ავტორი:

"მნახველთა აღტაცება ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ამ ტექნიკით არავინ ხატავს" - ვინ არის "ბრიტვით" შექმნილი საოცარი ნახატების ავტორი, რომელიც საფრანგეთში აღიარეს

"მნახველთა აღტაცება ბუნებრივი მოვლენაა, რადგან ამ ტექნიკით არავინ ხატავს" - ვინ არის "ბრიტვით" შექმნილი საოცარი ნახატების ავტორი, რომელიც საფრანგეთში აღიარეს

მისი ერთ-ერთი ნამუშევარი წლის საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა. მნახველთა აღტაცებაც ბუნებრივი მოვლენაა, რადგან აღნიშნული ტექნიკით თითქმის არავინ ხატავს! ეს ყველაფერი კი ერთგვარი სტიმულია მისთვის…2017 წელს ონლაინ პლატფორმის მეშვეობით მონაწილეობა მიიღო ერთ-ერთი ფრანგული საიტის რამდენიმე კონკურსში და შედეგად გახდა პარიზის სამხატვრო ასოციაციის წევრი.

მარტინ აშხატოევი თავისი შემოქმედების შესახებ ვრცლად AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- დავიბადე თბილისში, 1958 წლის 20 მაისს, ჩემს ტყუპ ძმასთან ერთად… რამდენიმე წლის მერე ჩემს მშობლებს შეეძინათ კიდევ ერთი ვაჟი. ვცხოვრობდი, როგორც ერთ-ერთი ჩვეულებრივი ბავშვი, რომელიც მეტ-ნაკლებად მდიდარი იყო დედმამიშვილებით. მშობლები მაქსიმალურად ცდილობდნენ და გამოსდიოდათ კიდეც, რომ არაფერი მოგვკლებოდა. ასე თუ ისე, განებივრებული ბავშვობა გვქონოდა. სკოლამდელ ასაკში, როგორც ბავშვთა უმრავლესობა, მეც დავდიოდი საბავშვო ბაღში. შემდეგ სკოლაში ჩემს ტყუპ ძმასთან ერთად…მახსოვს, სკოლის პირველ დღეს როგორი სიხარულით მივემართებოდით ახალი ნაბიჯის გადასადგმელად და ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად...

სკოლაშიც ერთ-ერთი ჩვეულებრივი მოწაფე ვიყავი. ცოტა შემზღუდველი და არასასიამოვნო იყო ჩემი ეპოქის ჩარჩოები და არსებული რეალობა, თუმცა ჩვეულ რითმს მივყვებოდი. პედაგოგების მიმართაც დადებითი დამოკიდებულება მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ცელქი და ცოტათი ურჩი მოწაფე ვიყავი. საგნებიდან ძალიან მიზიდავდა ისტორია, სულ ვცდილობდი, რაიმე ახალი გამეგო. შესაბამისად ისტორიის პედაგოგსაც გამოვარჩევდი. ფიზკულტურა და მისი პედაგოგიც ძალიან მომწონდა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, პატარაობაში არანაირი მისწრაფება არ მქონია მხატვრობის მიმართ. სკოლის პერიოდში მუსიკა მიყვარდა! დამამთავრებელ კლასებში სკოლის მუსიკალურ ჯგუფში დრამზე ვუკრავდი, რამდენიმე წელი მუსიკით ვიყავი დაკავებული და მუსიკალურ სასწავლებელშიც მინდოდა სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ შევძელი.

გარდა ამისა, მუსიკასთან ერთად დაკავებული ვიყავი სპორტული აქტივობით, მძლეოსნობით, რაც არანაკლებ მიყვარდა. თუმცა როგორც მუსიკალურ სფეროში ვერ მოვახერხე ფესვების გადგმა, ისე ვერ მოვახერხე, რომ სპორტს გავყოლოდი.

სკოლის შემდეგ, იმდროინდელ "რკინიგზის ტექნიკუმში" დავიწყე სწავლა, მაგრამ მალევე მომიწია სწავლის შეწყვეტა, რადგან ამ სფეროში ჩემს თავს ვერ ვხედავდი. შემდეგ სწავლა დავიწყე კავშირგაბმულობის სასწავლებელში, დაუსწრებელზე და ამასთანავე, აღნიშნული პროფესიით ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გავდიოდი. ესეც არ გაგრძელებულა დიდხანს და ერთი წლის შემდეგ ეს პროფესიაც ჩემთვის არასათანადოდ და შეუსაბამოდ ჩავთვალე. ამის შემდეგ, ვცდილობდი რაიმე ახალი აღმომეჩინა ჩემში და ჩემთვის! რაიმე ახალი, სასარგებლო და სასიამოვნო ამეთვისებინა …

ბევრი ფიქრის შემდეგ ოქრომჭედლობამ დამაინტერესა და ავითვისე. დაახლოებით 1980/1997 წლამდე ოქრომჭედლობით ვიყავი დაკავებული. ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, ვცდილობდი ერთგვარი საარსებო წყარო ყოფილიყო. ამასთანავე მომწონდა ჩემი საქმიანობა. მხატვრობას რაც შეხება, არც მიოცნებია რომ მხატვარი გამოვიდოდი, მაგრამ ფაქტი სახეზეა...

გარკვეული მიზეზების გამო საშუალო განათლების შემდეგ არანაირი განათლება არ მიმიღია, რაც მხატვრობასთან ასოცირდებოდა, თუმცა სხვადასხვა სახის განათლება მცირე დოზით მაინც მივიღე, რაზეც უკვე ვისაუბრე...

- მსოფლიოს რომელმა უდიდესმა მხატვარმა მოახდინა თქვენზე გავლენა?

- გამორჩეულად არცერთ მხატვარს არ მოუხდენია ჩემზე განსაკუთრებული ზეგავლენა, თუმცა არიან მსოფლიო დონის მხატვრები, რომელთა შედევრებიც მიზიდავს.

- როდის და რატომ დაიწყეთ "ბრიტვით" ხატვა?

- "ბრიტვით" ხატვა 20-22 წლის წინ შემთხვევით დავიწყე. თავიდან არასერიოზულად მივუდექი და დიდი ინტერესი არ გამომიჩენია ამის მიმართ, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ეს განსაკუთებული, გამორჩეული და ახალი რაღაც იყო, რაც მანამდე არ მქონდა გაგონილი და ნანახი…მაქსიმალურად ვცდილობდი დამეხვეწა და ამეთვისებინა ეს ტექნიკა! თვისთავად დიდძალმა ენერგიამ და შრომამ თავისი შედეგი გამოიღო, დროდადრო შევატყვე, რომ ეს საქმე მომწონდა და სიამოვნებას მანიჭებდა. იმდენად მრავალფეროვანი და განსხვავებული სტილია, რომ ყოველი ნახატის შექმნისას რაღაც ახალს ვსწავლობ და ვიგებ. ამ ეტაპზე ასობით ნამუშევარი მაქვს შექმნილი, რომელთა უმეტესობაც "სამახსოვროდ" მაქვს გაჩუქებული. ნაწილი სახლში მაქვს და მცირე ნაწილიც გაყიდული, როგორც საზღვრებს შიგნით, ისე საზღვარგარეთის რამდენიმე ქვეყანაში (საბერძნეთი, გერმანია, რუსეთი, შვეიცარია, საფრანგეთი და კიდევ რაიმდენიმე ევროპულ ქვეყანაში).

არასდროს დავინტერესებულვარ გამოფენის ჩატარებით, მაგრამ 2015 წელს ჩემი მეგობრის დაჟინებული თხოვნითა და დაუოკებელი მონდომებით პირველი გამოფენა გავმართე, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო! ამის შემდეგ რამდენიმე გამოფენა მქონდა. ამ გამოფენებს კი ბუნებრივია, რომ დაინტერესება და გამოხმაურებაც მოჰყვა კოლეგების, დამთვალიერებლებისა თუ ტელევიზიების მხრიდან. მნახველთა აღტაცებაც ბუნებრივი მოვლენაა, რადგან აღნიშნული ტექნიკით თითქმის არავინ ხატავს, ეს ყველაფერი კი ერთგვარი სტიმულია ჩემთვის. გარდა ამისა, 2017 წელს ონლაინ პლატფორმის მეშვეობით მონაწილეობა მივიღე ერთ-ერთი ფრანგული საიტის რამდენიმე კონკურსში და შედეგად გავხდი პარიზის სამხატვრო ასოციაციის წევრი. ამასთანავე, სხვადასხვა კონკურსში, რომელიც ტარდებოდა სხვადასხვა ვებ-გვერდის საშუალებით, საპრიზო ადგილები მაქვს დაკავებული. ასევე ჩემი ერთ-ერთ- ნამუშევარი დასახელდა წლის საუკეთესო ნამუშევრად.

დღესდღეისობით ერთ-ერთ შემოსავლის წყაროდ მივიჩნევ ჩემს საქმიანობას, მაგრამ საქართველოში ეს ძალიან რთულია, რადგანაც ეს ის ქვეყანაა, სადაც ნაკლებადაა დაფასებული ხელოვნება და ხელოვანები! ამიტომ ვცდილობ უცხოური საიტების მეშვეობით მოვახერხო ჩემი ნახატების ერთგვარი, მცირე რეალიზაცია. თუმცა არც ესაა მარტივი და შედეგიანი.

გარდა მხატვრობისა, ჩემი ყოველდღიურობა მოიცავს ოჯახის საქმეებსა და „მამის“ მოვალეობის შესრულებას, რადგანაც 3 შვილი მყავს და დიდ ყურადღებას ვუთმობ მათ და ჩემს მეუღლეს. თუმცა ხატვაც იმდენად ჩამთრევი და აზარტული საქმიანობაა, რომ ხანდახან მიჭირს მოვწყდე ხატვას და ისე სწრაფად და შეუმჩნევლად გადის დრო, რომ ხანდახან კვებაც კი მავიწყდება.

ამ ეტაპზე დაინტერსება არავის გამოუთქვამს აღნიშნული ტექნიკის შესასწავლად, შესაძლოა იმიტომაც, რომ არცთუ ისე ცნობილია ეს ტექნიკა. ხანდახან ვცდილობ ჩემს შვილებს შევასწავლო და სწავლის სურვილი გავუჩინო, თუმცა ამაოდ. მათ თავიანთი ჰობი, მიზნები აქვთ და ბუნებრივია, რომ სურვილის არარსებობის შემთხვევაში, მხატვრობის ძალით შესწავლა ყოვლად მიუღებელი და გაუმართლებელია!

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- რა თქმა უნდა, სამომავლოდ სურვილი მაქვს მეტად პოპულარული გავხადო ეს ტექნიკა, რადგან უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს აღნიშნულის შესახებ! გარდა ამისა, მსურს გამოფენებში მონაწილეობა, როგორც ინდივიდუალურში ისე სხვა მხატვრებთან ერთად. აგრეთვე სამომავლოდ მიზნად მაქვს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩავატარო გამოფენა და უცხოელ კოლეგებსა თუ სხვა პროფესიის წარმომადგენლებს გავუზიარო ჩემი ნამუშევრები და შესრულების ტექნიკა.

Covid 19-ით ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევა და 10 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები რეგიონების მიხედვით

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჟურნალისტებისადმი განსაკუთრებით გამომჟღავნდა აგრესია" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"რა არის ამისთანა ეს პრაიდი, რომ მაინცდამაინც ამდენი ადამიანის ნერვებზე უნდა გადატყდეს? ეს "პრაიდით" არ მთავრდება, მიზანი არის..." - ანდრია ჯაღმაიძე დღევანდელ მოვლენებზე