ავტორი:

"ფოტოებს ვიღებდი, როცა უკნიდან რაღაც მომხვდა და დავეცი..." - "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი მომხდარის დეტალებს იხსენებს

"ფოტოებს ვიღებდი, როცა უკნიდან რაღაც მომხვდა და დავეცი..." - "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი მომხდარის დეტალებს იხსენებს

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, მომხდარის დეტალებს იხსენებს.

გიორგი ნიკოლიშვილი, რომელიც ამჟამად ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული, აცხადებს, რომ მას აქციის მონაწილეები თავს ორჯერ დაესხნენ, პირველი ფიზიკური თავდასხმის შემდეგ გაქცევა სცადა, თუმცა ისევ ხელი კრეს და წააქციეს.

ამასთან, როგორც ფოტოკორესპონდენტმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, თავდასხმა ზურგიდან მოხდა, რის გამოც კონკრეტული პირების დანახვა ვერ შეძლო.

„ფოტოებს ვიღებდი, როცა უკნიდან რაღაც მომხვდა და დავეცი. არ მახსოვს ვინ იყო. ფეხზე, რომ ავდექი, გაქცევას შევეცადე, მაგრამ მასა მორბოდა, ხელი მკრეს და კვლავ დავეცი. საბოლოოდ, პოლიციამ გამარიდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს “, - აღნიშნა გიორგი ნიკოლიშვილმა.

რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, როგორც ის აცხადებს, ტვინში ჰემატომა და დაჟეჟილობა აღენიშნება, რის გამოც გადაადგილება არ შეიძლება. ის მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

მისივე თქმით, არაერთი აქცია აქვს გაშუქებული, თუმცა აქციის მონაწილეების მიერ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი აგრესია არასდროს უნახავს.

„წლებია ამ საქმეში ვარ, მედიაზე ასეთი თავდასხმა პირველი იყო. ცოტა არ იყოს შოკირებული ვარ, წარმოუდგენელი და მიუღებელია რაც იყო. ვერ ვხსნი ამ ფენომენს“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტმა.

რაც შეეხება ტექნიკას, მისი თქმით, დაზიანებულია კამერაც.

ცნობისთვის, "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ალადაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. სააგენტოს თანამშრომელს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, მათ შორის, გამოკვლევების შედეგად, აღენიშნება ტვინში სისხლჩაქცევები.

გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი თავს ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაესხა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.

გიორგი ნიკოლიშვილის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაიცავს.

მათივე ინფორმაციით, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იურიდიულ საკითხებში, ნესტან ლონდარიძე დაზარალებულს ესაუბრა და შეუთანხმა სამართლებრივი პროცედურები, რაც დაკავშირებული იქნება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან.

"„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ გიორგი ნიკოლაშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და დამნაშავეთა გამოვლენას მოითხოვს და პროკურატურას შესაბამისი განცხადებით მიმართავს.

რადიკალური ჯგუფების მიერ ორგანიზებულ ჰომოფობიურ აქციაზე დაზარალებული ფოტოკორესპონდენტი ამჟამად ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა“, - აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მარშის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებსაც გაუსწორდნენ. პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავებმა მათი უსაფრთხოება ვერ დაიცვეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისში დღეს განვითარებული მოვლენებისას 16 მედიასაშუალების 47 ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოგრაფი დაშავდა.

"ვწუხვარ, რომ ასე შეგემთხვათ, მაგრამ მე პირად და საპატრიარქოს პასუხისმგებლობას აბსოლუტურად არ ვგრძნობ" - მეუფე იაკობი ჟურნალისტებს

"სახეზეა თავის ტვინის შერყევა" - რას ამბობს ექიმი "ინტერპრესნიუსის" ფოტოგრაფის მდგომარეობაზე, რომელიც "პრაიდის" მოწინააღმდეგეებმა სცემეს

ვინ და რატომ გამოაცხადა ნადირობა მედიაზე - რა არის საერო და სასულიერო ძალაუფლების მქონე ინსტიტუტების და ფაშისტური ჯგუფების მიზანი?