- მერვე კლასის როდონაია ვის გაქვთ, - გაჰკიოდა მეტრო "ახმეტელის" წინ მაღალ-მაღალი წითელთმიანი ქალი და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს. შორიახლო მიმოფანტული ქალები მის გარშემო მოგროვდნენ, ხელში ნახმარი სახელმძღვანელოები ეკავათ და დიდი ყიდვა-გაყიდვა გაეჩაღებინათ.
- როდონაია და ჯანდაბა მაგას, 17 ლარი გადავიხადე შარშან თავისი რვეულით, 10 ლარად მოგართმევთ, თუ გინდათ.
- დედა, რას ჰგავს, კი მაგრამ, ქართულის მეტი არაფერი უსწავლია თქვენ შვილს, თუ წიგნზე ჭამდა საჭმელს, - დაიწუნა წიგნი წითელთმიანმა. - რას კადრულობთ ქალბატონო, აიღეთ თუ გინდათ, თუ არა და აგერ ნახავთ, როგორ გავყიდი 12 ლარად.
- აქ ნუ დადგებით, არ შეიძლება, ჯარიმას გადაგახდევინებთ, - გამოგვეცხადა ტანმაღალი წარბშეკრული პოლიციელი. - აგერ ყვავილებით მოვაჭრეებთან გადაინაცვლეთ.
- ესღა გვაკლდა, ჩვენი გაჭირვება არ გვყოფნის თითქოს, - ჩაილაპარაკა ფაშფაშა, თვალებგადმოკარკლულმა მყვირალამ და გააგრძელა, - ესაა ცხოვრება? გარემოვაჭრეებად გვაქციეს ყველა. ისეთი ფასი ადევს ახალ წიგნებს, ორთვიანი შიმშილობაც არ გეყოფა, ერთი კომპლექტი რომ უყიდო შვილს. კიდევ ერთი მყავს, მრავალშვილიანი დედები მეცოდება, მე შენ გეტყვი, აფინანსებს სახელმწიფო, არანაირი შეღავათი, არანაირი წახალისება, მერე იკითხავენ, რატომ ვართ ასე ცოტანი, დემოგრაფიული პრობლემა რატომ მძვინვარებს საქართველოშიო. - მე ხელოვნურად გაზრდილი ფასები მაგიჟებს, გამოელაპარაკა სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალი, - წიგნს ზედ აწერია ღირებულება და ეს უსინდისო გამყიდველები 2-3 ლარს ისე უმატებენ გამომცემლობს ფასს, წარბსაც არ იხრიან. საბითუმო ბაზრობა აწერია და ცეცხლის ფასად გასყიდებენ წიგნს. მერე ზოგს ორი რვეული მოჰყვება, ზოგს სამი. - ესაა ამათი რეფორმა, სად იყო ჩვენ დროს ასეთი რვეულები, - სიტყვა ჩაურთო ფაშფაშამ, - ყველაფერი წერია შიგნით, რაღა უნდა დაწერონ ამათ!
- არადა, სულ არ გამოვდგები ვაჭრობისთვის, - განაგრძო სასიამოვნო გარეგნობის ქალმა, - ახლახან მე-7 კლასის მუსიკა გავყიდე თითქმის სულ ახალი, 3 ლარად და ისევ მე-7 კლასის ვიყიდე უფრო შელახული 4 ლარად. ავტორი კი იყო ერთი, მაგრამ გარეკანი ჰქონდა სხვანაირი. მაგარი ბიზნესია. არც ვამტყუნებ არავის, შეიძლება თავადაც შემეშალა და მე-7 კლასი ვუთხარი, დავიბენი უკვე, ვეღარ გავიგე რომელს ვყიდი და რომელს ვყიდულობ. მათემატიკა - გოგიშვილი-ვეფხვაძე ვის გაქვთ, - განაგრძობდა კივილს წითელთავიანი და თითქოს მის ხმაზე მოდიოდა პოლიციელიც. - რამდენჯერ გითხრათ, ქალბატონო, აქ დგომა არ შეიძლება. გარე ვაჭრობა აკრძალულია. - მერე და, მე გარემოვაჭრეს ვგავარ, - გაწიწმატდა წითელთავიანი, - მერამდენედ მნახე ამ ტერიტორიაზე წიგნებით ხელში. ჩემი შვილის შარშანდელ წიგნებს ვყიდი, წლევანდელი რომ ვიყიდო. შვილები არ გყავს, ოჯახი არ გაქვს?!
- რა მეტყობა, ვითომ შვილები და ოჯახი რომ არ მყავდეს?! ცოლიც მყავს, შვილებიც და წიგნებიც შევიძინე უკვე... აბა, მოგროვდით ყველა, განცხადება უნდა გავაკეთო. მშობლებს ეგონათ გვაჯარიმებენო და დაიფანტნენ. ეი, თქვენ, წიგნები! - გასძახა პოლიციელმა დაფანტულებს. არ გაჯარიმებთ, განცხადება უნდა გავაკეთო. ახლა ყველანი წახვალთ ავეჯის სახლის ტერიტორიაზე, მაკლერები რომ დგანან იქ, აქ თუ მოვა მყიდველი, თვითონ გამოგიგზავნით იქ, მეტი რა გითხრათ!
- რაში ვიხდით ამდენ ფულს, წიგნი წიგნს არ ჰგავს და მასწავლებელი მასწავლებელს, - განაგრძო სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ქალმა. - ისეთ ამბავს მოგიყვებით, თვალები შუბლზე აგივათ. თვითონ ფილოლოგი ვარ და კარგად მესმის ქართული გრამატიკა. ამას წინათ ჩემს შვილს მასწავლებლისთვის უკითხავს, ომონიმი რა არისო. რაღაც კონკურსზე შეხვდა ეს კითხვა და მაშინ ჯერ ნასწავლი არ ჰქონდა ამ სიტყვის მნიშვნელობა.
სინონიმი ხომ იცითო, უკითხავს მასწავლებელს ბავშვებისთვის, - კიო - უპასუხეს, - ანტონიმიც ხომ იცითო, - კიო. - ჰოდა მაგათი მსგავსია ომონიმიცო, - აუხსნა "ბრძნულად" მასწავლებელმა. აი, ასეთი პედაგოგები ასწავლიან დღეს სკოლებში ბავშვებს. - რა ვიცი, რა ვიცი, - არ გამოუხატავს დიდი აღშფოთება ფაშფაშას, ეტყობა, ომონიმის მნიშვნელობა არც მან იცოდა. - ბიჭი, მეექვსე კლასის რა გაქვს? - იკითხა მორიგმა მყიდველმა მშობელმა. არაფერი, დეიდა. ეს ჩემი შარშანდელი წიგნებია, მე-9 კლასის, მეათე მინდა ვიყიდო და ამათ ვყიდი, - უპასუხა კეპკიანმა მოზარდმა. - აი, ბავშვი, ჩემი შვილივით კი არ წამომჯდარა კომპიუტერთან წიგნების მოლოდინში, თვითონ ცდილობს იყიდოს, - შექებაზე მოზარდს ყურები აუწითლდა.
გარემოვაჭრე მშობლებმა ბოლოს პოლიციის ძალით მაინც გადაინაცვლეს ავეჯის სახლის ტერიტორიაზე. მეც გავეცალე იქაურობას. გზაში დამცირებულ და ღირსებაშელახულ მშობლებზე ვფიქრობდი, გარე მოვაჭრეებად რომ შერაცხა პოლიციამ.
ნინო მჭედლიშვილი
ჟურნალი "რეიტინგი"
(გამოდის ორშაბათობით)