ავტორი:

"დაკავებულები გმირები არიან და ისინი გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდნენ" - "თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი

"დაკავებულები გმირები არიან და ისინი გირაოს სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდნენ" - "თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულის ადვოკატი

"თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებულების ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას არ ეთანხმებიან და ისინი დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ოძელაშვილის ადვოკატი ანა ჟღენტის განმარტებით, ოძელაშვილი ნასამართლევი არაა, სამი შვილის მამაა და მის ცოლს გზის ფულიც კი არ ჰქონდა, რომ თბილისში ჩამოსულიყო.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ბრალდებულები ერთმანეთს არ იცნობენ და ჯგუფური ძალადობა ვერ განხორციელდებოდა.

ჟღენტის თქმით, ოძელაშვილი არსად შეჭრილა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ავიდა და ჩამოხსნა ის, რაც არ მოსწონდა. ადვოკატის თქმით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მხრივ, სჯობს სასამართლო დაკავებულების მიმართ ლოიალური იყოს. ჟღენტის განცხადებით, თუკი, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, ის სახლიდან არ გამოვა, "პადვალშიც" კი ჩაკეტავს თუ მისი სურვილი იქნება.

ადვოკატის თქმით, დაკავებულები გმირები არიან და ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავდებში უდგება, რომ არაფერს დააშავებს.

ჟღენტი გიორგი ოძელაშვილის 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს და აღნიშნავს, რომ ეს თანხა ემიგრანტებმა შეუგროვეს.

დანარჩენი ორი დაკავებულის, ალიკა ალაზოვისა და გიორგი ელისბარაშვილის ადვოკატის სერგო ხურციძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა აივნიდან "თბილისი პრაიდის" დროშა ჩამოხსნეს. ერთ-ერთმა ბრალდებულმა ხელზე დაზიანება პოლიციის შენობაში მიიღო, როცა მას ბორკილს ხსნიდნენ.

ადვოკატის თქმით, ალიკა ალაზოვს მცირეწლოვანი შვილები და ორსული ცოლი ჰყავს, ასევე მისი ოჯახი სოციალურად დაუცველია და ვაზიანში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. გიორგი ელიზბარაშვილს კი 3 შვილი ჰყავს, ისიც სოციალურად დაუცველია და მძიმე სოციალური პირობები აქვს, რაც ადვოკატის თქმით, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს.

ხურციძის თქმით, ის დაკავებულების 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, ამ თანხას სხვა ადამიანები შეუგროვებენ. მისივე თქმით, დაკავებულები ემოციებს აჰყვნენ და ჭკუის სასწავლებელი იქნება ის, რაც ახლა ხდება და ისინი პასუხისმგებლობას არ გაურბიან.

გამოძიების ინფორმაციით, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, ბრალდებულები ალიკა ალაზოვი, გიორგი ელიზბარაშვილი და გიორგი ოძელაშვილი ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, ჯგუფურად, შეუწყნარებლობის მოტივით თავს დაესხნენ „თბილისი პრაიდის“ ოფისს, სიტყვისა და აზრის გამოხატვის, ასევე მათი საზოგადოებრივი მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით, უკანონოდ შეიჭრნენ ოფისში და დემონსტრაციულად დააზიანეს და გაანადგურეს „თბილისი პრაიდის“ კუთვნილი ინვენტარი. ალიკა ალაზოვს, გიორგი ელისბარაშვილს და გიორგი ოძელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფურად), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა საზოგადოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობის მუქარით) და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ.

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსთავში მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ჰომოფობიურ ნიადაგზე მოხდა - შსს

"მთელი ცხოვრება ქველმოქმედებას მიუძღვენი, შემთხვევით ვარ იმ ადგილზე მოხვედრილი" - "პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმასი ბრალდებული

"პირველი არხის" ოპერატორზე თავდასხმაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა