ავტორი:

წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები, განდის ძეგლი და "ვეფხისტყაოსანში" ნახსენები ინდოეთი -  როგორ ეხმაურება ინდური მედია მინისტრ ჯაიშანკარის საქართველოში ვიზიტს?

წამებული დედოფლის წმინდა ნაწილები, განდის ძეგლი და "ვეფხისტყაოსანში" ნახსენები ინდოეთი -  როგორ ეხმაურება ინდური მედია მინისტრ ჯაიშანკარის საქართველოში ვიზიტს?
  • ფოტოკოლაჟზე წარმოდგენილი მაჰათმა განდის ქანდაკება დგას მოსკოვში

9 ივლისს, საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სუბრამანიამ ჯაიშანკარი ეწვია. მან ინდოეთის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოში ჩამოაბრძანა წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა.

10 ივლისს, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დიდმოწამე დედოფლის წმინდა ნაწილის სამების საკათედრო ტაძარში მიბრძანების და საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის სადღესასწაულო ცერემონიაში.

"საყურადღებოა, რომ არსებული რეგულაციების შესაბამისად, ინდოეთი არ განიხილავს მის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული ძეგლის, მათ შორის სიწმინდის, სხვა ქვეყნებისთვის გადაცემას, რადგანაც ის წარმოადგენს ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილს.

მიუხედავად ამისა, საქართველოსა და ინდოეთის მრავალსაუკუნოვანი კეთილმეგობრული ურთერთობებებიდან გამომდინარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით და სრულიად საქართველის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს საელჩო ინდოეთში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ინდოეთის მხარესთან, კერძოდ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ოფისთან, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ინდოეთის კულტურის სამინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან წმინდა ნაწილების საქართველოსთვის მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის თაობაზე. ჩვენს შორის არსებული კეთილგანწყობის, ურთიერთ მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობიდან გამომდინარე ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის საქართველოსათვის უსასყიდლო და მუდმივ მფლობელობაში გადმოცემის შესახებ.

ასევე, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობას მიიღებს თბილისში ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, უდიდესი სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლის გახსნის ცერემონიაში, რომელიც განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ძეგლის ავტორი გახლავთ ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, ძეგლი ქართულ მხარეს ინდურმა მხარემ საჩუქრად გადმოსცა“, - განაცახდეს საქართველოს საგარეო უწყებაში.

ინდოეთის მასმედიაში საკმაოდ ფართო ყურადღება ექცევა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, დოქტორ სუბრამანიამ ჯაიშანკარის ვიზიტს საქართველოში, რომელიც 9-10 ივლისს განხორციელდება.

როგორც გაზეთი «The Tribune of India», აგრეთვე გამოცემა «Zeenews» იუწყებიან, "დოქტორ სუბრამანიამ ჯაიშანკარის ვიზიტს საქართველოში დიდი მნიშვნელობა აქვს ინდოეთ-კავკასიის ურთიერთობის ჩარჩოებში. ეს არის საქართველოში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი 1991 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სსრ კავშირის დაშლის შემდეგ“.

ინდური მედია კომენტარებში ხაზს უსვამს, რომ ინდოელი მინისტრი საქართველოში - კავკასიურ სახელმწიფოში რუსეთიდან, მოსკოვიდან ჩავიდა, სადაც იგი თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდა. "აღსანიშნავია, რომ რუსეთს და საქართველოს ერთმანეთთან რთული პოლიტიკური დამოკიდებულება აქვთ. 2008 წელს ორ მეზობელ ქვეყანას შორის ხანმოკლე ომი მოხდა, რომლის შედეგად ქვეყნის ორმა სეპარატისტულმა რეგიონმა - აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა, მოსკოვის წყალობით, დამოუკიდებლობა გამოაცხადეს.

ბუნებრივია, რომ რუსეთი ორივე სეპარატისტულ წარმონაქმნს დამოუკიდებლად აღიარებს, ინდოეთი კი მოსკოვის პოზიციას არ იზიარებს და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილებად მიიჩნევს“, - ხაზს უსვამს ინდური მედია და იქვე მიუთითებს, რომ ინდოეთ-რუსეთის ურთიერთობაში 2021 წლის დასაწყისიდან გარკვეული პრობლემებია შექმნილი, რაც გამოიწვია სერგეი ლავროვის პაკისტანში ვიზიტმა. რადგანაც ინდოეთს პაკისტანთან მაინცდამაინც მეგობრული დამოკიდებულება არ აქვს, ლავროვის ისლამაბადში ყოფნა ნიუ-დელისთვის სასიამოვნო არ არის.

ინდური მედია იხსენებს ინდოეთ-საქართველოს ისტორიულ ურთიერთობებს:

"სუბრამანიამ ჯაიშანკარის ვიზიტი საქართველოში პირველია ბოლო 40 წლის განმავლობაში. საქართველოს დედაქალაქ თბილისს ინდოეთის მაღალი დონის დელეგაცია სულ ბოლოს 1978 წელს ეწვია, საგარეო საქმეთა მინისტრის ათალ ბიჰაირი ვაჯპაის ხელმძღვანელობით, ანუ იმ ეპოქაში, როცა საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა. მოგვიანებით, როცა საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი თავის ინდოელ კოლეგას ჯასვანთ სიგჰს ნიუ-დელში შეხვდა 2000 წლის 11 მაისს.

ინდოელი და ქართველი ხალხის ერთმანეთთან ურთიერთობის ისტორია საუკუნეების მიღმა იწყება. დიდი მოგოლების იმპერიის მმართველის იმპერატორ აურანგზებ ალამგირის ცოლი უდაიპურ ბეგუმი წარმოშობით ქართველი იყო. გარდა ამისა, ქართველი დედოფალი ქეთევანი, რომელიც კახეთის სამეფოს დედოფალი იყო და რომელიც ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა, დაკრძალულია გოაში მდებარე წმინდა ავგუსტინის ეკლესიაში. წმინდა ქეთევანი მოწამეობრივად აღესრულა 1624 წელს, სპარსეთის ქალაქ შირაზში, ხოლო მოგვიანებით მისი ნეშტის წმინდა ნაწილები ინდოეთში პორტუგალიელმა მისიონერებმა ცაიტანეს. საქართველოს საელჩო მუდვივად იყო დაინტერესებული, რომ რელიქვიები სამშობლოში დაბრუნებულიყო, რაც ინდოელმა მინისტრმ ამა ვიზტის დროს განახორციელა.

შუა საუკუნეების ქართულ ეპიკურ პოემა "ვეფხისტყაოსანში“, რომელიც მე-12 საუკუნეშია დაწერილი, სხვა ქვეყნებთან ერთად, ინდოეთიც არის მოხსენიებული. პოემის ავტორია შოთა რუსთაველი, რომელიც საქართველოს ეროვნულ პოეტად ითვლება. ასევე მიიჩნევა, რომ ინდურმა პანჩატატრამ (ფოკლორულ თქმულებათა წიგნმა) გარკვეული გავლენა მოახდინა ქართულ ხალხურ ლეგენდებზე“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

სტატიებში ყურადღება ექცევა ინდოეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის მომენტებსაც: მასში ნათქვამია, რომ იმ დროს, როცა ნიუ-დელში საქართველოს საელჩო მოქმედებს, ინდოეთს თბილისში თავისი საელჩო არ აქვს - სომხეთში აკრედიტებული ინდოეთის ელჩის უფლებამოსილება საქართველოზეც ვრცელდება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

"ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, რომ მუშტი დაარტყა ვიღაცას, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც, რაც კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან ხდება" - კალაძე

"ეკლესიის სათავეში მყოფი გარკვეული ჯგუფები აცხადებენ პრეტენზიას ქვეყნის მართვაზე. არსებობს დიდი ეჭვი, რომ ისინი პრორუსულად განწყობილი ჯგუფებია" - ექსპერტი

"ლექსოს მეგობარი ყოფილა საუკეთესო რეანიმატოლოგი და "გონშიკი"... სირცხვილია" - როგორ ეხმაურება გია ხუხაშვილი შსს-ს ბრიფინგს