თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ოჯახის წევრების განმარტებით მას ფსიქიური პრობლემები აღენიშნება.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით მიმდინარეობს.