ავტორი:

"არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა" - რას ჰყვება ნანა ჯორჯაძე მარინა ჯანაშიას უკანასკნელ კინოროლზე?

"არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა" - რას ჰყვება ნანა ჯორჯაძე მარინა ჯანაშიას უკანასკნელ კინოროლზე?

"პეპლების იძულებითი მიგრაცია", - ასე ჰქვია რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმს, რომელიც პანდემიის პირობებში გადაიღო. ის ეროვნული კინოცენტრის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია და 2020 წლის დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

ამ ეტაპზე მონტაჟის პროცესი სრულდება და მუშაობა ფილმის გახმოვანებასა და მუსიკაზე დაიწყება, ხოლო "პეპლების იძულებითი მიგრაციის“ ხილვა მაყურებელს, სავარაუდოდ, ნოემბერში შეეძლება.

"სცენარი თითქოსდა ძალიან სევდიანია, სავსეა ბევრი პერსონაჟით, ხასიათით, ხაზით, მაგრამ მასში მთავარი მაინც ორი გმირის ურთიერთობა და სიყვარულია. პერსონაჟები შემოქმედი ადამიანები არიან... ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფილმში დრამატულ და ტრაგიკულ სიტუაციაშიც კი ამბავს ღიმილით და ხანდახან სიცილითაც ვყვები იმიტომ, რომ ასე ვცხოვრობ", - ამბობს ნანა ჯორჯაძე.

რეჟისორმა თავის ახალ ფილმში არაერთი საინტერესო მსახიობი მოიწვია, მათ შორის, ახალბედაც... ერთ-ერთი როლი მსახიობმა მარინა ჯანაშიამ ითამაშა, რაც, სამწუხაროდ, მისი ბოლო კინოროლი აღმოჩნდა.

ნანა ჯორჯაძე:

"მარინას ამ ქვეყნიდან წასვლამ ყველა დაგვამწუხრა. ნიჭით, თავმდაბლობით, სიკეთით, სილამაზით, ადამიანების მიმართ საოცარი კეთლგანწყობით იმხელა სიყვარული დაიმსახურა, რომ არავინ დარჩა - ნაცნობი თუ უცნობი, ვისაც მისი წასვლით გული არ ეტკინა... ეს მარინამ შეძლო და ყველას აჩვენა, რა ბედნიერებაა, როდესაც გაქვს უნარი, იყო ასეთი გულწრფელი, ნიჭიერი, სიყვარულით სავსე, თავგანწირული, როლებით, მოღვაწეობით, მეგობრებით, ურთიერთობით ასეთი მდიდარი, ისე იცხოვრო, რომ არც ერთხელ შეგეშალოს. მას ცხოვრებაში არაფერი შეშლია!

მე კი ბედნიერება მერგო, მასთან მემუშავა. ეს მისი ბოლო ფილმი აღმოჩნდა. თითქოს პატარა როლი აქვს (საერთოდ, ჩემს ფილმში ბევრი პატარა როლია, რადგანაც კალეიდოსკოპური კინოა), მაგრამ ისეთი საინტერესო, ისეთი ლამაზი და საოცარი სახე შექმნა, მართლა ბედნიერი ვარ, რომ ამ ფილმში გადავიღე...

სამუშაოდ ისეთი სიხარულით მოვიდა, რომ ეს ემოცია ყველას გადასდო...

- ის ამ თვისებების გამო შეარჩიეთ ამ როლზე?

- არა, არასოდეს ვარჩევ მსახიობებს მათი ადამიანური თვისებების გამო. იმიტომ, რომ პიროვნული თვისებები და ნიჭი სხვადასხვა რამაა. ჯერ ერთი, როდესაც სცენარი იწერებოდა, ჩემს წარმოდგენაში უკვე მარინა იყო სცენარში. ამ როლზე მარტო მას ვხედავდი. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელის როლი ითამაშა, მაგ როლზე მაინც მხოლოდ მარინა წარმომედგინა.

ფილმზე საერთოდ ძალიან შეკრული ჯგუფი მუშაობდა, რომელიც სავსე იყო ერთმანეთის მოსიყვარულე ადამიანებით, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთობა უყვართ და უხარიათ. სადაც ინტრიგა, შური არ არსებობს...

- ეს ალბათ თქვენი დამსახურებაა...

- მე კი სულ მგონია, რომ ბედი მწყალობს და ჩემ გარშემო ასეთი კარგი ხალხი იკრიბება. კი, ეს ბედნიერება მხვდა წილად, რომ ასეთი ნიჭიერი, კეთილგანწყობილი, ყველანაირი ინტრიგებისა და შურის არამოყვარულ ხალხთან მქონოდა საქმე.

- გადაღებაზე თავს როგორ გრძნობდა ქალბატონი მარინა?

- მარინა ბედნიერი იყო, რადგან იმ კეთილგანწყობილ სივრცეში მოვიდა, სადაც ის ყველას უყვარს... სიყვარულში მოვიდა და თვითონაც უდიდესი სითბო, ენერგია, პროფესიონალიზმი, თავისი საქმის მიმართ სერიოზული მიდგომა აჩვენა. მისთვის არ არსებობდა პატარა და დიდი როლები, რადგანაც თავისი საქმე, პროფესია უყვარდა, მისთვის მუშაობა ბედნიერება იყო და არა წვალება.

- ჯანმრთელობის მხრივ, ხომ არ დაუჩივლია, რომ რაიმე აწუხებდა?

- არავინ იცის, რა აწუხებდა, რადგან მისგან ვერაფერს გაიგებდი, მუდამ იღიმოდა. არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა. პირიქით, ამ ნიჭიერ, ლამაზ, კეთილ ადამიანთან მუშაობა, ურთიერთობა ნამდვილად ბედნიერება იყო.

და ისიც მინდა ვთქვა, რომ ის იყო ჩვენს ცხოვრებაში ბევრი დავიწყებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ღირებულების მქონე ადამიანი. ეს არის - კეთილშობილება, უმაღლესი სინდისიერება, რაინდობა. ეს ის სიტყვებია, რომლთაც დღეს აღარ ხმარობენ... მარინა კი ამ დავიწყებულ-დაკარგული უმნიშვნელოვანესი ცნებების მქონე გახლდათ.

2020 წლის ნოემბერში, როდესაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, ambebi.ge-მ ამ ფილმის მთავარი როლის შემსრულებელი, ახალბედა მსახიობი თაკო ტაბატაძე ჩაწერა, რომელსაც პარტნიორობა მარინა ჯანაშიასთან მოუხდა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს:

"ქალბატონი ნანა ჯორჯაძე ფილმში მიღებს, სადაც, მართლაც სასწაულებრივად აღმოვჩნდი. როგორც შემდეგ გავიგე, კასთინგი 3 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, თუმცა, ამ მთავარ როლზე მსახიობის დამტკიცება ვერ მოხერხდა, მიუხედავად იმისა, რომ, ბევრი, ჩემზე გამოცდილი მსახიობი და საინტერესო მოცეკვავე მოიაზრებოდა. გადაღებები უკვე დაწყებული იყო, როდესაც ქალბატონი ნანას ასისტენტმა, ნინო ჯორჯაძემ სოციალურ ქსელში აღმომაჩინა, დამიკავშირდა და ჩვენი შეხვედრა მეორე დღესვე შედგა. ძალიან გამიხარდა, რომ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ რეჟისორს პირადად გავიცნობდი. თუმცა, ვერც წარმოვიდგენდი, რომ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში გადასაღებ მოედანზე აღმოვჩნდებოდი... ჩემი პერსონაჟი ძალიან საინტერესო ადამიანია, ქალბატონმა ნანამ, მის შესახებ რომ მიამბო, საოცრად დავიმუხტე...

ფილმში კიდევ რამდენიმე მთავარი გმირია და ყველას ჰყავს პროტოტიპი, ზოგიერთს ერთი, ზოგიერთი - რამდენიმე ადამიანის კრებითი სახეა და ისინი ქალბატონი ნანას მეგობრები არიან. მასში საოცარი მსახიობები მონაწილეობენ - თამარ სხირტლაძე, მარინა ჯანაშია, დარეჯან ხარშილაძე, ანა ქურთუბაძე, თამარ ბზიავა, ნათელა ნიკოლაიშვილი, ბუბა ჯორჯაძე, რატი ერაძე, გიორგი ცაგარელი და სხვა. მათთან მუშაობა ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო...

ძალიან გამიხარდა, როცა გავიგე, რომ ქალბატონ მარინა ჯანაშიასთან ერთად მქონდა სცენები. რაც საკუთარი თავი მახსოვს, მახსოვს მისი საოცარი ხმა და მის მიერ შექმნილი ფანტასტიკური სახეები როგორც კინოში, ასევე - თეატრში. უსაზღვრო ნიჭიერებასთან ერთად, მისი პიროვნული თვისებებით მოვიხიბლე. საოცრად თავმდაბალი ადამიანია“ - გვიყვებოდა თაკო ტაბატაძე. წაიკითხეთ სტატია სრულად

ფილმის წარდგენა ნოემბერშია დაგეგმილი და რა დასანანია, რომ ფილმის კინოეკრანებზე გამოსვლას ქალბატონი მარინა ვერ დაესწრება.

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

"ჩამოსული არიან ფერწერის და სახურავის ექსპერტები, ისინი დაწერენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა" - გელათში უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ

"სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია" - ნინი გოგიჩაიშვილი თხოვდება?!