ავტორი:

რატომ ჩამოდის შარლ მიშელი ისევ? - "მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი კარიერის თვალსაზრისითაც"

რატომ ჩამოდის შარლ მიშელი ისევ? - "მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი კარიერის თვალსაზრისითაც"

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მომავალ კვირას საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ინფორმაცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გაავრცელა.

როგორც კობახიძემ "რუსთავი 2“-თან საუბარში განაცხადა, შარლ მიშელს მიაწვდიან ინფორმაციას ყველა პროცესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, მათ შორის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

"ვიზიტი დაგეგმილია და როგორც ვიცი, 18 თუ 19 ივლისს აპირებს ჩამოსვლას.

5 ივლისთან დაკავშირებით უშუალოდ შარლ მიშელსაც მივაწვდით სრულ ინფორმაციას, თუ რა რისკები იყო მოსალოდნელი, რა რისკები იყო გათვლილი, როგორ იმოქმედეს სამართალდამცავმა ორგანოებმა. მივაწვდით ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის იმაზე, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა სახელმწიფოს უკვე მას შემდეგ, რაც, სამწუხაროდ, ეს ძალადობა უკვე იყო ჩადენილი. საუბარია შემდგომ რეაგირებებზე, კონკრეტულ დაკავებებსა და გამოძიებებზე, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ამაზე, შარლ მიშელსაც, ისევე როგორც სხვა პარტნიორებს, მივაწვდით სრულ ინფორმაციას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"შარლ მიშელის ვიზიტი აბსოლუტურად კანონზომიერია და საკმაოდ კატეგორიული იქნება - მე არ მგონია, მიშელმა ის ბრტყელ-ბრტყელი არგუმენტები მიიღოს, რაც ხელისუფლებას აქვს საკუთარი ოხლოკრატიისთვის", - ასე აფასებს მომავალ ვიზიტს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

პოლიტოლოგის თქმით, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის მთავარი მოტივატორი სასამართლოში მიმდინარე პროცესებია.

"შარლ მიშელისთვის ის შეთანხმება, რომელიც მისი სახელით არის სახელდებული, ძალიან მნიშვნელოვანია პირადად მისთვისაც და მისი კარიერისთვისაც, რადგან ეს მისი მნიშვნელოვანი აქტივია.

ამ შეთანხმების შესრულება ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ელჩის არაერთი განცხადება სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე, როდესაც შეთანხმების საწინააღმდეგოდ ხელისუფლება ჯიუტად აგრძელებს თავისას, მოსამართლეების დანიშვნა მაქვს მხედველობაში და არ აჩერებს ამ პროცესს. შესაბამისად, მიშელზე ეს პერსონალური დარტყმაა, ეს არ არის მხოლოდ ევროკავშირზე დარტყმა.

მე ვფიქრობ, რომ მისი მთავარი მოტივატორი ამ შემთხვევაში სწორედ ეს არის, მაგრამ გარდა ამისა, მოხდა ისეთი რაღაც, რაც მათი გაგებით და ფასეულობების სისტემით, რითაც ცხოვრობს ევროკავშირი, წარმოუდგენელი ვანდალიზმია - როდესაც სისტემურად გაილახა არაერთი ჟურნალისტი, არამედ ქართული ჟურნალისტიკა, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ და არა მარტო, კრიტიკულად განწყობილი, ანუ ჟურნალისტიკა გაილახა მთლიანად.

მან დაინახა სერიოზული საფრთხე საკუთარი თავისთვისაც კი, არამხოლოდ საქართველოს ინტეგრაციის თვალსაზრისით ერთიან ევროპულ სივრცეში, არამედ საკუთარი კარიერის თვალსაზრისით, რაც შეიძლება წამოაძახონ ხვალ და ზეგ, რომ თავს რომ იწონებდი, სინამდვილეში ნახე რა ხდებაო. ასე რომ, მე ვფიქრობ, მისი ვიზიტი აბსოლუტურად კანონზომიერია და საკმაოდ კატეგორიული იქნება. არ მგონია, შარლ მიშელმა ის ბრტყელ-ბტყელი არგუმენტები მიიღოს, რაც ხელისუფლებას აქვს საკუთარი ოხლოკრატიისთვის. ხელისუფლებას არ ელოდება კარგი დღეები ევროინტეგრაციის მიმართულებით. ხელისუფლება ცდილობს ეს საქმე შემსრულებლების დონეზე დატოვოს, რომ ევროკავშირი, შეერთებული შტატები დაკმაყოფილდნენ შემსრულებლების სახით, ანუ "ბარტყების გადაგდებით“ და ამ დროს მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ვნახეთ, პირდაპირ წერია, რომ დასავლეთი შემსრულებლების დასჯას არ ითხოვს, ის ითხოვს ორგანიზატორების და დამკვეთების დასჯას, ანუ უფრო ფართო გამოძიებაა საჭირო. ამიტომ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ვიდრე ის პრემიერია, საფრთხის ქვეშაა ყველა მოქალაქის სიცოცხლე და ქვეყნის მომავალი" - ჟურნალისტების მიმართვა შარლ მიშელს და ორი საპროტესტო აქცია თბილისსა და ბათუმში

"შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა..." - რა უთხრა შეხვედრაზე პრემიერმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს

"...ეს ნამდვილად არის დაკარგული შესაძლებლობა" - შარლ მიშელის მთავრი მესიჯები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ