ავტორი:

"წლების წინ გიგა თბილისში 20 ლარით ჩამოვიდა, გვერდით არავინ ჰყოლია... მეც მან წამომიყვანა " - ნინო ძოწენიძე ოჯახურ იდილიასა და პანდემიის გამო შეცვლილ გეგმებზე

"წლების წინ გიგა თბილისში 20 ლარით ჩამოვიდა, გვერდით არავინ ჰყოლია... მეც მან წამომიყვანა " - ნინო ძოწენიძე ოჯახურ იდილიასა და პანდემიის გამო შეცვლილ გეგმებზე

პანდემიამდე მის ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ყოველ საღამოს 9 საათზე სახლიდან გამოდიოდა და სამსახურში მიდიოდა. სამსახურში, რადგანაც ერთ ძალიან კარგ კლუბში მღეროდა. ამასთან, ჰქონდა საინტერესო გეგმები, პროექტები, რომლის განხორციელებასაც აპირებდა, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი შეაჩერა და გაურკვეველი დროით გადაატანინა.

"კი, საინტერესო ცხოვრება იყო, იმედებით სავსე, ბევრ პროექტს ვაპირებდი... მანამდე დროს, რომელშიც ვცხოვრობდით, თურმე ვერ ვაფასებდით. არადა, რა თავისუფლად ვსუნთქავდით... პანდემიამ მხოლოდ უიმედობა კი არ გაგვიჩინა, მიგვახვედრა, რა თავისუფალი ცხოვრება გვქონია. ასე რომ, ბევრი რამ გადავაფასეთ," - ამბობს მომღერალი ნინო ძოწენიძე, რომლის ინტერვიუსაც AMBEBI.GE გთავაზობთ:

- სულ ვერ ახერხებ მუშაობას?

- ერთი სიმღერა ჩავწერე, მაგრამ ამ პერიოდის განწყობა ეტყობა. არადა, მხიარული სიმღერა მინდოდა, მაგრამ ვერ მოვიკრიბე ძალები, რომ ხალხისთვის სიმღერით ეს განწყობა შემექმნა. რთული პერიოდი რომაა, ეს ნებისმიერ ადამიანზე მოქმედებს, განსაკუთრებით, ხელოვანზე. საერთოდ გავჩერდით, ჩვენი ემოციური ფონი კიდევ სხვანაირია...

- ზოგმა პანდემიაში მებაღეობა, კულინარია დაიწყო...

- საჭმელს ისედაც ვაკეთბდი და ამ სფეროში რაიმე ახალი არ აღმომიჩენია. კერძებს ჩემი მეუღლე უფრო ამზადებდა და კულინარიული მიმართულებით აღმოჩენები მას უფრო აქვს... მიყვარს სოციუმთან კონტაქტი, აქტიური ცხოვრება. პანდემიაში კი მეტად გამიჩნდა ხალხთან ურთიერთობის და სახლიდან გარეთ გასვლის სურვილი. სამარშრუტო ტაქსით რომ ვმგზავრობდი, უცხო ადამიანებს ვესაუბრებოდი. ბევრი კარგი ადამიანი აღმოვაჩინე. ჩემი შვილი კი მეუბნებოდა - დედა, ამ უცხო ადამიანებს ასე რატომ ელაპარაკებიო? მაგრამ, ხომ ვამბობ, მინდოდა ეს საუბრები ტაქსისტებთანაც...

- კი, კოვიდმა მთლიანად შეცვალა ყველაფერი...

- ჩემს მეუღლეს ჰქონდა კოვიდი, მაგრამ მე და ჩემს შვილს არ გადადავედო. გიგამაც მარტივად გადაიტანა. იმ პერიოდში ისეთი ფსიქოლოგიური განწყობა მქონდა, ყოველ საღამოს ღია ფანჯარაში ვვარჯიშობდი, ვცეკვავდი... ფსიქოლოგიურ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმუნიტეტზე მოქმედებს და მხნეობა მას აძლიერებს. დეპრესიას არ უნდა მივეცეთ, თავი უნდა დავიცვათ და დავიჯეროთ, რომ არაფერი დაგვემართება.

- მოდი, წარსულში დავბრუნდეთ... როდესაც მუსიკაზე გააკეთე პროფესიული არჩევანი, როგორ უყურებდი მაშინ მომავალს, ანუ იმ წლებს, რომელიც უკვე გამოიარე?

- საკმაოდ პატარამ გავიაზრე, გავიგე და მივხვდი, რომ ჩემი საქმე სიმღერა იყო, რომ ამის გარეშე არ შემეძლო და გამიმართლა. 9 წლიდან სცენაზე ვარ, სერიოზულად ვმღეროდი, ვმუშაობდი - მოგეხსენებათ, ეს ყველაფერი ქუთაისში დაიწყო. მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები. მქონდა აქტიური და წარმატებული ცხოვრება. სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია... უბრალოდ, მეგონა, რომ ამ ასაკში მეტი რამ მექნებოდა გაკეთებული და ფინანსურად უფრო სტაბილურად ვიქნებოდი, მაგრამ პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ და რაღაცებს ბოლომდე ვერ დაგეგმავ...

თუ რამე ვერ გავაკეთე, ეს მხოლოდ ჩემი სიზარმაცის ბრალია და იმ ყოფის, რომელშიც ვცხოვრობთ, ასევე ფინანსების და ცოტა საკუთარი პრინციპების... თუმცა არ უნდა დანებდე, შეებძოლო, გააკეთო, წინ წახვიდე. ნიჭი, რაც გერგო, ბოლომდე უნდა გამოიყენო.

- რა არის შენთვის მუსიკა?

- ყველაფერი... ყველგან და ყველა მდგომარეობაში მუსიკას შეუძლია განწყობა გამომისწოროს. როცა ჩემს საქმეს ვაკეთებ, იმ პეროდში მართლა სხვა ადამიანი ვარ. სიმღერის გარეშე არსებობა არ შემიძლია.

- ქუთაისს რა ადგილი უკავია შენს ცხოვრებაში?

- ეს არის ქალაქი, რომელმაც როგორც ადამიანი ჩემი ღირებულებებით, კომპლექსებით ჩამომაყალიბა. ის ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია. მამაჩემის საფლავიც იქ არის...

როდესაც კარიერაში რაღაცას აღწევ, მერე საინტერესოა, იმის გახსენება, ბავშვობაში რა ხდებოდა შენს ცხოვრებაში. გამარჯვება და წარმატება 18 წლამდე ჩემს ქალაქში ბევრი მქონდა. კარიერულად მართლა ბევრს მივაღწიე... იმდენად ღრმად არის ეს ქალაქი ჩემში დალექილი, რომ მთელი ცხოვრება მომყვება.

- ქუთაისს გამორჩეული იუმორი აქვს....

- კი და ამის გამოც ძალიან მიყვარს. ამის გარეშე ქუთაისი არ არსებობს. მძიმე წლები იუმორმა მარტივად გადაგვატანინა... სხვა იუმორზე ქუთაისელებს ცოტა გვეცინება, იმერლებს ეს კუდაბზიკური ამბავი კი გვაქვს...

- ქუთაისში დაიწყე წინსვლა, მაგრამ ვფიქრობ, თბილისმა ამას უფრო მეტი გასაქანი მისცა...

- დედაქალაქში ვცხოვრობ და ვგიჟდები, ისე მიყვარს. თბილისმა გულში ჩამიხუტა და მომეფერა. კი, აქ ბევრი რამ შევძელი, დინამიკა სხვანაირია, აქაურობას სხვა სიდინჯეც ახასიათებს და დიდი ისტორიის ქალაქია... მნიშვნელოვანია, რომ ოჯახი სწორედ აქ შევქმენი.

ნინო ძოწენიძე და გიგა კუხიანიძე

- დღეს ნებისმიერ ქალაქსა თუ კუთხეში ნეგატივი პიკშია... ეს როგორ მოქმედებს შენზე?

- არ ვარ კომფლიქტური და არ ვცდილობ ვინმესთან კონფლიქტში შესვლას - არ მსიამოვნებს კონფლიქტური, დაძაბული სიტუაციები. მუდმივად სიკეთეს და სითბოს ვეძებ და ვფიქრობ, რომ ეს თვისებები ყველა ადამიანს აქვს. თითოეულში კარგ მხარეს მინდა, მივაგნო, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. არ მყოლია გვერდით ისეთი ადამიანი, რომ დამეკარგა. ტკივილსაც არ ვიკარებ. თუ ვხვდები, რომ ვიღაც ისეთია, რომ გულს მატკენს, ვცდილობ, არ შევიდე მასთან ახლოს კონტაქტში. შორიდან მოვეფერო, გავუღიმო და ასე დისტანციურად მიყვარდეს. კი, მისი კარგი მხარეებიც შევიყვარო... ერთედერთი, რაც ცოტა უსიამოვნოდ მახსოვს, სულ პირველი „ჯეოსთარი“ იყო, როცა არაობიექტურად და უსამართლოდ მომექცნენ. ვინერვიულე, განვიცადე, მაგრამ დიდხანს ცუდად ყოფნა არ შემიძლია და ისიც მარტივად გადავიტანე. ფარ-ხმალი არ დამიყრია. კრიტიკულ სიტუაციაში აუცილებლად გამოსავალს ვეძებ, რომ გადავერთო. არ მიყვარს ცუდი ემოციები და მალე ვიშორებ.

- შენი პოპულარული სიმღერა "შინამანაკენა" შენი აზრით, ასე რატომ დაიმახსოვრა მსმენელმა?

- მასზე არც ისე ჯანსაღი მოსაზრებებიც მომისმენია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა ნამდვილად ჰიტია! მოსწონთ, კარგ განწყობას უქმნით, სიამოვნებით უსმენენ და მასზე ცეკვავენ. არადა, არც ისე მარტივად სამღერია...

- შვილზეც გვესაუბრე...

- სანდრო კუხიანიძე უკვე 17 წლის არის. ყოველწლიურად იცვლება. 22 წლის ვიყავი, დედა რომ გავხდი, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. რომ ვუყურებ, ყოველ წელს სხვადასხვანაირია... ზოგადად მოტივირებული და ჭკვიანი ბიჭია. რაც მთავარია, კეთილია, მშრომელია, მგონი, კარგ ადამიანად აღვზარდე. აქვს უდიდესი ნებისყოფა. რაღაცნაირად დაწყობილ-დალაგებული ადამიანია. ხანდახან მგონია, რომ ის არის მშობელი და მე ვარ მისი შვილი. შეიძლება შენიშვნაც მომცეს, თუ რაიმე არ მოეწონა. მღერის, მაგრამ ბავშვობაში უფრო მღეროდა, არ გამოვრიცავ, მომავალში სიმღერა ისევ მოუნდეს. კარგი მელომანია, გემოვნებიან მუსიკას უსმენს. ბოლო დროს ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიგნების კითხვამ გაიტაცა...

- გიგა კუხიანიძე - მეუღლე, მეგობარი, კოლეგა... რას გვეტყვი გიგაზე ასევე ნიჭიერ მუსიკოსზე?

- ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ამ ქალაქშიც გიგამ წამომიყვანა. თბილისში ჩამოსვლა გეგმაში არ მქონდა, მაგრამ ასე მოხდა. ბავშვობიდან ვუყვარდი და ვმეგობრობდით...

გიგა ძალიან მშრომელი ბიჭია. რაც მან შექმნა და გააკეთა, მართლა დასაფასებელია. არადა, ამ ქალაქში მართლა 20 ლარით მოვიდა. გვერდით არავინ ჰყოლია, მათ შორის, არც ფინანსურად. დაუზარელია... ოჯახშიც ყველა საქმეს თავის თავზე იღებს. მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ ცოტა გამაზარმაცა. საოჯახო საქმეებში სულ თვითონაა ჩართული. ეს ამპლუაც მოსწონს და მისი ერთ-ერთი კომფორტის ზონაა.

- მშვენიერ ფორმაში ხარ და ხშირად საკუთარ "ფეისბუქ-გვერდზე" ლამაზ ფოტოებს აქვეყნებ...

- ამ ფოტოებს ჩემი ბავშვობის მეგობარი თამუნა კამლაძე მიღებს, რომელიც სულ არ არის პროფესიით ფოტოგრაფი, კვალიფიციური ბუღალტერია. გადაღება მისი ჰობია, მაგრამ ვეუბნები, რომ პროფესიად გაიხადოს. ფოტოებს ასევე მიღებს დავით ფუტკარაძე... მე კიდევ კამერასთან როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძობ თავს.

რაც შეეხება ჩემს ფორმაში ყოფნას და იმას ვვარჯიშობ, თუ არა, ვარჯიში არ მიყვარს, თან, ამას ნებისყოფა სჭირდება, ეს ხომ რუტინაა. ჩემთვის გართობაც, ვარჯიშიც და სიამოვნებაც ცეკვაა. ყურსასმენებში მუსიკა მესმის და სახლში ვცეკვავ. ზედმეტ კალორიებს ასე ვწვავ. ძალიან სასიამოვნოა. თან, დამღლელი არ არის და ეს გახლავთ ჩემი ტრენაჟორებიც და დარბაზიც, სადაც არასდროს მივლია.

- რას ეტყვი შენს მსმენელს, გულშემატკივარს?

- შეინარჩუნონ კარგი ხასიათი და განწყობა, იმიტომ, რომ ახლა ნეგატიური ფონი წინ ძალიან არის წამოწეული. ერთმანეთს კარგი ვუთხრათ, მოვეფეროთ, სიყვარულის გაცვლა მნიშვნლოვანია. საკუთარი ცხოვრება უფრო საინტერესო გავხადოთ. თუ საინტერესო ცხოვრება გვაქვს, გარშემოც მხოლოდ საინტერესოს ეძებ. მინდა, რომ ყველა კარგად იყოს და საქართველოს ეშველოს. დავლაგდეთ, დავმშვიდდეთ, შევიყვაროთ ერთმანეთ! განსხვავებული ხალხისა და ერთმანეთის მიმართ ვიყოთ სოლიდარულები. მართალია, ბევრ რამეს ეკონომიკური კრიზისი განსაზღვრავს, მაგრამ ურთიერთობები მაინც უმთავრესია. რაღაცების მოგვარება თვითონაც უნდა შევძლოთ!

თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა

"გასარკვევია, ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ძალადობდნენ - საპატრიარქოს შესაბამისი კომისია ალბათ იმსჯელებს" - მეუფე გრიგოლი

"ისტორიული დღის მომსწრე ვართ, ინდოეთის მთავრობამ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო" - მეუფე შიო