენტართან - „ევროპის სახალხო პარტიის" სპიკერთან საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაიკლ გალერთან, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამსახურის უფროსთან რიჩარდ ტიბელსსთან, ხოლო ევროპარლამენტარებთან - ანდრიუს კუბილიუსთან და რასა იუკნევიჩიენესთან გიორგი გახარიას შეხვედრა სამუშაო სადილზე შედგა.
მათი ინფორმაციით, შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის ევროკავშირთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. „ევროპარლამენტარებთან შეხვედრებზე გიორგი გახარიამ განიხილა საქართველოში დაგეგმილი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარემ მათ საკუთარი პოლიტიკური გეგმების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
გახარია ბრიუსელში ასევე შეხვდა ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს.
როგორც პარტიის ინფორმაციაში იყო აღნიშნული, მარინა კალიურანდმა და გიორგი გახარიამ შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესები და მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს.
„გიორგი გახარიამ მარინა კალიურანდს საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცნო და მის მიერ ახლად შექმნილი პარტიის შესახებ ესაუბრა.
შეხვედრაზე გახარიამ და ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობაზე.
გახარია ასევე ბრიუსელში შეხვდა ევროკავშირში აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის რეგიონალური თანამშრომლობის, ეუთო-ს და რუსეთის მიმართულების აღმასრულებელ დირექტორს, მიხაილ ზიბერტს.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე დღეს არსებულ გამოწვევებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და მის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს. მიხაილ ზიბერტთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური გეგმების შესახებ და ქვეყანაში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილა.
გიორგი გახარია ბრიუსელში 15 ივნისს გაემგზავრა.