ავტორი:

საქართველოში ელჩობიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილეობამდე  - რას ამბობდა ჯონ ბასი საქართველოზე და როგორ უჭერდა მხარს "პალიტრა მედიას"

საქართველოში ელჩობიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილეობამდე  - რას ამბობდა ჯონ ბასი საქართველოზე და როგორ უჭერდა მხარს "პალიტრა მედიას"
  • ფოტოზე: ჯონ ბასი "მედია პალიტრაში"

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი ამერიკის პრეზიდენტის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. აღნიშნულ პოზიციაზე ბასი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკვე წარადგინა.

ჯონ ბასი, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტის საგარეო სამსახურის ინსტიტუტის უფროსი მრჩეველია, სხვადასხვა დროს იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში, ავღანეთში, თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და ეკავა მაღალი თანმდებობები სახელმწიფო დეპარტამენტში.

57 წლის ამერიკელ დიპლომატს დამთავრებული აქვს სირაკუზის უნივერსიტეტი. 1988 წელს ის შეუერთდა ამერიკის საგარეო სამსახურს და დიპლომატიურ მისიას. 1998 წელს მუშაობდა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან და გახლდათ ევროპასა და ევრაზიაში პირველი სპეციალური წარმომადგენელი. ჩართული იყო კოსოვოს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

2009-2012 წლებში იყო აშშ-ის ელჩი საქართველოში, 2014-2017 წლებში კი აშშ-ის ელჩი თურქეთში. ჯონ ბასი საუბრობს ინგლისურ, იტალიურ და ფრანგულ ენებზე.

  • ჯონ ბასი და საქართველო

საქართველოში მოღვაწეობის განმავლობაში და მას შემდეგაც, ჯონ ბასი აქტიურად უჭერდა მხარს ჩვენს ქვეყანას.

"საქართველო არის გარდამავალ ეტაპზე მყოფი საზოგადოება - საზოგადოება, რომელსაც აქვს ოკუპაციისა და ტოტალიტარული მთავრობის ისტორია, ასევე რამდენიმე მრავალწლიანი კონფლიქტი უახლეს ისტორიაში. ამ მემკიდრეობის პრობებში გარდაქმნა კი მეტს მოითხოვს, ვიდრე გარკვეული რაოდენობის კანონების მიღება, ან გარკეული რაოდენობის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრობაა. გაცილებით რთულია კულტურის შეცვლა - შეცვლა იმისა, თუ როგორ ფიქრობს ხალხი, როგორ ესმით მათ ურთიერთობები მთავრობასა და მოქალაქეებს, მთავრობასა და სხვადასხვა ორგანიზაციებს შორის, ასევე მედიის როლი თავისუფალ საზოგადოებაში...“, - ამბობდა ჯონ ბასი რადიო "თავისუფლებასთან“ ინტერვიუში.

დიპლომატმა 2015 წელს ჩვენს ქვეყანას სოციალურ ქსელში დამოუკიდებლობის დღე ამ სიტყვებით მიულოცა - "საქართველოს გაუმარჯოს! მე მოუთმენლად ველოდები იმ დღეს, როდესაც მთელი საქართველო და მისი ბევრი მეგობარი ამ დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის სოხუმის, ცხინვალის და ახალგორის ტერიტორიებზეც აღნიშნავს.“

განსაკუთრებით ემოციური აღმოჩნდა საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულების დროს მისი გამოსამშვიდობებელი წერილი, რომელიც ქართული სიტყვებით იწყებოდა - "მე მიყვარს საქართველო.“

"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამ ლამაზი, მიმზიდველი ქვეყნის დატოვება. ვინმე იფიქრებს, რომ აქ ძალიან ბევრი პოლიტიკაა ერთ სულ მოსახლეზე. მე ვიტყოდი, რომ ეს აჩვენებს, როგორ ღრმად განიცდიან ქართველები თავიანთ მომავალს. მე და ჰოლი ვტოვებთ საქართველოს, მაგრამ არ ვამბობთ კარგად იყავით, რადგან საქართველოს პატარა ნაწილი მიგვაქვს ვაშინგტონში. დიდი პატივი და პრივილეგია იყო ჩემთვის, რომ წარმოვადგენდი აშშ-ს საქართველოში. ჩვენს მეგობრებს და ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს ვუსურვებ მშვიდობას და შესაძლებლობას, რომ აირჩიონ თავიანთი მომავალი. მე მჯერა, რომ საქართველოს ნათელი დღეები წინ აქვს", - წერდა ჯონ ბასი.

  • ჯონ ბასი: "პალიტრა მედია“ უნიკალური მოვლენაა...“

"პალიტრა მედიას“ თანამშრომლებს ახსოვთ ამერიკელი დიპლომატის უპრეცედენტო მხარდაჭერა 2010-2011 წლებში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების პირობებში მედიისთვის რთული პერიოდი იყო.

"ინტერპრესნიუსის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი ბაია ცანავა "პალიტრა მედიაში" ჰოლდინგში ჯონ ბასის ვიზიტსა და მის მხარდაჭერას იხსენებს:

"2010 წელი იყო, როცა ბატონი ჯონ ბასი ეწვია მედიასახლ "პალიტრას“. ეს იყო ერთ-ერთი ურთულესი პერიოდი ქართული მედიისთვის მაშინდელი ხელისუფლების პირობებში. ჩვენ ვიყავით მათი მხრიდან ყოველმხრივი შეტევის ობიექტი. ჯონ ბასი სტუმრობის შემდეგაც იყო ჩვენთან კონტაქტზე, კითხულობდა და გვეკითხებოდა არსებული სირთულეების შესახებ.

მან საჯაროდ დააფიქსირა, რომ მედიასახლში მოსვლით გამოგვიცხადა სოლიდარობა, რაც უპრეცედენტო მხარდაჭერა იყო. ურთულესი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ძალიან კარგად მახსოვს მისი გამამხნევებელი ფრაზები და საჯარო გამოსვლაც, მან მედიასახლის ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარი და ასეთი რამ თქვა: "ჩემი კარიერის განმავლობაში ძალიან ბევრ ჟურნალისტთან და მედიასაშუალებასთან მქონია ურთიერთობა და ეს მედიასახლი, ეს გამომცემლობა ძალიან საინტერესოა თავისი სპეციფიკით, "ინტერპრესნიუსი“, "კვირის პალიტრა“ და ა.შ. ახერხებთ, რომ იყოთ დემოკრატიის ნაწილი, ეს ინფორმაციული ინსტრუმენტები, რაც თქვენ გაქვთ, გამოიყენოთ ასევე, როგორც ბიზნესი და აქციოთ მომგებიან საშუალებად.

ეს არის უნიკალური მოვლენა ისეთ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო- პატარა ქვეყანა მცირე ეკონომიკითა და განსხვავებული საზოგადოებით. სწორედ ეს არის თქვენი წარმატების საწინდარი“.

ზუსტად მახსოვს ეს ციტატა. კიდევ ერთხელ ვამბობ, გარდა იმისა, რომ ჯონ ბასი დაინტერესდა მედიასახლით, გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი მხარდამჭერი განცხადებები ჩვენი მისამართით იმ ძალიან მძიმე წლებში.

ყოფილ ელჩს უფრო მეტ კარიერულ წინსვლას ვუსურვებ. ჯონ ბასი ძალიან სასიამოვნო ადამიანია. სხვათა შორის, პირველი პრეცედენტი იყო, როცა ელჩი ეწვია მედიასაშუალებას. მინდა გითხრათ, რომ ეს არა ჩვენი, არამედ მისი ინიციატივა იყო მას შემდეგ, რაც იმ სირთულეების შესახებ შეიტყო, რაზეც იმ დროისთვის საჯაროდ ვლაპარაკობდით", - ამბობს ბაია ცანავა.

P.S. აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 2011 წელს, როდესაც ერთდროულად, "პალიტრა მედიის“ 6 ორგანიზაციაში საგადასახადო სამსახური შევიდა. რა თქმა უნდა. ჰოლდინგი არ იყო საგადასახადო შემოწმების წინააღმდეგი, მაგრამ 6 ორგანიზაციაში ერთდროულად შესვლის ფაქტმა, გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს იყო იმჟამინდელი ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიება, რაც დამოუკიდებელი და ობიექტური მედიასაშუალების ჩახშობას ისახავდა მიზნად. ამის კონკრეტული მიზეზი კი გახდა "პალიტრა მედიის" მიერ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების მწვავედ და კრიტიკულად გაშუქება.

"პალიტრა მედიას“ მაშინ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა გამოუცხადა თანადგომა, ჰოლდინგის ეზოში სპონტანურად მოდიოდნენ ადამიანები მხარდაჭერის გამოსახატად. თუმცა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა აშშ-ს საელჩომ, რომლის წარმომადგენლები იმ კრიტიკულ სიტუაციაში ესტუმრნენ ჰოლდინგს და ღიად გამოთქვეს თავისი პოზიცია. საბოლოოდ, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ უკან დაიხია.

"თუ კახა კალაძე გაერთო სხვა კონკურენტების შეურაცხყოფით, შეიძლება ელექტორატი მელიასკენ გადაიხაროს" - როგორ აფასებენ ექსპერტები მერობის კანდიდატების შანსებს?

თბილისში ოპოზიციის ერთი ნაწილის მერობის კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება

ზურაბ ჯაფარიძე მზადაა, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად ითანამშრომლოს