თვეში რამდენჯერმე მთაში იყო. სიცოცხლე უყვარდა, ოღონდ - მთასთან ერთად... დილაობით, სანამ ბანაკი წამოიშლებოდა, ზურა "ზბორზე" წამოღებულ წიგნს კითხულობდა და მეგობრებს საყვარელი ნაწარმოებებიდან ამოღებული ციტატებით ესაუბრებოდა. ხუმარა იყო, ოღონდ ყოველთვის ღირსეულად ხუმრობდა... გამოცდილი იყო, მაგრამ თავის უპირატესობას არასდროს უსვამდა ხაზს... ასე იგონებენ 24 წლის ზურაბ ებანოიძეს მეგობრები...
სიცოცხლის მოკლე, მაგრამ სიყვარულით სავსე მანძილი გამოიარა. მეტი წილი მთაში იყო, მეგობრებთან ერთად. ალპინიზმს 19 წლის ასაკში ეზიარა და მას შემდეგ, ბარში ვეღარ ჩერდებოდა, თვეში 3-4 გასვლა ჰქონდა. უშბაც კი დალაშქრა... ახალგაზრდა მთამსვლელს უკვე "ერთიანი" სირთულით დამწყები მთამსვლელები ებარა.
ალპინიზმში მთათა სისტემის სირთულე სკალის მიხედვით იზომება. სულ 6 სირთულის სკალა არსებობს. საქართველოში რამდენიმე მთას იმ ალპინისტის გვარით მოიხსენიებენ, ვინც პირველად დალაშქრა... 24 წლის ზურაბ ებანოიძე სოფელ ჯუთას მახლობლად, ე.წ. ჯავახიშვილის მთაზე ასვლისას, მასობრივი ქვის ცვენაში მოყვა და საყვარელ საქმეს შეეწირა... "მთელი არსებით მიილტვოდა მთისკენ და ბოლოს იქ დატოვა თავისი ლამაზი სული", - მითხრეს მეგობრებმა...
ნიკა ლებანიძე:
- მიჭირს ზურაზე წარსულ დროში ლაპარაკი. სიცოცხლით სავსე ბიჭი იყო. მთა მისთვის სიცოცხლესავით მნიშვნელოვანი იყო... შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ ავედი, როცა ამ ტრაგედიაზე ინფორმაცია გავრცელდა... როგორც ბიჭებმა მითხრეს, 3 ადამიანი იყო მარშრუტზე და 9-სართულიანი კორპუსის სიმაღლის კლდე ჩამოიშალა. იმხელა დარტყმა ჰქონდა, ზურა თოკიდან ამოაგდო და ძირს ჩამოვარდა. კლდის კედლის ძირში იპოვეს... მასთან ერთად, დათო მჭედლიძე და ვანო იმნაიძე იყვნენ. ერთ მარშრუტზე ანუ ერთ თოკზე იყვნენ გაბმული. გვერდზე კიდევ ერთი ხაზი ანუ - ორი ადამიანი მიცოცავდა. მაღალი მარშრუტია, დაახლოებით 800-მეტრიანი. ზურა 150 მეტრიდან არის გადმოვარდნილი და პირდაპირ კლდის ძირში დაეცა... ისეთ ადგილზეა დახეთქებული, მაშინვე გარდაიცვალა. ექიმი იქვე რომც ყოფილიყო, მაინც ვერაფერი უშველიდა. საბედნიეროდ, დანარჩენები უვნებლად გადარჩნენ. ვინც ყველაზე კარგად იცის ცოცვა, ის პირველი ადის და დანარჩენები მიჰყვებიან. თითოეულს შორის 50-მეტრიანი მანძილია.
- ნიკა, ეს მისი მერამდენე მარშრუტი იყო?
- ძალიან ბევრი უვლია მთაში, სვანეთი კი სულ მოვლილი ჰქონდა... სირთულის მიხედვით, სკალას 6-ად ყოფენ. ზურა მე-5 სკალის კატეგორიას ეკუთვნოდა და "ხუთიანებზე" ბევრგან იყო ნამყოფი. სხვათა შორის, იმ მასივში ადრეც იყო, ოღონდ სხვა მარშრუტზე.
მაკა ჩინჩალაძე, ზურას მეგობარი:
- 2006 წელს თბილისის ბოტანიკურ ბაღში გავიცანით ერთმანეთი. პირველ ალპინიამდე იქ ვიკრიბებოდით და კედელზე ვცოცავდით, მთაში წასვლამდე ვვარჯიშობდით. ტექნიკურ მომზადებას იქ გავდიოდით.
- პროფესიონალი ალპინისტები გამზადებდნენ თუ უბრალოდ სამოყვარულო წრე იყო?
- გამოცდილი ალპინისტები გვყავდნენ. ისინი გვასწავლიდნენ და თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებდნენ... მაშინ დამწყებები ვიყავით და ამიტომ რთულ გზებზე არ გვიშვებდნენ. "ერთიანებში" ჩაგვწერეს და 14 დღის განმავლობაში, შესაბამისი სირთულის 7 მწვერვალი უნდა გადაგველახა. მე და ზურა ცალ-ცალკე ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ რადგან "ერთიანებში" ვიყავით, მაინც ხშირი და ახლო ურთიერთობა გვქონდა... ვინ რომელ ჯგუფში უნდა გაანაწილონ, ამას ის ადამიანი წყვეტს, ვისაც სპორტის ამ სახეობაში დიდი გამოცდილება აქვს და "ზბორებსაც" ხელმძღვანელობს. თითოეულ ჯგუფს თავისი ინსტრუქტორი და მთამსვლელი ენიშნება...
ეს იყო პირველი გასვლა; შემდეგ იყო "სამიანი" და "ოთხიანი", სადაც მე და ზურა ერთად აღმოვჩნდით. ჩვენთან ერთად, საერთო მეგობარი დათო ჩიტაიაც (სწორედ მის მიერ გადაღებულ ფოტოებს გთავაზობთ) იყო, რომელიც ფოტოგადაღებითაც არის დაინტერესებული... იმ წელს ჩასვლა დამიგვიანდა და 3 დღის შემდეგ ჩავედი; დათოსა და ზურას უკვე რამდენიმე ადგილი ჰქონდათ მოვლილი...
- ჯგუფში გოგო მხოლოდ თქვენ იყავით?
- დიახ და, ვინაიდან მთელ ჯგუფში ერთი გოგო ვიყავი, ბიჭებს ყველაფერს ვუჯერებდი. ვცდილობდი, მათთვის პრობლემები არ შემექმნა და ტვირთად არ ვქცეულიყავი. არც ის მინდოდა, ჩემ გამო რომელიმე მნიშვნელოვანი მწვერვალის დაპყრობაზე ხელი აეღოთ, ამიტომ რასაც მეტყოდნენ, ყოველთვის უსიტყვოდ ვასრულებდი... ყოველ წელს იმართება გასვლითი ღონისძიებები, ე.წ. "ზბორები". მას "ჭაუხის შეკრებებს" ვეძახით. მთათა ეს სისტემა ყაზბეგის რაიონში მდებარეობს და სოფელ ჯუთიდან 2 საათის სავალზეა. ამ ადგილას ერთი დიდი მასივია (მთამსვლელები ასე ვეძახით), ბევრი სხვადასხვა მწვერვალია. ზოგიერთ მთას სხვადასხვა სირთულის გზა აქვს და იმ მთაზე, სადაც ახლა ზურა დაიღუპა, ნამყოფი ვართ, ოღონდ - სხვა გზით...
- ალპინისტებისგან მსმენია, რომ ადამიანის ხასიათი და ბუნება ყველაზე უკეთ მთაში იცნობა. ამ დროს ზურა რაიმე განსხვავებულ თვისებებს თუ ამჟღავნებდა?
- მე და ზურამ ერთმანეთი თბილისში გავიცანით, მაგრამ უფრო ხშირად მთაში ვხვდებოდით ან ბოტანიკურ ბაღში. მაგრამ ის ერთად ყოფნის ორკვირიანი დრო საკმარისია ადამიანის ხასიათის ღრმად გასაცნობად. ზურა ძალიან ახლობელი ადამიანი იყო ჩემთვის... გარდა იმისა, რომ რამდენიმე დღე ერთად ვიყავით, მთის მარშრუტის დროს ისეთი ადგილები და წუთებია, ფაქტობრივად, სიცოცხლეს ანდობ ადამიანს, ზურას კი თვალდახუჭული ვენდობოდი... ზურა, როგორც უფრო გამოცდილი, წინ მიდიოდა, ან ბოლოს, სადაც ასევე გამოცდილი ადამიანი უნდა ყოფილიყო. მე ყოველთვის მესამე ვიყავი, რადგან მანამდე ბიჭები სინჯავდნენ, რამდენად მყარი იყო თოკი... ზურას დაკიდებულ თოკზე ყოველთვის მყარად მივდიოდი, ვინაიდან ვიცოდი, რომ ყველაფერს ძალიან ფრთხილად და საიმედოდ აკეთებდა.
იყო შემთხვევები, როცა ჩემ უკან მოდიოდა და ამ დროს სულ რაღაცაზე ვლაპარაკობდით. ძალიან კარგი იუმორი ჰქონდა. ცანცარა არ იყო, პირიქით - სერიოზულობითა და სიდინჯით გამოირჩეოდა, მაგრამ რაღაც თავისებური იუმორი ჰქონდა, განსხვავებული... ხალასი ბიჭი იყო და ასევე ხუმრობდა, - ყოველგვარი ირონიისა და დაცინვის გარეშე... კლდეზე ცოცვისას თუ თავს არ შეუძახე და ნერვებს აჰყევი, თავის მოთოკვა ძნელია. ზურა კი ამას ახერხებდა...
მახსოვს, ერთხელ - მაშინაც ჭაუხში - "რჩეულიშვილის სამიანზე" ვიყავით... თოკზე მე და ზურა ვიყავით დარჩენილები. ამინდი მოულოდნელად გაფუჭდა. სეტყვა წამოვიდა. დანარჩენები ზევით იყვნენ, მაგრამ იმდენად ცუდი ამინდი იყო, რამის დანახვა ჭირდა... მაშინ გამოუცდელები ვიყავით და ზურა მამხნევებდა. ცუდზე რომ არ მეფიქრა, რაღაცას სასაცილოს მიყვებოდა. დამიჯერეთ, ასეთ დროს საკუთარ თავში იუმორის გრძნობის პოვნა ძნელია და ეს ყველას როდი შეუძლია... ცუდ ამინდში ძალიან მნიშვნელოვანია, გაიგო - სად ვარდება მეხი, ვინაიდან ალპინისტს ბევრი რკინა აქვს ტანზე ასხმული... როცა მეხის გავარდნის ხმას გაიგონებ, მაშინვე უნდა მოიხსნა, თუ რაიმე რკინა გიკეთია, და შორს უნდა მოისროლო...
არ ვიცი, მოგვეჩვენა თუ არა, მაგრამ მეხის გავარდნის ხმა მართლა გავიგონეთ. წერაყინი ზურგზე მეკეთა და რადგანაც თოკზე ვიყავი დაკიდებული, ჩემით ვეღარ ვიხსნიდი; ზურა წამებში ჩამოვიდა, თოკს ჩაება, წერაყინი მომხსნა და გადააგდო. მერე მალევე მივხვდით, რომ მეხის საშიშროება აღარ იყო, ისევ ჩავიდა და ამომიტანა...
ძალიან ყურადღებიანი და ფრთხილი იყო, მაგრამ ამას ისე გააკეთებდა, საკუთარ უპირატესობას არ გაგრძობინებდა, პირიქით - ძალიან მოკრძალებული იყო... ალპინისტებს გვაქვს ე.წ. ჟომარი - მოწყობილიბა, რომელიც მხოლოდ ზემოთ ასვლის დროს გამოიყენება, მაგრამ ერთბაშად ვერ გაიკეთებ, უნდა შეეგუო ანუ - უნდა დაამუღამო. თავიდან ძალიან მიჭირდა და ყოველთვის, როცა მას ვიყენებდი, ზურა უსიტყვოდ მეხმარებოდა... სულით ხორცამდე ალპინისტი იყო და ამ სფეროში ჩვენ თვალწინ გაიზარდა. 19 წლის იყო, ერთად რომ დავიწყეთ მთაში სიარული და უკვე მაშინ ისეთ თვისებებს ამჟღავნებდა, რაც ალპინისტისთვის აუცილებელია. ძალიან სწრაფად დაცოცავდა კლდეზე და - რაც ასევე აუცილებელია მთამსვლელისთვის - ძალიან სხარტი გონების პატრონი იყო. მთაში სიარულისთვის მხოლოდ კარგი გამოცდილება და ტექნიკური მომზადება საკმარისი როდია; თუ ადამიანს გონება კარგად უჭრის, ის გამოსავალსაც სწრაფად იპოვის. ასეთი იყო ზურა - როცა შეატყობდა, რომ ადამიანებს შორის სიტუაცია იძაბებოდა, უცებ რაღაც სასაცილოს იტყოდა და დაძაბულობას მოხსნიდა. გოგოებთან საოცარი დამოკიდებულება ჰქონდა, ყურადღებიანი და ღირსეული იყო.
- ალპინიზმი ჩემთვის, და ალბათ ბევრისთვის, ბეწვის ხიდზე გავლას ნიშნავს...
- დიახ, ასეა. მივხვდი, რასაც მეკითხებით... როცა ეს ტრაგედია მოხდა, დედაჩემს ვეუბნებოდი, - შორიდან ეს ყველაფერი ძალიან რომანტიკული ჩანს, თუნდაც გურამ რჩეულიშვილის მოთხრობებიდან, მაგრამ სინამდვილეში, იქ თითოეული ნაბიჯი მართლაც, ბეწვის ხიდზე გავლას ნიშნავს... დიახ, ვისაც მთის სიყვარული არა აქვს, მისთვის შეიძლება, ეს გაუგებარიც იყოს. ძალიან ბევრჯერ გავდიოდით ბეწვის ხიდზე, მაგრამ ამ დროს მთის დალაშქვრის ჟინი იმდენად დიდია, რომ მაშინ სიკვდილზე არ ვფიქრობდი. თოკზე მიბმულს გადამიხედავს და იმ სიმაღლეზე ვყოფილვარ, რომ მიწა არ ჩანდა, მაგრამ შიში გულში არც გამივლია. დაუდევრობას ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს და იქ ადამიანი ძალიან მომზადებული უნდა იყოს, მაგრამ ამავდროულად - რისკიანიც... ოჯახის შექმნის შემდეგ თითქმის თავი დავანებე ალპინიზმს. მანამდე "ოთხიანი" უკვე გავლილი მქონდა.
- ზურასთან მეგობრობას აგრძელებდით?
- დიახ. ჩემი მეუღლეც ალპინისტია, საერთო ინტერესი გვქონდა. ოჯახშიც მოდიოდა ჩვენთან... დაღუპვამდე 2 კვირით ადრე იყო მოსული... სანამ მთაში წავიდოდა, მანამდე 2 დღით ადრე დამირეკა, დაბადების დღე მომილოცა და ჩემს მეუღლეს შესთავაზა, - ჭაუხში მივდივართ და ხომ არ წამოხვალო?.. ჯგუფში მეორე ზურაც იყო და მეგობრები "პატარა ზურას" ვეძახდით. ადრეც იყო იმ მთაზე, ოღონდ - ხევსურეთის მხრიდან. ძალიან რთული მარშრუტის გავლა უწევდათ და მობრუნდნენ. ზურა გულდაწყვეტილი იყო და ვამხნევებდით, - ხომ იცი, მთაში ზოგჯერ გონივრული მოქმედება უფრო გამართლებულია-თქო. მეგობრები სულ ვამბობდით, რომ მას, როგორც ალპინისტს, დიდი მომავალი ჰქონდა...
მთაში როცა ერთი კენჭი ჩამოვარდება, ეს შეიძლება, ხელის შემშლელი იყოს და ამისთვის ჩაფხუტი გვიკეთია, მაგრამ როცა კლდიდან ქვების ცვენა იწყება, ამ დროს ადამიანის სიცოცხლე მართლაც რომ უფლის ხელშია. ზურას შემთხვევაში, ვიცი, რომ ქვების ცვენა დაიწყო, კარაბინი - მთავარი კვანძი, რომლითაც ალპინისტი ერთ-ერთ თოკზეა ჩაბმული, გატყდა; ასეთ დროს, მთამსვლელის გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობს: ეს კარაბინი რკინის ბოქლომივით არის და ჩამკეტით იკეტება. როგორც ვიცი, სწორედ ეს კარაბინი გატყდა ქვის ცვენის დროს.
- იმ თოკზე ჩაბმული ადამიანები საბედნიეროდ, გადარჩნენ...
- დიახ, საბედნიეროდ... ქვას თოკი რომ გაეწყვიტა, მაშინ მისი დარტყმის ძალა სხვებსაც გადაიყოლებდა; ამ შემთხვევაში თოკი არ გაწყვეტილა...
ლალი პაპასკირი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)