დღეს, 12:00 საათზე, მაშინ, როდესაც საქართველოს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური უნდა მივიდეს, მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან. ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ გუშინდელ აქციაზე განაცხადა. მან პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას მიმართა, არ ჩაკეტოს პარლამენტის შესასვლელი კარი.
„ამ შენობაში მოდის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ, რა შეგვიძლია“, - განაცხადა ვახო სანაიამ.
საქართველოს პარლამენტში დღეს საქართველოს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ. რიგგარეშე სესია 12:00 საათზე არის ჩანიშნული.
გომელაურმა მოსმენის თხოვნით პარლამენტს თავად მიმართა. შს მინისტრი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხს.
როგორც ცნობილია, სწორედ აღნიშნულ საკითხზე შს მინისტრი ოპოზიციამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დაიბარა.