ავტორი:

"სისტემამ მოწინააღმდეგედ მიიჩნია გარდაცვლილი ოპერატორი და მასთან ბრძოლა დაიწყო" - რას ემსახურება ლექსო ლაშქარავას მიზანმიმართული დისკრედიტაცია?

"სისტემამ მოწინააღმდეგედ მიიჩნია გარდაცვლილი ოპერატორი და მასთან ბრძოლა დაიწყო" - რას ემსახურება ლექსო ლაშქარავას მიზანმიმართული დისკრედიტაცია?

"ტვ პირველის" ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, 11 ივლისის დილას, საკუთარ სახლში, დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 5 ივლისს, თავისი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, სასტიკად სცემეს. სიძულვილის ჯგუფები "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს "სირცხვილიას" ოფისთან გაუსწორდნენ, სწორედ აქ მიიღო ლექსომ მძიმე დაზიანებები. 36 წლის ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაწყებულია და სიკვდილის მიზეზის დასადგენად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება. საქმეში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეც. ექსპერტის აზრით, გარდაცვალების მიზეზებზე დასკვნის გამოტანა ნაადრევია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს გამოეწვია პოსტტრავმულ გართულებებს.

თუმცა ხელისუფლებისთვის ნაადრევი არაფერი აღმოჩნდა, შსს-მ იმავე დღეს "ტვ პირველის" ოპერატორის გადაადგილების მარშრუტის ამსახველი ვიდეო გაასაჯაროვა, გვითხრა, რომ ლაშქარავა იმ დღეს ორჯერ იმყოფებოდა ფონიჭალაში და მიანიშნა, რომ ის, სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა და შესაძლოა, გარდაცვალების მიზეზიც ეს გამხდარიყოო... ეს გააკეთეს ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მაშინ, როდესაც გარდაცვლილი ჯერ კიდევ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ბიუროში ჰყავდათ გადასვენებული.

ამ განცხადების შემდეგ, აქტიურად ამუშავდა ხელისუფლების ტროლ-ბოტების არმია, რომელთაც ლაშქარავას წარსულის შესახებ ნეგატიური ინფორმაცია აშკარად მიზანმიმართულად მიაწოდეს. ხელისუფლების მიერ ღია თუ ფარული წყაროებით გავრცელებული მასალები გარდაცვლილი ოპერატორის ცხოვრების ისეთ ეპიზოდებს მოიცავს, რომლებიც საერთოდ არ არის კავშირში არც მასზე განხორციელებულ ძალადობასთან და არც - გარდაცვალებასთან. ოპერატორის მადისკრედიტებელი მიზანმიმართული კამპანია საზოგადოებაში ერთადერთი აზრის დანერგვას ემსახურება - ლექსო ლაშქარავა ცუდი ადამიანი იყო, წარსულში შეცდომები აქვს დაშვებული და პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მისი სასიკვდილოდ გამეტება არავინ უნდა გააპროტესტოს...

აშკარაა, ხელისუფლება იმ პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს თავიდან, რომელიც 5 ივლისის მოვლენებს უკავშირდება, ამიტომაც ცდილობს გაწყვიტოს კავშირი ამ ორ სამწუხარო მოვლენას შორის.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ambebi.ge-სთან საუბარში ხსნის, რას ემსახურება ხელისუფლების მიერ ღია და ფარული წყაროებით გავრცელებული ინფორმაციები, რომლებიც გარდაცვლილი ოპერატორის ცხოვრების წესს უკავშირდება:

"ყველაფერი ოპერატორის დისკრედიტაციას ემსახურება. ეს არ არის ამ ხელისუფლების მოგონილი ტექნოლოგია - როდესაც ხელისუფლება ეჭვმიტანილია დანაშაულში, ის ყოველთვის ცდილობს, რომ თავისი მოწინააღმდეგის დისკრედიტაცია მოახდინოს და ამაში მთელს სისტემას იყენებს, სამწუხაროდ. გირგვლიანის საქმე გამახსენდა, როდესაც თავის დროზე, სტრასბურგმა თქვა, დანაშაულის დაფარვაში ყველა ინსტიტუტი იყო ჩართულიო...

ავრცელებენ კადრებს, როგორ ჩამოვიდა სახლიდან ლაშქარავა, როგორ შევიდა აფთიაქში, მერე ფონიჭალაში წავიდა, რომ თურმე შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი და ა.შ. - გასაგებია, მათი ამოცანაა გაატარონ აზრი, რომ ჯერ ერთი, ეს იყო ცუდი კაცი და მერე რა, რომ მოკვდა და მეორე - გაწყვიტონ კავშირი 5 ივლისის მოვლენებსა და ოპერატორის გარდაცვალებას შორის, ეს არის მათი ამოცანა. ხელისუფლება ცდილობს პასუხისმგებლობის აცილებას. ვაზაგაშვილის მკვლელობა ხომ გახსოვთ, იმჟამად უკვე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება ცდილობდა საზოგადოებაში იმ აზრის დამკვიდრებას, რომ ვაზაგაშვილი ყაჩაღი და საშინელი ადამიანი იყო და ღირსი იყო სიკვდილის...

დღეს ეს აბსოლუტურად არაფერს შეცვლის და მხოლოდ ვითარების ესკალაციას გამოიწვევს. ხელისუფლებასაც არ აქვს იმის ილუზია, რომ ამას ვინმე ჭამს, უბრალოდ, ცდილობს თავისსავე დაქირავებულ შაურიან "გამპრავებლებს“ ვერსიები მიაწოდოს, რომ მერე ისინი გამოვიდნენ და ტელევიზიებში ილაპარაკონ. ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეში ეს ახალი გარემოება და ახალი დანაშაული კი არ არის, ამან შეიძლება უფრო დაამძიმოს ის დანაშაული, რომელიც მოხდა და ამას არავინ უარყოფს. ეს არის ერთ-ერთი დამამძიმებელი გარემოება, მეტი არაფერი. ან ცოცხალი რომ ყოფილიყო (და ნეტა, ყოფილიყო), ამით რა იცვლებოდა? - მხოლოდ კვალიფიკაცია.

ზედოზირებაც რომ მოსვლოდა, ეს რას ცვლის? ამ ინფორმაციებით მხოლოდ სალაპარაკოს აძლევენ იმ ხალხს, ვინც ამ არგუმენტებით ლაპარაკობს. ძალიან რთულია, რომ ასეთ ხელისუფლებას ენდოს საღად მოაზროვნე ადამიანი. ყველას უთვალთვალებენ, ყველფერი იციან, თუმცა მათ ინტერესში არ არის დამნაშავეების დაკავება. ღარიბაშვილის დღევანდელი გამოსვლიდანაც ეს ჩანდა, ფაქტობრივად, მან აღიარა დანაშაული, თქვა, შეგნებულად არ ვაკავებთ დამნაშავეებს, ხალხს ხომ არ დავუპირისპირდებოდითო. ანუ ის ხალხად მოიხსენიებს იმ ადამიანებს, ვინც თავ-პირი დაულეწეს ჟურნალისტებს. ისინი მიაჩნია მარტო ქართველ ხალხად".

"მიდის მიზანმიმართული დისკრედიტაცია, საზოგადოებრივი აზრის შექმნა, ასოციაციების გამოწვევა, რათა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ გარდაცვლილი არ გახლდათ ის პიროვნება, რომლის დასაცავადაც ღირს გამოსვლა და ქუჩაში დგომა. ეს მეთოდები უნდა გამოიყენებოდეს ზუსტად პრორუსული, ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიმართ და არა ამ შემთხვევაში გარდაცვლილის, საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ“, - გვეუბნება კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე:

"გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, ოპერატორის გარდაცვალებასთან იყოს, ან არ იყოს კავშირში, მაგრამ ეს ამ ეტაპზე არ არის მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ არანაირი ცხოვრების წესი არ იძლევა იმის უფლებას, რომ ადამიანი იყოს გალახული და მით უმეტეს, მისი პროფესიული საქმიანობის შესრულებისას. რაც შეეხება მეთოდს, ეს ძალიან ცნობილი მეთოდია იმავე სპეცსამსახურების საქმიანობაში და გნებავთ, სხვა სახელმწიფოს მხრიდან საქართველოზე ზეწოლის განხორციელების თვალსაზრისით. მაგრამ ეს მეთოდები უნდა გამოიყენებოდეს ზუსტად პრორუსული, ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიმართ და არა ამ შემთხვევაში, გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ. ეს არის დისკრედიტაცია, საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რაღაცის კონტროლირებადი გაჟონვა, ასოციაციების გამოწვევა, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ გარდაცვლილი არ გახლდათ ის პიროვნება, რომლის დასაცავადაც ღირს გამოსვლა და ქუჩაში დგომა.

სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს ყველას სიცოცხლის და ღირსეული ცხოვრების უფლებას, თუ ვინმე რამეს აშავებს, მან კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი... გვაჩვენეს, რომ თურმე იღებენ ყველას და ყველაფერს, თუ სპეცსამსახურს და შსს ორგანოებს ასეთი შესაძლებლობები აქვთ, მაშინ რატომ არ იქნა ეს ყველაფერი გამოყენებული სახელმწიფოში არეულობის აღსაკვეთად? სწორედ ამაზე მიანიშნა ამერიკის ელჩმა, როდესაც განაცხადა, - სამართალდამცველ უწყებებს შესანიშნავი ტრენინგი და აღჭურვილობა აქვთ აშშ-სგან მიღებული, რასაც სწორად უნდა გამოყენება და არა საკუთარი მოსახლეობის საწინააღმდეგოდო.

აქ ლაპარაკია ფუნდამენტურ პრინციპებზე, რომ არავის ცხოვრების წესი არ ამართლებს მის მიმართ ძალადობას. დადასტურებული კრიმინალის შემთხვევაშიც კი არსებობს სტანდარტი, როგორ უნდა მოეპყრა ადამიანს. გაურკვეველია, როგორ შეიძლება იმით ვიმსჯელოთ ადამიანის ღირსებაზე, რომ ის თურმე იყო ნასამართლევი და ფონიჭალაში დადიოდა..? ფონიჭალაში ბევრ რამეზე შეიძლება მოგვიწიოს წასვლა, ისევე, როგორც არაკოორდინირებული მოძრაობის პრობლემა ტვინში ბევრმა პროცესმა შეიძლება განაპირობოს. ეს ყველაფერი ზუსტად იმისთვის არის შემოდგებული, რომ ამაზე მსჯელობა გაიმართოს საზოგადოებაში და სადღაც დაილექოს აზრი - ნახეთ, ის ნარკომანი ყოფილა!

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ოფიციალური არხებიდან გაჟონილ ინფორმაციას და ეს ცალკე სისხლის სამართლის საკითხია. როგორ შეიძლება პიროვნების შესახებ დაკვირვება და მონაცემები ქვეყნდებოდეს ან ჟონავდეს და ამას იყენებდნენ აშკარად პრორუსული ძალები?! უწყება იმდენად არის პოლიტიზირებული, მთელ ძალისხმევას თავისი მოწინააღმდეგის მიმართ მიმართავს და ამასობაში ყურადღების მიღმა რჩება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რაც სახელმწიფოს ნამდვილად უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაში, სისტემამ მოწინააღმდეგედ მიიჩნია გარდაცვლილი ოპერატორი და მასთან ბრძოლა იმ ხერხებით დაიწყო, რითაც ქვეყნის მტრებს უნდა ებრძოდეს..."

"თუ ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, ჩათვალეთ, რომ გეზი არის რუსეთისკენ და შემოდგომაზე არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის კეთდება" - ხვიჩია

"აშშ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეების დამტკიცების გამო" - რას წერს ენტონი ბლინკენი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი