ავტორი:

"როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი" - მთავარი მესიჯები კახა კალაძის გამოსვლიდან

"როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი" - მთავარი მესიჯები კახა კალაძის გამოსვლიდან

არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მისი კანდიდატურის დასახელებისას გააკეთა.

თბილისის მერის თქმით, მისი პოლიტიკური კარიერის ჩამოყალიბებაში წვლილი მის ოპონენტებსაც მიუძღვით.

„აქვე მინდა მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს - თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში. არამარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდი წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებდა თითოეულ მის წამოწყებას.

„ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებდა თითოეულ ჩემს წამოწყებას. ეს არის ასევე თბილისის მერიის გუნდი - ჩემი მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, საკრებულოს წევრები, ათასობით გულანთებული თანამშრომელი. ეს ადამიანები ხშირად არ ჩანან, მაგრამ ჩანს მათი გაკეთებული საქმეები. დღეს ჩვენთან ერთად არიან მეტროს მემანქანე, ავტობუსის მძღოლი, მეეზოვე, მებაღე, მერიის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თბილისზე და თბილისელებზე. მადლობა მათ თბილისის სიყვარულისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ამ მიმართულებით სვლას არ შეწყვეტს.

„რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა ქალაქის მერად კენჭისყრა შემომთავაზა. მქონდა დიდი ვალდებულების გრძნობა თბილისელებისა და მთელი ქვეყნის წინაშე. ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის - არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე, როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაში შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ.

არცერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით განვაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის მთავრობის ამოცანა პირველივე დღიდან, თბილისში ახალი სიცოცხლის შემოტანა და ქალაქის განვითარებაა.

„ქალაქის სათავეში დიდი ამბიციით მოვედით. გადაწყვეტილი გვქონდა, ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული პრობლემები მოგვეგვარებინა და ქალაქი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გვინდოდა, თბილისში ახალი სიცოცხლე შემოგვეტანა. დავგეგმეთ და დავიწყეთ დიდი რეფორმები - მტკივნეული, არაპოპულისტური, მაგრამ შორსმიმავალი და პერსპექტიული, მომავლის თბილისზე გათვლილი. იმის შეგრძნება, რომ თითქმის 30-წლიანი ქაოსის შემდეგ ცდილობ, დედაქალაქში, გარკვეულ სისტემაში სხვადასხვა სექტორი მოაქციო, შეუთავსო ერთმანეთს, განავითარო და სწორ გზაზე დააყენო, ყველაზე დიდი სიამოვნება და დადებითი მუხტია ჩემთვის. როცა პოლიტიკის კეთებასთან ერთად, ყოველდღიური საქმის კეთება გიწევს, რომელიც ხედავ, როგორ წაადგებათ ადამიანებს, როგორ მოიხმარენ შენი შრომის შედეგებს, როგორ ვითარდება და ხორცს ისხამს შენი ჩანაფიქრი - ეს საოცრებაა. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლება ინატროს დედაქალაქის მერმა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასე შეიქმნა „სიცოცხლით სავსე ქალაქის“ კონცეფციაც, რომელიც თბილისისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებას მოიცავდა.

"თბილისის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს, ერთი მხრივ, ჩართულობა პროცესში, მეორე მხრივ, ზრუნვა მასზე, ყოველდღიური და თვალსაჩინო. ჩვენ შევიტანთ სიცოცხლეს ყველა რაიონში, გავშლით მთლიან ფრონტის ხაზს თბილისელების კეთილდღეობისთვის.

მაშინ, როცა განახლება უკვე დაწყებულია, ამჯერად ჩვენი ყოველდღიური მუშაობის შედეგი ბევრად უფრო მოცულობითი, ბევრად უფრო ხელშესახები გახდება თითოეული თბილისელისთვის. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ წლების მანძილზე შეიქმნა ქალაქის მასშტაბით, მივიტანოთ თითოეულ უბანში, თითოეულ მოქალაქესთან და თბილისის ყველა უბანი გავხადოთ კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო ლამაზი და სიცოცხლით სავსე", - განაცხადა კახა კალაძემ.

ზურაბ ჯაფარიძე მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად ითანამშრომლოს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

LIVE - ეთერშია გადაცემა ”რეზიუმე"