ავტორი:

"თავისიანებად" და "უცხოებად" დაყოფილი გალელების გაურკვეველი ბედი - რას უპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ქართველებს?

"თავისიანებად" და "უცხოებად" დაყოფილი გალელების გაურკვეველი ბედი - რას უპირებს აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობა გალში, ოჩამჩირესა და ტყვარჩელში მცხოვრებ ქართველებს?

რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, გალსა და ოჩამჩირეში მცხოვრები ქართველების "დოკუმენტაციის მოწესრიგების" საკითხი კვლავ აქტუალური გახდა. ადგილობრივი ე.წ. დეპუტატი ალხას კვიცინია აცხადებს, რომ "გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის მოსახლეობის პასპორტიზაციის თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს".

შეგახსენებთ, რაულ ხაჯიმბას ე.წ. პრეზიდენტობის დროს, მსგავსი საკითხების წამოწევას ანქვაბი-ბჟანიას გუნდი მიუღებლად მიიჩნევდა და გალის მოსახლეობის შევიწროებად აღიქვამდა. როგორც ისინი აცხადებდნენ, ადგილობრივ ქართველებს სრული უფლება აქვთ, იქ იცხოვრონ, ბევრი მიზეზის გამო, "თუნდაც იმიტომ, რომ მათ იქაურობა 90-იანი წლების ომის შემდეგაც არ დაუტოვებიათ და კიდევ - გალის მოსახლეობას აფხაზეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. მათი იზოლაცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს, პირიქით, მათი ინტეგრაციისთვის ყველანაირი ნაბიჯი უნდა გადაიდგას", - აცხადებდნენ ანქვაბი-ბჟანიას გუნდის წარმომადგენლები.

მაშინ აფხაზეთის მოსახლეობა მათ განცხადებებს წინასაარჩევნო პიარს უწოდებდა, რადგან ხაჯიმბას ოპონენტებს კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ გალის რაიონი ხმების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე სარფიანი ადგილი იყო. სწორედ ამით აიხსნებოდა მათი ხშირი ვიზიტი გალის რაიონში.

"გავიდა დრო და ასლან ბჟანიას მთავრობაც მიადგა გალს, როგორც კუნძულს, რომელსაც ქართული მხარისგანაც ბარიერი აშორებს და დანარჩენ აფხაზეთშიც მისი ინტეგრაცია ვერა და ვერ მოხერხდა", - წერენ აფხაზები ბოლო დღეებში გალსა და ოჩამჩირეში შექმნილ ე.წ. დოკუმენტაციურ გაუგებრობასთან დაკავშირებით.

"აფხაზეთის ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ 2014 წელს იმსჯელა ამ საკითხის გარშემო და მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის მოსახლეობის პასპორტიზაცია უნდა მოწესრიგებულიყო, რაც ჩემი აზრით, დაუფიქრებელი გადაწვეტილება იყო და მასში უამრავი შეცდომაა. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ საქმე ეხებათ იმ ადამიანებს, ვინც აქ ცხოვრობდა, მაგრამ აფხაზების წინააღმდეგ იბრძოდა? - ეს საკითხის ერთი მხარეა. თუმცა არის მეორე მხარეც - ის მშვიდობიანი მოსახლეობა, ვინც აფხაზეთსა და აფხაზებს ეხმარებოდა. ჩვენ არ ვაძლევთ მათ პასპორტებს, ფორმა N9-ს... ასეთი დამოკიდებულება საზოგადოების შიგნით უთანხმოებასა და კითხვის ნიშნებს იწვევს... ამიტომ რაღაც ერთიანი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, რათა ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს", - აცხადებს კვიცინია.

გალის რაიონის ე.წ. დეპუტატი ოლგა ბელოუსოვა "პარლამენტის სპიკერს", ვალერი კვარჩიას მიმართავს, განიხილონ გალის რაიონის მოსახლეობის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხები. მისი თქმით, როდესაც ვლადისლავ არძინბამ სამურზაყანოს მოსახლეობას დაბრუნებისკენ მოუწოდა, ის მათ მტრებად არ მიიჩნევდა.

"ჩვენ გვსურს იცოდეთ, რომ 2016 წელს ჩვენი პასპორტების ანულირებით, მხოლოდ მოქალაქეობა კი არ წაგვართვით, დაგვამცირეთ კიდეც, რადგან ჩვენს შვილებს მომავალი წაართვით. ისინი აქაურ სკოლებში სწავლის პერსპექტივას ვერ ხედავენ, განათლების მისაღებად საქართველოში მიდიან, სადაც მაღალი დონის განათლებას იღებენ, სპეციალობებს ეუფლებიან და უკან აღარასდროს ბრუნდებიან", - აცხადებს ბელოუსოვა, რომლის მიმართვასაც Апсадгьыл-инфо-ავრცელებს.

მისივე თქმით, გალელი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან გუდაუთის კოვიდ-ჰოსპიტალში პაციენტების გადასარჩენად და ადამიანების რაიმე პრინციპით შერჩევა მიუღებელია.

"აფხაზეთში "ცხოვრების უფლების" დოკუმენტის გაცემასთან სეგრეგაციული მიდგომა ადგილობრივი, ძირძველი მოსახლეობის უფლებას კიდევ ერთხელ არღვევს. ამ გართულებული სიტუაციის გამო, მოსახლეობის ნაწილი იძულებულია საცხოვრებელი სახლი დატოვოს, რადგან სხვა გამოსავალს ვერ ხედავს. აფხაზეთის ხელისუფლების პოლიტიკა და მიდგომა გალის რაიონის პასპორტიზაციასა და აფხაზეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, არაჰუმანურია. როგორ შეიძლება შენი ხალხი "შენიანებად" და "უცხოებად" დაყო?" - აცხადებს ბელოუსოვა.

ადგილობრივების თქმით, გალის ქართველობის (ისინი გალის მოსახლეობას ყოველთვის "მინგრელცებად" მოიხსენიებენ) თემის კიდევ ერთხელ წამოწევას რამდენიმე ახსნა შეიძლება ჰქონდეს, - პირველი, როგორც ჩანს, გართულებული პანდემიური ვითარების გამო, ქართული მხარისგან რაღაც "მასშტაბურის მოთხოვნას" გეგმავენ; მეორე - ენგურის ხიდის გახსნის შემდეგ იციან, რომ გალის მოსახლეობის დოვლათი ქართული ბაზრებისკენ დაიწყებს დინებას და ცდილობენ, ეს როგორმე შეაფერხონ.

ახლა რეგიონში კოვიდ-პანდემია, ფაქტობრივად, უკონტროლოა, რამაც გართულებული სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა და ხელმძღვანელობას ყურადღების სხვა თემაზე გადატანა სჭირდება, ამიტომ გალის მოსახლეობას მიადგნენ. კიდევ ერთი, მომდევნო არჩევნებამდე ჯერ შორია და მანამდე ცდილობენ, გალის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის მოსახლეობის საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარონ.

"პასპორტიზაციის თემა რომ ისევ წამოსწიეს, ვიცი, მაგრამ ჯერ მეტი არაფერი უთქვამთ. როცა სიტუაცია მწვავდება და ყურადღების გადატანა სჭირდებათ, მაშინ ვახსენდებით. არ ვიცი, ასეთი შერჩევა, ვინც იბრძოდა წავიდეს და ვინც არა, დარჩეს - ადრე არასდროს გამიგია", - ამბობს ambebi.ge-სთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.

"ყველამ ვიცით, რომ ამ 30 წლის განმავლობაში გალის რაიონის დანარჩენ აფხაზეთთან ინტეგრაცია ვერ მოხერხდა. ისინი ყოველთვის უცხოებად მიიჩნეოდნენ და ასეა ახლაც. ამაში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი, მათაც და ქართულ მხარესაც. საბოლოოდ კი, ყველაფერი იმით დასრულდება, რომ გალის რაიონი ბიუჯეტში კარგა მოზრდილ თანხას შეიტანს და ყველაფერი ცოტა ხნით ჩაწყნარდება", - წერს ივან გიცბა abkhaz-auto.ru-ს კომენტარებში.

"ველური ტომივით ვიქცევით, როცა გვინდა მტრები არიან, როცა არა - მოყვარე და ჩვენიანები. რა დაუშავა ამ ხალხმა ამ 30 წლის განმავლობაში აფხაზეთს ისეთი, რაც ჩვენ, ან ჩვენს კორუმპირებულ მთავრობას არ დაუშავებია? რის გამო მივიჩნევთ მეორეხარისხოვან ადამიანებად მათ, ვინც ომის შემდეგ დაიბადა? მათ არც პასპორტი აქვთ, არც მოქალაქეობა. ამიტომაც მიდიან საქართველოში. ფაქტია, ჯერ ვერ ჩამოვყალიბდით სახელმწიფოდ", - წერს რიმა ხიშბა.

ორმხრივი სროლა სოხუმში, რომელიც ქემალ არძინბას ჩაცხრილვის ფაქტს უკავშირდება - აფხაზეთში ე.წ. ქურდული ომები გრძელდება

რუსი ტურისტები დე ფაქტო აფხაზეთთან "საზღვრის" ჩაკეტვას მოითხოვენ - რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

"ერთ-ერთი ცხედარი, რომელიც თბილისში გადმოასვენეს და ექსპერტიზა ჩაუტარდა, კოტე ანდრიაძეა..." - ჟურნალისტი აფხაზეთის ომის გმირთან უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს