ამიერიდან მთელი საქართველოს მასშტაბით გარემოს დანაგვიანება, ადმინისტრაციული კანონის თანახმად, უმკაცრესად - სოლიდური ჯარიმებით დაისჯება! სისუფთავეზე ზრუნვას რა სჯობს, მაგრამ არცთუ იშვიათად, პრობლემა საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ნაგავსაყრელებისა თუ ბუნკერების ნაკლებობა, გაუმართაობა ან არარსებობაა. მკითხველთა შეკითხვებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პასუხობს.
მკითხველი ბესო:
ვიცით, რომ ვთქვათ, მანქანიდან რაიმე ნარჩენის გადმოგდებაზე ჯარიმა 200 ლარი იქნება! იქნებ ამიხსნათ, რის საფუძველზე დგინდება ამხელა თანხა? როცა საქართველოში პენსია 90 ლარია და საარსებო მინიმუმი ცოტათი მეტი! არ ვამბობ, რომ ჯარიმა არ უნდა არსებობდეს გარემოს დაბინძურებისთვის, მაგრამ ევროპელებს ჯარიმების დაწესებაში რომ ბაძავთ, იქნებ შეადაროთ იქაური ხელფასები და ცხოვრების დონე ქართულს და მერე დაადგინოთ ჯარიმის ოდენობა...
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებების სალონებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრას, ინიციატივა მოამზადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ. სამინისტროს ვერსიით, ავტომობილიდან ნაგვის გადაყრის შემთხვევაში, მძღოლის ჯარიმის ოდენობა 40 ლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, დიფერენცირება კანონის დამრღვევებს შორის არ უნდა იყოს. თუ ქვეითად მოსიარულე, დანაგვიანების შემთხვევაში, 200-ლარიან ჯარიმას გადაიხდის, ამავე ოდენობის ჯარიმა უნდა დაეკისროს მძღოლსაც. კონტროლს გარემოს დაცვის ინსპექცია განახორციელებს და დასუფთავების წესების დარღვევაზე კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გააძლიერებს.
შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 146-ე მუხლი არეგულირებს დასუფთავების წესებს და ამ წესების დარღვევის შემთხვევაში გამოწვეული ჯარიმებს (მუხლი მოქმედებს 2006 წლის 29 დეკემბრიდან).
კოდექსის მიხედვით, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზებზე, მდინარეებში, ტბებში და მათ ნაპირებზე, ფერდობებსა და ხევებში, პარკებში, გაზონებში, ეზოებში, სპორტულ მოედნებზე, ავტოსადგომებთან, ბაზრებთან ან სხვა ადგილებში დაყრის, ნაგვის გატანის და დასუფთავების წესების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირები 200 ლარით, ხოლო იურიდიული პირები, დაწესებულებები და ორგანიზაციები 1000 ლარით დაჯარიმდებიან. განმეორებით შემთხვევაში, გარემოს დაბინძურება, ფიზიკური პირი 500 ლარით, იურიდიული პირი კი - 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
მკითხველი ხვიჩა:
პატივცემულებო, ეს კანონი კარგია, მაგრამ როგორ უნდა მოახერხოთ მთელ საქართველოს რეგიონში მისი გაკონტროლება? მე ვცხოვრობ ერთ-ერთ რაიონში, სადაც სანაგვე ყუთიც კი არ არის. კვირაში ერთხელ მოდის ნაგვის მანქანა და ხალხი ნაგავს მაშინ ყრის. უბანი მტვერსა და ნაგავს მიაქვს. როცა უბანში ნაგავსაყრელები არ არის, ხალხი სიგარეტს ჯიბეში ხომ არ ჩაიქრობს?
რეგიონებში აღნიშნული საკითხები რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. კანონის მე-16 მუხლი განმარტავს, რომ მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება დასახლებებში ქუჩების დასუფთავების, კანალიზაციის, ნაგავსაყრელების მოწყობის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების საკითხებთან დაკავშირებით.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში არის მარტივი ტიპის ნაგავსაყრელები. რაც შეეხება, ნაგვის მანქანებისა და ურნების არასაკმარის რაოდენობას, ადგილობრივი თვითმმართველობები პასუხისმგებლები არიან დასახლებულ პუნქტში ამ საკითხების მოგვარებაზე და 2010-2011 წლებში ყველა მუნიციპალიტეტში ეტაპობრივად იგეგმება ურნებისა და სპეციალური ტექნიკის შეძენა.
მკითხველი გამი:
საქართველოს ყველა ქალაქში საპირფარეშოების პრობლემაა, (რომ არაფერი ვთქვათ სანაგვე ურნებზე). იქნებ ჯერ ეს მოეგვარებინათ მუნიციპალიტეტებს და შემდეგ ეზრუნათ დაჯარიმებაზე?! ყველა ხის ძირას მაკონტროლებელს ხომ არ დააყენებენ?
ეს პრობლემა, როგორც თქვენც აღნიშნავთ, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ეხება. მხოლოდ თვითმმართველი ერთეულია უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება დასახლებებში ქუჩების დასუფთავების, კანალიზაციის, ნაგავსაყრელების მოწყობის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების საკითხებთან დაკავშირებით.
მკითხველი დათო:
თბილისში, მრავალსართულიან ბინაში რემონტის გაკეთების შემდეგ სად უნდა წავიღოთ სამშენებლო ნაგავი?
ფიზიკურ პირს სამშენებლო ნაგვის გადასაყრელად შეუძლია მიმართოს მერიის დასუფთავების საქალაქო სამსახურს და მათთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში უზრუნველყოფენ ნარჩენების გატანას.
მკითხველი სოსო:
დედაქალაქის სისუფთავის მხრივ განსაკუთრებულ პრობლემას სიგარეტის "ბიჩოკები" ქმნის, რომლებიც ყველგან ყრია. ნამწვის გადაგდებაზეც თუ იქნება ჯარიმა და რა ოდენობით?
ჯარიმა როგორც ნამწვის გადაგდებაზე, ასევე ყველა სახის ნარჩენზეა. დღეს მოქმედი კანონით ჯარიმა 200 ლარია.
მკითხველი გია:
მე მწეველი ვარ და ვაღიარებ, რომ სიგარეტის ნამწვს ქუჩაში ძირს ვაგდებ. ეს არ მიმაჩნია კულტურულ საქციელად და ვნანობ, მაგრამ ამის გამო დაჯარიმება უსამართლობა მგონია. აბა, სად უნდა დავაგდოთ სიგარეტის ნამწვი - სანაგვე ურნაში? იქ ხომ ნაგავს ცეცხლი გაუჩნდება და უარესი იქნება? მაშინ დიდი საფერფლეები უნდა დადგან ქალაქში...
კითხვის შინაარსიდან გამომდინარე თავს შევიკავებთ პასუხის გაცემისგან.