ავტორი:

"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - რთული ეპიდვითარება აფხაზეთში და ადგილობრივების კომენტარები

"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - რთული ეპიდვითარება აფხაზეთში და ადგილობრივების კომენტარები

აფხაზეთიდან გადმოყვანილ 1 წლამდე ჩვილს, რომელიც თბილისში, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, კორონავირუსის დელტა შტამი დაუდასტურდა. ჩვილს ქართულ მხარეს გადმოყვანამდე, სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა მდგომარეობის გაუარების გამო, ის თბილისში გადმოიყვანეს.

"აფხაზეთში მესამე ტალღა, პაციენტების მასშტაბური რაოდენობით გარდაუვალია..." - ამბობს ადგილობრივ მედიასთან საუბარში სოხუმელი ექიმი-თერაპევტი ასტანდა თხაგუში.

მისი თქმით, აფხაზეთში ე.წ. ინდური შტამის გავრცელება ძალზე სახიფათო საზღვრებს იძენს, თუმცა, ამის მიუხედავად, მოსახლეობა რეგულაციებს არ იცავს, აკრძალვებს არ ემორჩილება და არც ხალხმრავალ შეკრებებზე ამბობს უარს.

"ისინი მართავენ მრავალრიცხოვან ქორწილებს, იკრიბებიან კაფეებსა და ბარებში, არ ატარებენ პირბადეს, არ იცავენ დისტანციას... არ ესმით და არ ითვალისწინებენ რჩევებს, რომ ვირუსის ეს შტამი უფრო მარტივად ვრცელდება, სახიფათო შედეგები აქვს და არც ბავშვებში მიმდინარეობს მარტივად..." - ამბობს თხაგუში, რომლის ინტერვიუსაც ინტერნეტ გამოცემა abkhaz-auto.ru ავრცელებს.

მისივე თქმით, ბოლო ხანებში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა ტურისტებშიც, ისინი, ფაქტობრივად, ყოველდღიურად მიჰყავთ ადგილობრივ სამედიცინო კლინიკებში.

"ხშირ შემთხვევაში ტურსტები არც ამბობენ, რომ ინფიცირებული არიან, რადგან თუ რომელიმე სასტუმროს ადმინისტრაციას ეტყვიან, რომ კოვიდი აქვს და იზოლაციაში უნდა იყოს, მთლიანად სასტუმროს მოუწევს მუშაობა შეაჩეროს, დაიხუროს და თვითიზოლაციაში გადავიდეს. ეს კი, არც ერთ მხარეს არ აწყობს.... არადა, ჩემი გამოცდილებით, წინა ნაკადთან შედარებით, პაციენტები ბევრად მძიმე მდგომარეობით შემოჰყავთ და სამწუხაროდ, ეს მოზარდებსაც ეხებათ..." - აცხადებს აფხაზი ექიმი.

ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის გაფრთხილებას, მათ შორის, ჩვილი პაციენტის თბილისში გადმოყვანის ფაქტს, ადგილობრივ მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. მით უფრო, რომ გუშინ, აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ რუს ტურისტებს ინფიცირების შემთხვევაში უფასოდ უმკურნალებდნენ.

"ის პატარა ჩემი ახლობლების შვილია... მადლობა საქართველოს, ქართველ ექიმებს ასეთი თანადგომისთვის. მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, ახლა ჩემი ახლობლების შვილი სიცოცხლისთვის იბრძვის და ვხედავ, რომ ქართველი ექიმები მას სიკვდილის უფლებას არ აძლევენ... ეს რომ არ მეთქვა, სინდისი არ მომასვენებდა" - წერს ~ახრა გაგრინსკი.

"ვირუსი თავში აქვთ, ქართველ ექიმებსაც და ჩვენს ვითომ სამედიცინო პერსონალსაც, მსოფლიო მაფიოზებს აჰყვნენ და უნდა შიმშილით დაგვხოცონ. რა უნდა ვქნათ, თუ ტურისტი არ შემოვიდა, მოვიპაროთ?" - კითხულობს ადგილობრივი მირანდა ქვარცხავა.

"გვეუბნებიან, რომ სულ მალე სამედიცინო დაწესებულებების დერეფნებშიც აღარ იქნება ადგილი. სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს. ქართველ ექიმებს კი მოუწევთ აფხაზ პაციენტებს შორის არჩევანი გააკეთონ" - ვარაუდობს პაპუნა გროზნი.

"თავაც ექიმი ვარ და ყოველდღე ვხედავ რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. კლინიკები გადავსებულია. ვილოცოთ, რომ საქართველომ მაინც აკონტროლოს ეს შტამი, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენი რთული პაციენტები გადავიყვანოთ. სტატისტიკის შეხედვის მეშინია, რადგან ვიცი, რომ ხვალ-ზეგ უარესი ამბავი იქნება, რადგან რეგულაციებს არავინ იცავს, არც საზღვრის ჩაკეტვის პერსპექტივა ჩანს. ეს ხალხი ტურისტების გარეშე რომ დარჩეს, სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყება..." - წერს სოხუმელი ესმა არშბა.

მთავარი ფოტო: Фото: РИА Новости/ Томас Тхайцук